სოციალურად დაუცველთა ბაზა გადამოწმების ეტაპზე გადადის
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზის გადამოწმებას იწყებს. ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, პროცესის მთავარი ამოცანაა, ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერას.
მისი ინფორმაციით, ამჟამად სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 185 ათასზე მეტი ოჯახი, ხოლო მათი წევრების რაოდენობა 710 ათასს აჭარბებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგისტრირებულთა ნახევარზე მეტი ფულად დახმარებას არ იღებს, თუმცა სხვადასხვა სოციალური შეღავათით სარგებლობს.
სარჯველაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ორჯერ გაიზარდა ის ქულის მაჩვენებელი, რომელიც სოციალური შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება რომ არ განხორციელებულიყო და დახმარება შედარებით შეძლებული ოჯახებისთვის არ გავრცელებულიყო, დღეს შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 120 ათასი იქნებოდა, ნაცვლად არსებული 185 ათასისა.
მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, ბაზასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი შექმნა. მისივე განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოჯახების გადამოწმება პრაქტიკულად არ ტარდებოდა. შედეგად, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აღარ აქვთ.
მინისტრის თქმით, გამოვლენილია არაერთი ანომალიური შემთხვევა – მათ შორის, ოჯახები, რომლებმაც ბოლო თვეებში ათეულობით ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს, ან მოკლე პერიოდში ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს, მათ შორის, 2024 წელს გამოშვებული მანქანები.
სარჯველაძის განცხადებით, არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავდა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს და ქმნიდა რიცხვებით მანიპულირების შესაძლებლობას. „დროა, წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს. ამ მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო გადადის ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზაზე. ჩვენი მიზანია, დახმარება მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც ის ნამდვილად ეკუთვნით“, – განაცხადა მინისტრმა.