
სულხან თამაზაშვილი: ახალ სასწავლო წელს აჭარა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება
დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე, რეგიონის პირველმა პირმა, პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტებს აჭარის მთავრობისგან ფულადი ჯილდო გადაეცემა. სულხან თამაზაშვილმა რეგიონში დაგეგმილ მიმდინარე პროექტებზე და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.
„ყველა პირველკურსელს მინდა მივულოცო სტუდენტობა. გუშინ გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და ახალ ეტაპზე გადასვლას ვულოცავ ყველას. მომავალი თაობის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს აჭარა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. უმნიშვნელოვანესია, რეგიონში შევქმნათ თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რათა მოსწავლეებმა შესაბამის გარემოში შეძლონ განათლების მიღება“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
2025 წელს ექვსივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 საჯარო სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება ოთხი სკოლისა და ორი სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, 7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე, 14 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულია ტენდერი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. „ჩვენ მივყვებით ჩვენს მთავარ მიზანს, რაც გულისხმობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურ ზრუნვას. ამ მიმართულებითაც კარგი სიახლე გვაქვს, ერთ თვეში უკვე დასრულდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და 90 ეკომიგრანტ ოჯახს გადავცემთ კეთილმოწყობილ ბინებს.
მინდა შევეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და გავაგრძელებთ რეგიონის გაძლიერებას. დღეს ქართველი ხალხის არჩევანი ქვეყნის განვითარებასთან ერთად, არის მშვიდობა და სტაბილურობა. ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს ღირსეული, პროფესიონალი, კვალიფიციური მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები. მათი გეგმები, ხედვა და მიზნები მიმართულია მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ. ამ ყველაფერში კი ჩემი სრული მხარდაჭერა ექნებათ“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.