
სიცოცხლე დაუბრუნეს
მაყვალა მორჩილაძე გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთშია დაბადებული. 20 წლისაც არ იყო, როცა შუახეველ რეზო ცეცხლაძესთან ერთად ოჯახი შექმნა. 35 წელი ერთად იცხოვრეს. რეზოს გარდაცვალების შემდეგ ოჯახის სიმძიმე, 5 შვილის პატრონობა მაყვალამ ითავა. ოჯახზე ზრუნვას საზოგადოებრივ საქმიანობას უხამებდა. წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, 2005 წლამდე შუახევის რაიონულ გაზეთებში („დროშა“, „შუახევის მოამბე“, „ცისკარი“) ჟურნალისტად მუშაობდა.
რაიონულ გაზეთ „ცისკრის“ დახურვის შემდეგ, შუახევის კულტურის ცენტრში დასაქმდა, სადაც ბოლომდე მუშაობდა, სანამ თავისი მძიმე დიაგნოზის შესახებ შეიტყობდა. დიდი ნებისყოფა, მტკიცე ხასიათი, სირთულეებისადმი შეურიგებლობა, ბრძოლისუნარიანობა, სიცოცხლისადმი სწრაფვა დაეხმარა, რომ 75 წლის ასაკში უკურნებელი სენი დაემარცხებინა.
ერთ წელზე მეტია, მაყვალა მკურნალობის კურსს გადის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში ექიმ ელენე კობიაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი რეკომენდაციებით. მაყვალა მორჩილაძე მადლობას უხდის მკურნალ ექიმსა და სამედიცინო პერსონალს პროფესიონალზმისთვის, რამაც მას ჯანმრთელობის აღდგენის ძალა და საშუალება მისცა.
თამაზ მგზავრიძე