სულხან თამაზაშვილი: მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის მთავრობა მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს
By

სულხან თამაზაშვილი: მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის მთავრობა მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს

აჭარის მთავრობაში სხდომა გაიმართა. რეგიონის პირველმა პირმა  სხდომის დაწყებამდე,  შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ წევრებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა. როგორც მან  აღნიშნა, ეს აღიარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი  შუახევის მუნიციპალიტეტისთვის.

ტურიზმის მიმართულებით არსებული ტენდენციები, ბათუმის ბულვარში მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოები, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკების განახლება – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სულხან თამაზაშვილმა დღეს მთავრობის წევრებთან ისაუბრა.

– 2025 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტიორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია დაახლოებით 10 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აჭარაში 5 მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა და წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 4 პროცენტით.  ამ რაოდენობაში შედის როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტიორები. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოთხივე სეზონზე რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

ბულვარში ინტენსიურად მიმდინარეობს უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი. ასევე, მუშავდება ახალი კონცეფცია, რომელიც ბულვარს თანამედროვე და მოწესრიგებულ სივრცედ აქცევს. უნებართვო ობიექტების დემონტაჟი, ბულვარის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქშიც, მათ შორის სხვადასხვა კვების ობიექტსა და გასართობ სივრცეზე მიშენებული კონსტრუქციების, თვითნებურად აშენებული ღობეების, თვითნებურად განთავსებული ჯიხურების დემონტაჟი. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას,  ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას.

აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.  ამ ეტაპზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან რეგიონში 9 საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 15 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში მდებარე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის მთავრობა მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *