სმარტფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი ,,აჭარული კინო-ამბები“ დასრულდა
By

სმარტფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი ,,აჭარული კინო-ამბები“ დასრულდა

მწერალმა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა ვახტანგ გოგრაჭაძემ სამი წლის წინ სათავე დაუდო სმარტფილმების ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალს ,,აჭარული კინო-ამბები“. წამოწყებამ გამოხმაურება მალევე ჰპოვა სათანადო წრეებში. წელს გამართულ ფესტივალზე აფრიკის, აზიისა და ევროპის 10-მდე ქვეყნის ახალგაზრდებმა 75 ფილმი წარმოადგინეს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოდან – ნინო გელოვანი, რეჟისორი, პროდიუსერი და ჟურნალისტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (მისი კვლევა ეხება სატელევიზიო სერიალის რეჟისურის სპეციფიკას. პროფესიული გამოცდილება მოიცავს კინემატოგრაფიულ და ვიზუალური მედიის პროექტებს. არის უცხოენოვანი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის, ასევე, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და ხუთი წიგნის რედაქტორი. მუშაობს სრულმეტრაჟიან ფილმებზე, სარეკლამო რგოლებზე, მუსიკალურ კლიპებსა და დოკუმენტურ ფილმებზე, რომლებიც აღიარებულია და მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჯილდოები); თურქეთიდან – ერდალ ქუჩუკი (ელიზბარ ცივნარიძე), რეჟისორი, პროდიუსერი (2000 წელს შექმნა პირველი ქართული ვებპლატფორმა თურქეთში – chveneburi.net, რომელიც დღემდე ავრცელებს ინფორმაციას საქართველოზე, ქართულ ენასა და კულტურაზე, აქტიურად იყო ჩართული ქართული დიასპორის საინფორმაციო და კულტურულ საქმიანობაში – რადიო „ჩვენებურების“ მაუწყებლობაში, ჟურნალ „ჩვენებურების“ და ორენოვანი ჟურნალის „ფიროსმანის“ გამოცემაში. მისი ინიციატივით და თურქეთის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, თურქეთის საჯარო სკოლებში დაამტკიცეს ქართული ენის სასწავლი პროგრამა V-VIII კლასებისთვის, რის შედეგადაც ქართული ენა დღეს სწავლების არჩევით საგნადაა წარმოდგენილი. ქართული კულტურის განვითარებისა და დიასპორული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია ოქროს საწმისის ორდენით 2015 წელს); ესპანეთიდან – ნატალი მ. სტიუარტ-ფოქსი, პროდიუსერი, ტალანტ-მენეჯერი, საერთაშორისო ბიზნეს და მარკეტინგის სპეციალისტი, საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის და საერთაშორისო დიასპორული ფესტივალის, საერთაშორისო ტალანტ-კონკურსების დამფუძნებელი ესპანეთსა და საქართველოში; ეგვიპტიდან – ჯონ შეჰატა გერგესი, ეგვიპტელი რეჟისორი და SFX სპეციალისტი (აქვს ათ წელზე მეტხნიანი გამოცდილება კინოს, სარეკლამო და ვიზუალური ეფექტების სფეროში. კარიერა დაიწყო 2015 წელს და 2018 წელს დაჯილდოვდა ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ, როგორც სახელოვნებო, სასცენარო და კინემატოგრაფიული სამყაროს სამაგალითო წარმომადგენელი. თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა: Coca Cola, Indie და Netflix-ი, მუშაობდა პროექტებზე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღის ბოლოს“ ნაჩვენები იყო 14 ქვეყანაში, მათ შორის ჰოლივუდში, ესპანეთში, იტალიაში, ჩინეთსა და თურქეთში, არის მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, წელს ჯილდო მიიღო მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე. მიჰყავს ლექციების კურსი, ასევე, ასწავლის ვიზუალურ ეფექტებსა და კინემატოგრაფიას საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ეგვიპტის სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში.

 

ჟიურის წევრები ორი დღის განმავლობაში არჩევდნენ საუკეთესო ფილმებს. ფესტივალის მონაწილეებთან ერთად, ისინი აჭარის მთიანეთის ისტორიული ძეგლებითა და სხვა ღირსშესანიშნაობებითაც დაინტერესდნენ, იყვნენ სოფელ ხაბელაშვილებში, ანსამბლ „ჭვანის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ტარიელ ბოლქვაძის ოჯახში.

ფესტივალის დასკვნითი დაჯილდოების ცერემონია დაბა შუახევის საჯარო სკოლის დარბაზში შედგა. მონაწილეების წინაშე წარმოდგენილი იყო მარიამ ახალბედაშვილისა და საბა გოგრაჭაძის ფილმები: „კარტებს მიღმა“ და „იანვრის რვა“. ღონისძიების წამყვანებმა ნარგიზ ავილოვმა და ანასტასია დავითაძემ სცენაზე ფესტივალის ორგანიზატორებს ვახტანგ გოგრაჭაძესა და ეთერ ფარჩუკიძეს უხმეს, რომლებმაც ფესტივალის მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დამსწრეთ მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, ახლად არჩეულ შუახევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატი იაგო დავითაძე, აჭარის კულტურის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ბლადაძე, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი მაია დავითაძე. მათ მადლობის ბარათები გადასცეს ღონისძიებაში აქტიურად ჩართულ მხარდამჭერებს, მომღერლებს: თამარ ფარჩუკიძეს, გურანდა დოლიძეს, ქორეოგრაფიული ანსამბლების „ფესვებისა“ და „მერცხალის“ ხელმძღვანელებს ბადრი დარჩიძესა და ჯამბულ დავითაძეს.

 

ცერემონიის კულმინაცია გამარჯვებულების დაჯილდოება იყო. გრან პრი უმცროს კატეგორიაში ერგო მარიამ ახალბედაშვილის ფილმს „კარტებს მიღმა“. გრან პრი უფროს კატეგორიაში – ელენე კურტანიძის ფილმს – „ჩემი მეგორები“, აღნიშნული ფილმების რეჟისორები 1000-1000 ლარით დააჯილდოვეს.

საუკეთესო რეჟისორი უმცროს კატეგორიაში გახდა ელინა მიშანიჩი (უკრაინა) ფილმისთვის ,,ქალაქი“; საუკეთესო მსახიობი გოგონები – პოლინა კრივოხიზნა და სოფია კარმალიტა;      საუკეთესო რეჟისორი უფროს კატეგორიაში – საბა გოგრაჭაძე ფილმისთვის ,,იანვრის რვა“. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ანრი მუთიძის ნამუშევარმა ,,მოხუცები“; საუკეთესო კომედიად დასახელდა ქუთაისის №31-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თათა აბულაძის ფილმი ,,რატომ სკოლა“; ნომინაციაში საუკეთესო სოციალური თემატიკა და ჰუმანურობა გაიმარჯვა ფილმმა ,,მეტყველი“, რეჟისორები: მარიამ აბაშიძე, ნიკოლოზ ვერძაძე, თათია გოგიტიძე; საუკეთესო სოციალური თემატიკა და ჰუმანურობა – ფილმმა ,,არა ძალადობას“, რეჟისორი ელენე მიქელაძე; ნომინაციაში ,,კულტურული მემკვიდრეობა“ – რეჟისორმა ნინი კაკაბაძემ ფილმისთვის ,,ქალები ყვავილებით“; ნომინაციაში ,,კულტურული მემკვიდრეობა“ – რეჟისორმა ნინო გოგიტიძემ ფილმისთვის „ტრადიცია“. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა მარიამ გურგენიძის ფილმმა ,,ზიარეთი“ (ქედა); საუკეთესო საბავშვო ფილმი გახდა ირინე დავლაძის „ჩაიფიქრე“; საუკეთესო ანიმაცია – ნიკა მელაძის ,,დაუდევრობა“ (ხულო); საუკეთესო იდეა – ფილმი ,,ქვეყანა ქირით“, რეჟისორები: საბა გაბაიძე და ზაურ ბერიძე.

 

ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს ბენდმა ,,117“, მომღერლებმა თამარ ფარჩუკიძემ, გურანდა დოლიძემ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა: ,,ფესვები“ და ,,მერცხალი“.

ფესტივალს აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები თინათინ დოლიძე, ქეთევან გოგინავა და ნანა შაინიძე ესწრებოდნენ. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულია, ფინანსური მხარდამჭერი – შუახევის კულტურის ცენტრი.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *