სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ საქმეზე განხილვა დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგი) ე.წ. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.
საიას თავმჯდომარის თამარ ონიანის განცხადებით, ორგანიზაციამ აღნიშნული კანონი 2025 წელს გაასაჩივრა ექვსი მომჩივნის სახელით, მათ შორის, სამი ორგანიზაციისა და სამი ფიზიკური პირის.
მისივე თქმით, სადავო კანონი არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას.
საჩივარში საია დაობს, რომ კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის: გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო ყველა აღნიშნულ მუხლთან მიმართებით და როგორც ონიანი აღნიშნავს, შესაძლოა მას მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს, რაც მის პრიორიტეტულ განხილვას გულისხმობს.
სასამართლომ უკვე მიმართა სახელმწიფოს შეკითხვებით, მათ შორის, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორება ან კრიტიკული ხმების შეზღუდვა.
საიას შეფასებით, აღნიშნული საქმე შესაძლოა პრეცედენტული გახდეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სხვა ქვეყნებისთვისაც.