18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
სპექტაკლი, რომელიც აშიშვლებს რეალობას
By

სპექტაკლი, რომელიც აშიშვლებს რეალობას

 

„სიყვარულის ფილოსოფია“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. მასზე რეჟისორმა კოტე აბაშიძემ იმუშავა. სპექტაკლი, რომელშიც ურთიერთობის ნგრევის ფილოსოფიური მექანიზმი სცენაზეა გამოტანილი, მოგვითხრობს წყვილის ისტორიას, მათ სიყვარულს, ღალატს, თამაშს რეალობის დასაფარად. შეიძლება ითქვას, სცენა ერთგვარი ბრძოლის ველია, სიუჟეტის კომედიური თუ დრამატული მონაცვლეობით, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული წყვილის ისტორიას აშიშვლებს, არამედ გადმოსცემს იმ რეალობას, რაც ხშირ შემთხვევაში არაერთი წყვილის ცხოვრებაში ხდება. ბევრი დგას დილემის წინაშე, ბოლომდე დაიცვას, ასაზრდოოს ერთ დროს სიყვარულით შექმნილი ოჯახი, თუ წერტილი დაუსვას ღალატსა და თავის მოტყუებას, რომ თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. „სიყვარულის ფილოსოფია“ ერთგვარი სარკეა, რომელშიც ყველა ის მანკიერება ჩანს, რაც ოჯახის „შიდა სამზარეულოში“ შეიძლება ხდებოდეს.
– სპექტაკლზე მუშაობის პროცესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე მეგობრები ვართ, თამაში არ გაგვჭირვებია, ძალიან მარტივად შევედით როლში. ჩემი პერსონაჟი მილი მაკელზია, მარვინ მაკელზის მეუღლე, რომელთანაც სიყვარულით შექმნა ოჯახი. შემდეგ ყველაფერი დრამატულად განვითარდა, რადგან მას უღალატეს, უთხრეს, რომ ვარდისფერი სათვალე ეკეთა და ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოუდგენია. ჩემი პერსონაჟი საზოგადოებას ეუბნება, რომ როდესაც მეორე ნახევარს სიყვარულით, სითბოთი, მზრუნველობით ექცევი, არ უნდა იყო გულუბრყვილო, თვალი უნდა აახილო, ოდესღაც მაინც დაინახო ის რეალობა, რაშიც ცხოვრობ, ყოველთვის იასამნისფერი სათვალეებით არ უნდა უყურო ყოველდღიურობას. . . თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ურთიერთობა არ უნდა მოვკლათ. უნდა ვასაზრდოოთ სიყვარული, რომელიც მცენარესავითაა, თუ წყალს არ დაუსხამ, დაჭკნება, – გვითხრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დიპლომანტმა შორენა სიხარულიძემ.
ერთობლივი ნამუშევრის მნიშვნელობაზე, სპექტაკლის შერჩევის სპეციფიკაზე რეჟისორმა კოტე აბაშიძემ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და ხულოს დრამატული თეატრის ხელმძღვანელებს საინტერესო და საჭირო პროექტისთვის, რომელიც სამომავლოდ, არაერთ მსახიობს გაუზრდის პროფესიულ თეატრებს.
– ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომ ხელოვნების უნივერსიტეტი კოლაბორაციას იწყებს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. ზოგადად, უნივერსიტეტის ამოცანაა მსახიობების გაზრდა პროფესიული თეატრებისთვის, მაგრამ ეს, როგორც წესი, ხდება მაშინ, როდესაც ისინი უნივერსიტეტს ამთავრებენ. ამ შემთხვევაში კი შედგა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა – დამამთავრებელი კურსის მსახიობების სახელმწიფო თეატრებთან ინტეგრაცია სადიპლომო ნამუშევრით დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს მოწვეულმა რეჟისორმა გააკეთა. 4 წლის განმავლობაში ბავშვები ერთ პედაგოგთან მუშაობენ და სასურველია, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თუ არა, ორ სხვადასხვა რეჟისორთან მაინც ჰქონდეთ ნამუშევარი. ასე რომ, პედაგოგიური თუ პროფესიული თვალსაზრისით, ეს პროექტი ძალიან სასარგებლო იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, მის რექტორს, ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ ბოლქვაძეს მოწვევისთვის. ეს სადიპლომო ნამუშევარი არ მთავრდება უნივერსიტეტის სცენაზე, ის გადავა იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, შევა მათ რეპერტუარში. ამავდროულად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა არტისტების პროფესიულ დაოსტატებას, რაც ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის. აღნიშნული სპექტაკლი ნილ საიმონის პიესის „კალიფორნიული სიუიტა“ მიხედვით დავდგით. ეს არის მასალა, სადაც ჟანრი განიცდის ტრანსფორმაციას – იწყება როგორც ვოდევილამდე მისული კომედია და გადადის დრამატულ, შემდეგ კი ტრაგიკულ ჟანრში. ასეთი ცვალებადობა ერთი სპექტაკლის განმავლობაში ხშირად მაღალი კლასის არტისტებსაც უჭირთ. ეს დიდი რისკია, მაგრამ მე ამ ახალგაზრდებთან ნამუშევარი მაქვს, ვიცი მათი პოტენციალი, შესაბამისად, გავრისკეთ. თუ მაყურებელთა შეფასებებს დავეყრდნობით, გამოგვივიდა კიდეც. მადლობა მსახიობებს, მაყურებელს, ყველას, ვინც გულწრფელი შეფასებები და აპლოდისმენტები არ დაიშურა, – აღნიშნა რეჟისორმა კოტე აბაშიძემ.
სპექტაკლმა როგორც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ხულოს პროფესიულ სახელმწოფო დრამატულ თეატრში ანშლაგით ჩაიარა. საზოგადოებამ ახალგაზრდების სადიპლომო ნამუშევარი დადებითად შეაფასა და არაერთი წარმატება უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
– სპექტაკლში, რომელიც ახალგაზრდების სადიპლომო ნამუშევარია, ჩვენი დასის წარმომადგენელი გიორგი გახარია თამაშობს, ასევე, ორი მსახიობი, რომელთაც დიპლომის დაცვა ჰქონდათ დღეს. ისინიც ხულოს დრამატული თეატრის მსახიობები გახდებიან. ეს ნიშნავს, რომ სპექტაკლი ხულოს დრამატული თეატრის რეპერტუარშიც იქნება. ეს კოპროდუქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახალგაზრდებს მოუწიათ სხვა რეჟისორთან მუშაობა, რაც მათ პროფესიულ თეატრებში მუშაობას გაუადვილებს. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, რომლებსაც წინ ძალიან საინტერესო პროფესიული გზა ელოდებათ. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ემსახურება ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, რათა მათ წარმატებებს მიაღწიონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, – აღნიშნა იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა თამაზ ბოლქვაძემ.
სპექტაკლში „სიყვარულის ფილოსოფია“ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომანტები შორენა სიხარულიძე და თეკლა ჯიჯავაძე, მსახიობი გიორგი გახარია მონაწილეობენ. რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება კოტე აბაშიძეს ეკუთვნის, ჯგუფის ხელმძღვანელი, რეჟისორი თამაზ ბოლქვაძეა, ასისტენტ-პედაგოგი – მანანა ხელაია, დამდგმელი მხატვარი – აკაკი ჯაში, ქორეოგრაფი – თამარ ბერიძე, რეჟისორის თანაშემწე კი ბუხუტი აბულაძეა.
ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *