
„სპარის“ 96-ე მარკეტი შუახევში გაიხსნა
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქვეყნის ბაზარზე შპს „დეილი“ (დირექტორი დავით კუხალაშვილი) 2014 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებსა თუ დაბებში, „სპარის“ სახელით, მაღაზიათა ქსელის გახსნა დაიწყო. „დეილის“ სასურსათო მაღაზიებს მრავალი მომხმარებელი ჰყავს აჭარის მასშტაბითაც. ობიექტები მოქმედებს ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ახალშენში. 2020 წლის მიწურულს შუახევშიც ამოქმედდა „სპარის“ მაღაზია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული ქსელის რიგით 96-ე მარკეტია.
100 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი ახალი მარკეტი. აქ მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებში შეუძლია 100-ზე მეტი დასახელების საკონდიტრო ნაწარმი, პურფუნთუშუელი, ძეხვეული, გაზგამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, ნახევარფაბრიკატები შეიძინოს. ხარისხი, მოხმარების ვადის დაცვა, პროდუქტის საიმედოობა „სპარის“ მესვეურთა მთავარი საზრუნავია. შუახევის ფილიალში მენეჯერობა ახალგაზრდა სპეციალისტ მირიან ზოიძეს ანდეს. მასთან ერთად სამუშაოს უძღვებიან ქრისტინე ჯოიძე, გიორგი, ქეთი დავითაძეები, შორენა ზოიძე და თარაშ ქამადაძე.
დაბა შუახევში სასურსათო პროდუქტების კიდევ რამდენიმე მინიმარკეტი და ჯიხური მოქმედებს. ახლად გახსნილი მსხვილი მარკეტი ეგებ იმის წინაპირობაც გახდეს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურებმა სისტემატურად გააკონტროლონ პროდუქტების ვარგისიანობა, რა პირობებში ინახება მალფუჭებადი სურსათი, ხომ არ იყიდება ვადაგასული პროდუქცია. იქნებ ფასებზეც დაწესდეს გარკვეული ზღვარი, რადგან, სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში ფასები ზემაღალი გახდა. არსად ისე ძვირად არ იყიდება ხორბლის ფქვილი, შაქარი და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტები, როგორც შუახევის ცენტრში არსებული ობიექტებში.