სული, რომელიც სტრიქონებში აგრძელებს სიცოცხლეს – ცისანა ანთაძე
By

სული, რომელიც სტრიქონებში აგრძელებს სიცოცხლეს – ცისანა ანთაძე

სამუდამოდ დაიდო ბინა მკითხველთა გულებში

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლის, ყველასათვის საყვარელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ქალბატონი ცისანა ანთაძის გარდაცვალების გამო.   ქალბატონი ცისანას პოეზია  სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული, მაღალმხატვრული და სიტყვაუხვი ლექსების სამყაროა, სამყარო, სადაც პოეტი ბავშვობაში მოსმენილ ნაკადულის ხმებთან, გაზაფხულზე აფეთქებული ტყემლის კვირტების სილამაზესთან, წვიმიანი ბათუმის მელოდიასთან ერთად, აღწერს ჩვენი ქვეყნის, კუთხის, ქალაქის ისტორიულ ქარტეხილებსაც. მისი კალამი შეეხო ადამიანური ემოციების ისეთ სიღრმეებს, რომ ყველასთვის გახდა მშობლიური და სამუდამოდ დაიდო ბინა მკითხველთა გულებში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.   ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს თანაქალაქელებსა და სრულიად საქართველოს.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო

პოეტი, სიყვარულის, სინათლის, სიკეთის ადამიანი

 

აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა ქართულმა მწერლობამ – გარდაიცვალა თვალსაჩინო პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე  ცისანა ანთაძე.

დაიბადა 1940 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში. მიმდინარე წლის 4 ივნისს, 86 წლისა გახდებოდა თანამედროვეთაგან მარადიულ გოგოდ წოდებული პოეტი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, მათემატიკის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარაში“, აჭარის რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში; 1991-1996 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1996-2004 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარედ; 1995-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციას; 2004-2012 წლებში უძღვებოდა გაზეთ „აჭარა P.S.“-ის ლიტერატურულ რუბრიკას; იყო ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საპატიო ბათუმელი.
ცისანა ანთაძე მრავალი პოეტური კრებულისა და მონოგრაფიის ავტორია. მისი ლექსები შესულია არაერთ ანთოლოგიაში. ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ვლადიმერ ვისოცკის პოეზია.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პოეტი ცისანა ანთაძე დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს არაერთი სიგელით. მინიჭებული აქვს „რჩეული შემოქმედისა“ და „ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდება; არის სრულიად საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის, ასევე, ანა კალანდაძის, გიორგი ლეონიძის, ჯემალ აჯიაშვილის, ფრიდონ ხალვაშის პრემიების ლაურეატი.
წავიდა ჩვენგან ღვაწლმოსილი პოეტი, სიყვარულის, სინათლის, სიკეთის ადამიანი… წავიდა და, ტკივილთან ერთად, დაგვიტოვა მდიდარი შემოქმედება. მისი გულიდან წამოსული სტრიქონები ქართულ მწერლობას სასიცოცხლო მუხტს სძენდა მუდამ და იგივე მისიას შეასრულებს მომავალშიც, რადგან ნამდვილი ხელოვნების მდინარება არასოდეს იშრიტება.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია,
აჭარის მწერალთა სახლი,
სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „ჭოროხი“

უსპეტაკესი სულის ადამიანი

არაჩვეულებრივი ქალბატონი, უსპეტაკესი სულის ადამიანი, ერთგული, თავდადებული მეგობარი, სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის მთესველი, შეუპოვარი მებრძოლი, სამშობლოს ღირსების, წარსულისა და აწმყოს უპირობოდ დამცველი ყველგან და ყველა სიტუაციაში.
პოეტი – ნაღდი, ნამდვილი ქართული, მადლიანი სიტყვით სხვათა და სხვათა დამტკბობი. ენით მკვდარს გააცოცხლებდა და სამშობლოს მოღალატეს უშეღავათოდ დამარხავდა. ასე და ამგვარად შეიძლება გაგრძელება მისი პიროვნების წარმოსაჩენად.
სამწუხაროდ, აღარ გვყავს ჩვენი ცისო. ფიზიკურად, თორემ ცისიას რა დაგვავიწყებს, რა დაგვავიწყებს მის ხალას იუმორს, ერთად გადახდენილ ფათერაკებს…
ახლა, როცა ამას ვწერ, თვალწინ 80 წლის ცისო მიდგას, კაპადოკიაში აქლემზე ამხედრებული. ეჰჰ, ეჰჰ… მშვენება იყო ყველგან. მის გარეშე არც ერთ შემოქმედებით მივლინებაში არ წავსულვართ.
გვიყვარდა, ყველას გვიყვარდა – თითოეულ ჩვენგანს, მის კოლეგებს. შეიძლება მეტნაკლებად, მაგრამ ყველას.
მე კი მეჩვენება, რომ ჩემსავით ერთეულებს თუ უყვარდა… მივდივარ და წერილები გამატანეთო,  ხუმრობდა. წერილებს არა, ჩვენს გულისტკივილსა და ცრემლს ვატანთ ჩვენს ცისოს…
მშვიდობით, ჩემო ძვირფასო მეგობარო.
დავით თედორაძე,
საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე

 

,,ცისო, შე კაცებზე მაგარო!..“

 

ყოველთვის მეგონა, ღმერთივით სიტყვა მქონდა შენთვის გადანახული, რომელსაც ვეღარ ვპოულობ ახლა… სხვაა სადღეგრძელოში სათქმელი და გამოსათ-  ხოვარი სიტყვა, სულ სხვა… მეც გვიან მივხვდი, ადამიანი რომაა ადამიანის მთავარი სიმდიდრე… როგორ გაგვაღარიბე, ცისო… დრომ ლამისაა ნეკროლოგების მწერლებად გვაქციოს მეც და მთელი ჩემი თაობაც,- თვე არ გავა და კვირა, ვინმე არ გამოგვეცალოს ხელიდან. ალბათ ესაა ხანდაზმულობის ყველაზე დიდი ნაკლიც და სისასტიკეც…
– ცისო, შე კაცებზე მაგარო,- რამდენჯერ წამომცდენია… სულ იმაზე ფიქრობდი, როგორ დაგედგა სხვებისთვის გვირგვინი, საკუთარ კვარცხლბეკზე არასოდეს გიფიქრია… შენ ყველას ხნისა იყავი;  იქით შენზე უფროსებს – ფრიდონს და ზურაბს მიაჩნდი დად და თანამეინახედ, აქეთ კიდევ – შვილებზე უმცროს გოგო-ბიჭებს… გიყვარდა, როგორც მავანი იტყვის – ხან ბრმად და ხან თვალხილულად, სამაგიეროდ, არაფერი გესმოდა სიძულვილისა. ამიტომაც გენდობოდა ყველა – დიდიც და პატარაც, ღირსიც და უღირსიც… დიახ, რაღაც ძალიან მთავარში, გვჯობდი ყველას… მარადიულ გოგოს’ გეძახდი სულ და ახლა გაოგნებული ვდგავარ და ვფიქრობ, ნუთუ მართლა ჩამოიქცა კიდევ ერთი მყარი კედელი, რომელიც გვაშორებდა და გვიმალავდა სიკვდილს… დღემდე ზეპირად მახსოვს შენი საოცარი ლექსი, ულამა- ზესი კალიგრაფიით შესრულებული, 23 წლის ბიჭს რომ დამიწერე, ჩემი გზის დასაწყისში, დღეს კი ის ლექსიც აღმოვაჩინე, რომლითაც გამოეთხოვე ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანს – ჩემს მშობელივით ძმას, ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც უკვე შენც მოგიწევს სამუდამოდ დარჩენა. ერთი (ალბათ, არასანეკროლოგე) ამბავიც უნდა გავიხსენო იმ ძველი კომუნისტური ეპოქიდან: რაღაც დიდი ღონის- ძიების ფინალია ბათუმის დრამატულ თეატრში და გუნდმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი დააგუგუნა. როგორც წესი ითხოვდა, ხალხი სკამებიდან წამოიშალა. კი შემრცხვა ამდენი ნაცნობ-უცნობის, მაგრამ, სახეზე ხელები ავიფარე და ჯიუტად არ ვდგები… კარგა ხანს გაგრძელდა ჰიმნი და მეც, თითებს შორის დარჩენილი მცირე სივრციდან, თვალი მოვავლე იქაურობას, მთელი დარბაზი ფეხზე დგას და უცებ, ჰოი, საოცრებავ, ვიღაც ერთი ჩემსავით ზის მოპირ- დაპირე იარუსზე და ჩემკენ იხედება, დავაკვირდი და ცისანა ანთაძე ვიცანი…
ცისო, შენ მართლა უხდებოდი ამ ქალაქს, ამ კუთხეს, ამ ქვეყანას – შენი ლექსით, შენი ადამიანობით, მამული შვილობით უპირველეს ყოვლისა… პირველმა ელდამ რომ გამიარა, ვთქვი თუ ვიკითხე – ბოლოს და ბოლოს მივდივართ თუ მოვდივართ?! და თითქოს დავმშვიდდი კიდეც… დიახ, მალე ყველა ერთად მოვიყრით თავს და როცა შენი სიტყვის დრო მოვა,  ისევ წაგვიკითხავ ალბათ:
,,ასე შემოდიოდა პოეზია ბათუმში’’…
ვახტანგ ღლონტი
01.03.2026.

„ღვთაებრივი წვეთი იყავი…“

„ვიცი, რომ წვიმის ერთი წვეთი ვარ”… ჩემო ცისანა, ეს ყრმობიდანვე იცოდი, მაგრამ უჩვეულო და ღვთაებრივი წვეთი რომ იყავი, მერე გააცნობიერა ყველამ, როცა ბათუმს და მთელ საქართველოს შენი ლექსის მწიფე სურნელი მოედო. ასე მგონია, ამ დილას წვიმამაც მოგისაკლისა და ტირის …ამ ტირილნარევ ხმას შენი ხმა უერთდება და ლექსად იღვრები, როგორც ყოველთვის…

„გიახლოვდები, ცაო მაღალო

და ვერცხლის მთვარე – ძველი ტოტემი,

შემოდის სულში, ვით საქართველო,

მოაქვს იმედი და იტოტება.

გზები ხსნილია აღდგომისათვის,

ძველ სადგურებში ისმის გოდება,

ამოჰყავს ცრემლებს საქართველოს მზე,

მოაქვს იმედი და იტოტება“.

… ვინ თქვა პოეტის გარდაცვალება… სული უკვდავი მარად იცოცხლებს… ასე იყო და ასე იქნება.

შეხვედრამდე, მეგობარო!

გენრიეტა ქუთათელაძე

 

მე მინდა გითხრათ სამძიმარი...

მახსოვს, სოფლელი ბიჭი, გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ გახვეული ლექსებით, აჭარის მწერალთა ორგანიზაციაში პირველად რომ მივედი, ლექსების განხილვისას ისეთი ქარ-ბორია დამატყდა მწერლებისგან, ცისანა ანთაძის გამოქომაგება რომ არა, ალბათ ზღვას მივაკითხავდი თავის დასახრჩობად…

ცისომ (ასე მივმართავდით ყოველთვის) იქით შეუტია თავდამსხმელებს, პოეზიაში თქვენი შემოსვლა გაიხსენეთ და მერე დატუქსეთ ეს ბიჭი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო „უსინათლო გოგონას ლოცვა მომაკვდავი დედის გამო“ ეყოფა, რომ წავახალისოთ, შევაგულიანოთ და გზა დავულოცოთ პოეზიაშიო…

მახსოვს, ჩემი პირველი წიგნი – „თეთრი ქორწილი“ რომ დაიბეჭდა, ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკაში ყველაზე პირველად ცისომ დამილოცა, ხუთი ბოთლი „საეროთი“ და მისი ნახელავი ხაჭაპურებით. მაშინ ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ ბრწყინვალე ქალბატონი და პოეტი, ცისანა ანთაძის უახლოესი მეგობარი დავარ გიგინეიშვილი.

მახსოვს…

სამშობლოდან დევნილი ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთში რომ აფარებდა თავს, ცისომ მომაკითხა, ზვიადთან მივდივარ და ხომ არ წამოხვალო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე წასვლა, რაც დღემდე სანანებლად მომყვება…

მახსოვს…

მახსოვს….

და ბევრი რამ მახსოვს…

უკარგესი პოეტი და უმშვენიერესი ქალბატონი დაკარგა ქართულმა მწერლობამ.

ბათუმს მუდამ ეხსომება სულ მომღიმარი, სხვათა მოამაგე და ლამაზი ლექსების პოეტი ცისანა ანთაძე.

ნათელი მის სულს.

სანდრო ბერიძე,

სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი

             

ცისია

 

მიჭირს იმის გააზრება, რომ შენი ხსოვნისას ვწერ… მეგონა, ვერასდროს ვერაფერი მოგერეოდა.

შენ ხომ ყველა ჩვენგანისთვის დიდი, პატარა და ამავდროულად, თანატოლიც იყავი, თუმცა მე ყველასგან განსხვავებულ სტატუსსაც მანიჭებდი და ,,შვილო, ბელათი“ მომმართავდი…

გიყვარდი, მიყვარდი და ეს სააფიშოდ არასდროს გამოგვიყენებია. მტკივა, ვტირი, წუხილი ძარღვებში იმდენად გაჯდა, რომ ცრემლი კრისტალად იქცა და გარეთ გამოღწევა უჭირს… შიგნიდან მფხაჭნის, მკაწრავს და ტკივილს მაყენებს.

ჩემო დედობილო, ჩემო ცისია, მოგონებების დრო დადგა, ცოცხლად მოფერების და შენს თბილ გულზე ჩახუტების დრო კი… გაფრინდა!

იქ შეხვდები შენს ძვირფას მეგობრებს, რომელთა გარეშე ცხოვრება გიჭირდა. ახლა აღარ დაგჭირდება შენს ძვირფას ძმაზე, ზურაბ გორგილაძეზე აქედან შეძახილი „ვიცი, ლექსს ცაშიც დაწერდი, მიკარნახე და გადავწერ!“, მიუსხდებით სამოთხის სატრაპეზო მაგიდას და იქ ისაუბრებთ სამშობლოზე, პოეზიაზე, სიყვარულზე, თავგადასავლებზე… ვწერ და ვტირი, ვტირი და ვწერ… რამდენმა ძვირფასმა მეგობარმა გადაინაცვლა იქ, სადაც ოდესმე ჩვენც მივალთ…

ენერგიული, ხალისიანი, იუმორით სავსე, ხანდახან ცელქი და თინეიჯერული ასაკისაც კი იყავი, მაგრამ საჭირო დროს ამორძალივით შემართულს და ბრძოლის ჟინით შეპყრობილს, წინ კლდეც კი ვერ დაგიდგებოდა. გამორჩეული იყავი ერთგულებაში, სამშობლო იყო შენთვის უპირველესი სალოცავი. ზვიადისა და მისი იდეებისადმი ერთგულებამ შენ ეროვნული გრძნობით გულანთებულ თაობათა მებაირახტრედ გაქცია. არ დაუმეგობრდებოდი, ხელსაც კი არ ჩამოართმევდი ადამიანს, ვისაც ზვიადი არ უყვარდა, რადგან საქართველო და წამებული ზვიად გამსახურდია შენთვის ერთ ხატებად აღიქმებოდა.

ახლა ჩემს საწერ მაგიდაზე სცენარი დევს, ამ ახალი წლის არდადეგებზე დაწერილი სცენარი… ,,ცისანა ანთაძე – 86“… როცა სემესტრის გეგმა წარვადგინე, მითხრეს: – საიუბილეო თარიღი რომ არააო?!

როცა ვუპასუხე: – 80 წელს ზემოთ, ყველა თარიღი აღსანიშნი და საიუბილეოა-მეთქი! – უსიტყვოდ დამთანხმდნენ…

სიურპრიზს გიწყობდით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გადახდილ შენს იუბილეს ეს ერთიც შეემატებოდა. არ დაგვცალდა. ბედისწერამ ასე გადაწყვიტა, მაგრამ შენს სამუდამო განსასვენებელთან, შენი დაბადების დღეს მოგიწყობთ ამ სიურპრიზს და გაგახარებთ. ვიცი, მწამს და მჯერა, რომ დაინახავ, იგრძნობ და საკათედრო ტაძრის ეზოს მუხებსა და მაგნოლიებს თავშეფარებულის ხმას ჩიტები ჟღურტულით მოგვიტანენ. ჩიტებს ხომ მემკვიდრეობითი მეხსიერება აქვთ, იმათი შთამომავლები იქნებიან, შენი მამიკო, ყველა ხის ნაყოფის ერთ ტოტს მათ წილად რომ უტოვებდა და მისი გასვენების დღეს ოთახში კარებიდან გუნდად რომ შემოფრინდნენ, წრე შემოავლეს და ღია ფანჯრიდან გაფრინდნენ… ამ სასწაულს დღესაც ლეგენდასავით ჰყვებიან ამ უცნაურობას შესწრებული თვითმხილველნი, შენ კი, შენი მკითხველიც მის ზიარად გახადე და ერთ-ერთ წიგნში, ,,აღსარებაში“ ავტობიოგრაფიულ მოთხრობადაც აქციე.

რამდენი ლექსი, სიტყვა და მოფერება მიძღვენი, მადრიგალების სწორუპოვარო მგოსანო…

მე ვერ შევძელი, სულ ორი ლექსი მაქვს მოძღვნილი, მაგრამ საოცრად მოგწონდა, როცა გიკითხავდი და თვალები მხიარულად, ბავშვურად აგიციმციმდებოდა. რამდენჯერმე ტელეფონით საუბრისასაც წამაკითხე. არაერთი საღამო და შეხვედრა მოგიწყვე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დამამხსოვრდა დეკემბერში, ბათუმში, ილიას მუზეუმში გამართული. მადლობას ვუხდი მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ეკა მამულაძეს, რომ ამ საღამოს წაყვანა მთხოვა და მომცა შესაძლებლობა, ჩემს მეხსიერებას ეს დღე ცრემლიან და თბილ მოგონებად შემორჩენოდა. მგონი, ჩვენს ცისიას მას მერე საღამო არ ჰქონია…
საოცარი სიყვარული მოიპოვე, ამიტომაც ერთხმად მოგანიჭეს ,,საპატიო ბათუმელის“ წოდება.
სიგიჟემდე გიყვარდა შენი ქალაქი… ,,ბათუმს ისე მოედო მწიფე ლექსის სურნელი“, რომ ამ სურნელს ვერასდროს დაივიწყებს, მომავალი თაობებიც ,,შეთვრებიან“ ამ პოეტური ,,მირაჟული ღვინით“ და სადღეგრძელოებად იტყვიან, ლექსად ამეტყველდებიან, სიმღერად ამოთქვამენ…
გუშინწინ, საღამოს, იქ შენს თავთან მსხდომმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ შენი სახელობის ჩატის – ,,ცისიას მეგობრების“ შექმნა. ყველას, ვისაც შენთან შეხვედრის, მეგობრობის შესაძლებლობა და ან შენი ,,ფათერაკებიანი“ თავგადასვლების თანამონაწილეობის ბედი რგებია, ვიწვევთ ამ ჩატში…
ბოლოს ამ პაწაწინა ექსპრომტით მინდა დავამთავრო:

ამ ზღაპრულ ცით ნაკვებია,

ამ მზის, მიწის და ზღვისია…

გაჩნდა, ჰქონდა სიყვარულის

ღვთით ნაბოძები მისია,

მეგობრები მოენატრა,

აქაც, იქაც… ხომ მისია,

ზეცის აღმართებს აუყვა,

ჩვენი ძვირფასი ცისია!
ბელა ქებურია, პოეტი, ,,საპატიო ბათუმელი“
2.03.26 წ.

 

ჩვენი კუთხის მარგალიტი იყო…

ჩვენი კუთხის მარგალიტი იყო ცისანა ანთაძე – ბრწყინვალე ადამიანი, ამ სიტყვის ყველანაირი (კარგი)  გაგებით. ძალიან უხდებოდა ამ ქალაქს, ის ჩვენი ქალაქის სამკაული, გულსაბნევივით იყო. გახლდათ ჩვენი თაობის მეგობარი, ასაკობრივ განსსხვავებას ვერ იგრძნობდი, ისე შეეძლო ახალგაზრდული შემართებით ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ყველანაირ „ხულიგნობაში“ აგვყვებოდა და ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ახალგაზრდული შემართების ადამიანმა დაგვტოვა… იმიტომ, რომ ის მთელი ლიტერატურული კოჰორტის ერთგვარი მოტივატორიც და ძრავაც იყო.

დარწმუნებული ვარ, მისი საქმეები და შემოქმედება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად წარმოჩნდება და მისი ადამიანობა, მისი ნათელი სიტყვა დავიწყებას არასოდეს მიეცემა, რადგან მას უკვდავი სიტყვები აქვს, ის ჭეშმარიტი პოეტი იყო, ჭეშმარიტი გულის ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პიროვნებასთან მხვდა წილად  მეგობრობა.

გენრი დოლიძე

 

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *