სტრასბურგის სასამართლომ სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა
By

სტრასბურგის სასამართლომ სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა

 

საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“ ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა, რითაც გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია.

მომჩივნები ამ საჩივრით ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე მიკერძოებული გახლდათ. ამასთან, ფირცხალავას და Y-ის შეფასებით, მოსამართლე შ.თ. კანონის შესაბამისად არ იყო დანიშნული, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან  მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის გატარებული რეფორმები. კერძოდ, სხვებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა; მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერება; კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად დაიხვეწა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.

შეგახსენებთ: ირაკლი ფირცხალავას მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება უკავშირდებოდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. ირაკლი ფირცხალავა დამატებით ამტკიცებდა, რომ მისი სისხლის სამართლის პროცესი არასამართლიანად წარიმართა, რადგან მას  შესაძლებლობა არ მიეცა, დაეკითხა ყოფილი თანაბრალდებულები და სხვა მოწმეები და ეფექტიანად გაებათილებინა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. შესაბამისად, ირაკლი ფირცხალავას დამატებითი საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *