სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის პირველ კლასში რეგისტრაციის დამატებითი ვადა განისაზღვრა
By

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის პირველ კლასში რეგისტრაციის დამატებითი ვადა განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ.

„II ეტაპის ფარგლებშიც რეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომელთა:

და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში;

მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

მათთვის რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 24 აპრილს და დასრულდება 8 მაისს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ, ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგეხსენებათ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, გამონაკლისის სახით, 2026–2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

იმისთვის, რომ რეგისტრაციის ყველა ეტაპი შეუფერხებლად განხორციელდეს, მიღებულია გადაწყვეტილება პირველი და მეორე ეტაპის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით.

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *