სოფელში პრობლემას რა დალევს. . .
სიყვითლე შეეპარა მესხეთის, აჭარა-შავშეთის ქედებზე არსებულ ფოთლოვან ტყეებს. მაღალ მთებში უკვე ორჯერ მოთოვა. არ იქნება გასაკვირი, რამდენიმე დღეში თოვლი სკვანის, ნადაბურის, კალოთისა და ხიხაძირის ტერიტორიებზეც დადოს. ბუნების ჭირვეულობას ჩვეული მოსახლეობა ზამთრისთვის თადარიგს იჭერს. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიხაძირის ადმინისტრაციულ ერთეულში გურამ ხალვაში ზამთრისთვის მოსამზადებელ და სხვა სამუშაოებზე გვესაუბრება.
– ცოტაც კიდევ და მთიანი აჭარის და მათ შორის ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტერიტორია ზამთრის საბანს დაიხურავს. უძველესი და ისტორიული დასახლებების მოსახლენი ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოებით არიან დაკავებულნი. დაბინავებულია ჭირნახული, როგორც იტყვიან, დასაკრეფი დაიკრიფა, დასაბერტყი ჩამობერტყეს, ყანებიდან მოწეული დოვლათი ბეღლებში დააბინავეს. ახლა შეშის ტყიდან გამოტანით არიან დაკავებულნი. შეშისა და სამასალე მერქნის გამოტანაზე ნებართვები ცოტა დაგვიანებით გაიცა.
– ამინდების ჭირვეულობის გამო მოსავალს ბევრგან ემდურიან, თქვენთან რა მდგომარეობაა?
– ხიხაძირელ კაცს წუწუნი არ უყვარს, გაწეული შრომაც სათანადო შედეგს ტოვებს. ისაა პრობლემა, რომ სოფლები ცარიელდება. რამდენიმე წლის წინ, ამ თანამდებობაზე რომ მოვედი, ზამთრობით სოფლებში 450-მდე მოსახლე რჩებოდა. წინასწარი გათვლებით, წელს აქ 155-მდე მოსახლე აპირებს ზამთრის გადატანას. მოსახლეობის შემცირებამ მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობაც შეამცირა. თხა და ცხვარი იშვიათობად იქცა.
– პირუტყვის მოვლა-შენახვის პირობები ახლა უკეთესია, რატომ მიდის საქმე გაუარესებისკენ?
– მე ის დროც მახსოვს, როცა მთებში საავტომობილო გზებიც არ შედიოდა. ახლა ყველგან მოწესრიგებულია ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილება, ყველა ალპურ საძოვარზე მთის სახლები დენით უწყვეტად მარაგდება. წელსაც მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა სარიჩაირის მთაში ელექტრომეურნეობის მოსაწესრიგებლად. აქ ზაფხულს ხიხაძირელებთან ერთად დანდალოელები და ცხმორისელები ატარებენ.
– მთა სარიჩაირზე, ხიხაძირში, კალოთასა და სკვანაში ახალი სახლები ჩაიდგა, ეს სასიხარულო ამბავია. . .
– რაც თავი მახსოვს, სტიქიისა და სხვა მოვლენების გამო მოსახლეობა მთიანი სოფლებიდან მიდის. ასეულობით მოსახლემ გაიჩინა საცხოვრისი მარნეულის, ქარელის რაიონების, კახეთისა და გურიის რეგიონების ტერიტორიებზე. სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ რომ იმართებოდა, ქარელიდან – სამწევრისიდან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლიც კი ჩამოჰყავდათ. იქიდანაც კი ბევრმა აჭარის ბარის სოფლებსა და ბათუმში მოიწყო საცხოვრისი. აჭარის ბარის სოფლებში მცხოვრებლები ადგილის დედასთან კავშირს მთლიანად არ წყვეტენ და ვისაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს, მთაში კოტეჯებს, სოფლებში სახლებს იშენებენ. ეს მისასალმებელი პროცესია. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ ხალვაშის ინიციატივით, ხიხაძირში აბუსერისძე ტბელის მუზეუმი გაკეთდა. ბატონმა რამაზმა სასტუმროც გახსნა. მამისეული კერის გაცოცხლება ითავა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წლებში ხიხაძირში და სხვა სოფლებშიც ბიბლიოთეკები გააუქმეს. მხოლოდ ხიხაძირში აღადგინეს კულტურის ეს კერა და ის დღე ზეიმად იქცა. იმ დღეს სოფელს აჭარაში მომუშავე მწერლები და პოეტები ესტუმრნენ და წიგნებიც ამოგვიტანეს. ეს თანადგომა ახლაც გრძელდება. პოეტი გულიკო გაბაიძე ხიხაძირელია და სოფელს ამ მიმართებით თანადგომას არ აკლებს. იგივე ითქმის გაბაიძეთა გვარის ეთნარქ ჯამბულ გაბაიძეზე. ისიც კარგად მახსოვს, რომ ძნელბედობის წლებში სახალხო დღესასწაულ „ტბელობის“ ხარჯები ხიხაძირიდან წასულმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს. ისინი ხელმოკლე ოჯახებს, შშმ პირებს თანადგომას არ აკლებენ.
– სხვა სოფლებში რა მდგომარეობაა?
– მხოლოდ სკოლებს ვინარჩუნებთ.
– ხიხაძირი ცეკვით და სიმღერით განთქმული იყო, ალბათ ტრადიცია გაგრძელდება. . .
– სოფელში კულტურის სახლის ახალი შენობის აგება, თოფუზ გაბაიძის, ენვერ ხალვაშის, სერგო ჯაიანის ხელოვნება სწორედ ამის წინაპირობაა. ხიხაძირული„ ხორუმი“ ისევ იდგმება სცენაზე, რაშიც ლომის წილი შეაქვს ქორეოგრაფ სოსო ხალვაშს. იგი ძალიან განიცდის, როცა ანსამბლის ნორჩი წევრები მშობლებთან ერთად სოფელს ტოვებენ, ამიტომაც მუდამ ენერგიულ შრომასა და მუდმივ ძიებას ახმარს მინდობილ საქმეს. ანსამბლის წევრები მეტწილად ხიხაძირის სკოლის მოსწავლეები არიან.
– საუკუნოვანი სკოლის მატერიალურ ბაზაზე რას იტყვით?
– ხიხაძირის სერგო ჯაიანის სახელობის სკოლა ჩვენი სახე და სახელია. მას გასულ წელს აღდგენიდან 100 წელი შეუსრულდა. კიდეც დავიტრაბახებ, რომ რეაბილიტირებული სკოლის შენობა თვალსაჩინოებებითა და სასწავლო ფართობით საუკეთესოა ხულოში. მე ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლე რომ ვიყავი, პარალელური კლასები გვქონდა, ახლა სკოლაში 50-მდე მოსწავლეც აღარ ჰყავთ. ხიხაძირელებმა, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სასურველ სტუმრებთან ერთად საუკუნოვანი იუბილე მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ვიზეიმეთ. ეს სიხარული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმაც გაიზიარა. ის ამ რანგში სოფელს პირველად სტუმრობდა. მადლობა მას ლხინის გაზიარებისთვის. სკოლების ნორმალური ბაზებია კალოთასა და სკვანაში, თუმცა კონტინგენტს იქაც უჩივიან.

– კალოთაში შემონახულ ეკლესიის ნაშთებს რა ბედი ეწია?
– სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დროზე მიუსწრო და აღადგინა. ახლა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორია რჩება მოსაწესრიგებელი. ხიხაძირშიც გვაქვს თიკანაურის ეკლესიის ნაშთები. კარგი იქნება, თუ მისი რესტავრაცია-კონსერვაცია განხორციელდება.
– საქართველოს მასშტაბით, იმდენი ისტორიული ძეგლი არსადაა, რამდენ თქვენს ხეობაში. მათი რესტავრაცია-კონსერვაცია რა ეტაპზეა?
– ჩვენი ხეობისთვის საამაყოა ხიხანის ციხე, იგი ხომ ყველასათვის საინტერესო და სილამაზით განთქმულია. ბოლო წლებში მისი რესტავრაცია-კონსერვაცია განხორციელდა. ციხეზე მისასვლელი ბილიკი კიბეებით შეივსო. წელს უამრავი ტურისტი გვეწვია როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, ისე უცხოეთიდან. ითქვა, რომ უნდა გაკეთებულიყო საბაგირო ბაკოდან ხიხანის ციხემდე. ეს სიახლე ფასდაუდებელი საჩუქარი იქნება ხიხაძირელებისთვის. სარესტავრაციოა ვარდციხე და ციხიყელი. ხიხანის ციხის მსგავსად, ეს ისტორიული ძეგლები ვიზიტიორებს გაამრავლებს. ჩვენი ინიციატივით, ეს ციხეები ხე-ბუჩქებისგან რაღაც დონეზე კი გავწმინდეთ, მაგრამ საკმარისად ვერ მივიჩნევთ, კომპეტენტური ორგანოებიდან თანადგომას ველოდებით.
– წლებია მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ახლა სალიქოშანი-ხიხაძირის მონაკვეთია მოსაწესრიგებელი. ამ პროექტზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– დაწყებული სამუშაოების დასრულების მოლოდინში ვართ. ხეობის მოსახლეობას მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის მიმართ. თავის დროზე მისი ინიციატივით შეკეთდა და ასფალტის საფარი დაიგო ზამლეთი-სხალთის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე, შემდეგ სამუშაოები განახლდა და მოასფალტებული გზა სალიქოშანამდე მოვიდა. ახლაც მისი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის იმედზე ვართ. ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები 35-40 კილომეტრითაა მოშორებული ხულოს ცენტრს, ბათუმს კი 100-110 კილომეტრით. მოსახლეობას ძვირი უჯდება ტრანსპორტით მიმოსვლა. კარგი იქნება ბათუმი-ხიხაძირის მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, ისიც დღეჩაგდებით.
ოთარ ცინარიძე