
სტიპენდიის გაცემა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. პროგრამა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. წელს, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება.
შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის პრიორიტეტია რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
,,ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდები ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას მოახმარენ. აჭარის მთავრობა გააგრძელებს წარმატებული სტუდენტების დახმარებას სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ასევე, რეგიონში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრულად 1000-ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სტიპენდიის გაცემას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
გალერეა

