სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
By

სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა რეგულარული, პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება შესაძლოა ისევ აღდგეს. ინიციატივა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, 5 ნოემბერს განიხილეს.

იდეა კომიტეტის წევრმა ლადო კახაძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ მოსწავლეთა ჯანმრთელობის პერიოდული მონიტორინგი მნიშვნელოვანი იქნება როგორც პრევენციული ღონისძიება, ასევე, მომავალში ჯარში გაწვევისა და სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის საჭირო ფიზიკური მზაობის შესაფასებლად.

„კარგი იქნება, თუ სკოლებში პროფილაქტიკურ შემოწმებას დავაბრუნებთ. ეს იქნება პრევენციული ნაბიჯი არა მხოლოდ ჯარისთვის მზაობის, არამედ დიდი სპორტის მიმართულებითაც. უნდა შემოწმდეს მხედველობა, სმენა, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და ენდოკრინული სისტემები. უკვე დავაბრუნეთ სკოლის ექიმი, შემოვიტანეთ „ექიმის საათი“, ახლა საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა, რომ ბავშვი იყოს განათლებული, ფიზიკურად ჯანმრთელი და საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველი“, – განაცხადა დეპუტატმა ლადო კახაძემ.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კანონპროექტი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც წვევამდელთა დამატებითი სამედიცინო კვლევების ჩატარებას ეხება. კახაძის თქმით, სკოლებში შემოწმების დანერგვა მომავალში გაამარტივებს სამხედრო კომისიების საქმიანობასაც, რადგან თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომი იქნება ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ.

„პროფილაქტიკური შემოწმება გაზრდის მზრუნველობას და შეამცირებს იმ შემთხვევებს, როცა პათოლოგია მოგვიანებით, უკვე კომისიების ეტაპზე ვლინდება“,  აღნიშნა დეპუტატმა.

საკითხს მხარი დაუჭირა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიციატივა არა მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა, არამედ მომავალში ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციასაც შეუწყობს ხელს.

„ეს თემა არაერთხელ იყო განხილვის საგანი. საკითხს კომიტეტი დამატებით შეისწავლის და რეკომენდაციის სახით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაუგზავნის,“ — განაცხადა ლაშხმა.

ინიციატივის დამუშავების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს სკოლებში შეიქმნას სისტემა, სადაც ყოველი მოსწავლის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად განახლდება  სკოლის ექიმის ზედამხედველობით.

მშობელი თამარ გათენაძე ინიციატივას პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ სკოლებში პროფილაქტიკური შემოწმების დაბრუნება საჭირო და დროული ნაბიჯია.
„თუ სკოლაში ბავშვი ჯანმრთელი და დაკვირვებულია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მომავალ თაობაზე ზრუნავს. ბევრი ბავშვის პრობლემას დროულად აღმოვაჩენთ, იქნება ეს მხედველობა, სმენა თუ გულ-სისხლძარღვთა დარღვევა. ეს ინიციატივა პრევენციულია და არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ განათლების სისტემის ინტერესშიც შედის,“ – ამბობს ის.

საპირისპირო შეხედულება აქვს მშობელ ნინო ბალაძეს, რომელიც მიიჩნევს რომ განათლების სისტემამ პირველ რიგში საკუთარ უშუალო ვალდებულებებს უნდა მიხედოს: „სამედიცინო ანამნეზი კონფიდენციალურია. სამწუხაროა, მაგრამ სკოლა ხშირ შემთხვევაში ჭორიკნების ბუდეა. დღეს ექიმი ჩაატარებს შემოწმებას, ხვალ დირექტორი ყველას ეტყვის, ვის რა პრობლემა აქვს. მიხედონ სწავლების ხარისხს, ბუფეტებს, ანტისანიტარიას, გაყინულ საპირფარეშოებს. მშობელი თვითონ მიხედავს ბავშვის ჯანმრთელობას. სკოლამ გააკეთოს ის, რაც მის მოვალეობაში შედის.

ინიციატივა მისაღებად მიაჩნია გელა თავდგირიძეს, თუმცა თვლის, რომ ის მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, როცა სკოლებში არსებული სხვა პრობლემებიც მოგვარდება.
„პროფილაქტიკური შემოწმება თავისთავად ცუდი იდეა არ არის, მაგრამ სანამ სკოლის საპირფარეშოები არ არის მოწესრიგებული, გათბობა არ მუშაობს და ბუფეტში ბავშვი ჯანსაღ საკვებს ვერ მიირთმევს, სხვა ინიციატივებს აზრი ნაკლებად ექნება. ჯერ ჰიგიენაზე, კვებაზე და უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, შემდეგ დანარჩენზე“ – ამბობს მშობელი.

საზოგადოებაში მოსაზრებები, როგორც ყველა თემაზე, აქაც განსხვავებულია. ნაწილი მიესალმება ინიციატივას და მას მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე ნაბიჯად მიიჩნევს, სხვები კი სკოლის პირდაპირ მოვალეობებსა და არსებული პირობების გაუმჯობესებას უფრო პრიორიტეტულად თვლის.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *