
სტუდენტებში ბიზნესუნარების გაძლიერებისთვის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე და აჭარის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი ნინო ჭილაია ეწვივნენ.
შეხვედრაზე თანამშრომლობის ფორმატი და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები განიხილეს. საუბარი შეეხო სტუდენტებისთვის ტრენინგებისა და პრაქტიკული პროგრამების ჩატარების შესაძლებლობებს, რაც მომავალში მათ ბიზნესუნარების გაძლიერებასა და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესის ხელშემწყობ პროექტებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებაა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში სააგენტოსთან გაიხსნა აჭარის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.