სტივენ დაუთი: რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ ეუთოს 2025 წლის მინისტერიალზე რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანოს. მისი თქმით, მოსკოვის ქმედებები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
დაუთის გამოსვლაში მკვეთრად გაჟღერდა უკრაინის საკითხიც. მინისტრმა რუსეთის მიერ 2022 წელს დაწყებული „უკანონო და არაპროვოცირებული ომი“ კიდევ ერთხელ შეაფასა როგორც ჰელსინკის დასკვნითი აქტის დარღვევა და ხაზი გაუსვა, რომ ომმა მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების დაღუპვით, დანაწევრებითა და იძულებითი დეპორტაციებით. მისივე თქმით, ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და უკრაინის ბავშვთა დაბრუნების პროგრამისთვის დამატებით 2.8 მილიონ გირვანქას გამოყოფს.
მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს ქმედებებს, რომლებიც „ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციას“ ემსახურება კიბერთავდასხმებით, საჰაერო სივრცის დარღვევებითა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციით. სწორედ ამიტომ, დაუთიმ კვლავ მოუწოდა რუსეთს, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებით გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და მოლდოვადან.
მინისტრი შეეხო უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გარშემო მიმდინარე პროცესებსაც და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ფონზე „რეალური პროგრესი“ შეინიშნება, თუმცა პუტინის დესტრუქციული ქცევის გამო, შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება. მისი თქმით, მთავარი ამოცანა მაინც ძლიერი, მშვიდობიანი და აღდგენილი უკრაინის მხარდაჭერაა და ეუთო მზად უნდა იყოს ამ პროცესში ჩასართავად.