
სპორტის სასახლეში შიდა პირველობები დაიწყო
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში შიდა პირველობები დაიწყო. აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურად სასწავლო წლის ბოლოს იმართება და სასახლეში არსებულ სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს. მსგავსი ღონისძიება ბავშვებს მოტივაციის ამაღლებაში, სპორტულ მიღწევებსა და ნიჭის გამოვლენაში ეხმარება, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და სპორტული კულტურის განვითარებას. ტურნირში მონაწილე სპორტსმენები თავიანთი მომზადების დონესა და სულისკვეთებას წარმოაჩენენ, რაც სპორტის სასახლის წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს. შიდა პირველობები ასევე, მნიშვნელოვანია სპორტსმენთა კომპლექსური განვითარებისთვის, ახალგაზრდა სპორტსმენთა ინტერესის კიდევ უფრო მეტად გაღვივებისთვის.
13 და 14 ივნისს შეჯიბრებები კრივსა და სპორტულ ტანვარჯიშში გაიმართა, 15 ივნისს კი სპორტულ ცეკვებში, ჭადრაკსა და ქართულ ჭიდაობაში.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.