
სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. იგი ფარული კენჭისყრის ფორმატით ტარდება და მასში როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები მონაწილეობენ. ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმავე სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს – თითო მათგანს თითო ხმა. კენჭისყრის პროცესი დღეს, 14 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი და განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრი. საერთო ჯამში, საბჭოში შეიძლება იყოს 6-დან 12 წევრამდე. მათი უფლებამოსილების ვადა 3 წელია.
სამეურვეო საბჭო წარმოადგენს სკოლის მმართველი სტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს. იგი მონაწილეობს დირექტორის არჩევის პროცესში, განიხილავს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, გრძელვადიან გეგმებსა და შინაგანაწესს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აძლევს რეკომენდაციებს სკოლის ადმინისტრაციას.
საბჭოს მთავარი მიზანია, სკოლის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა.