სულხან თამაზაშვილი : რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები
By

სულხან თამაზაშვილი : რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, სულხან თამაზაშვილმა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
,,რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. გასულ კვირას, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დავათვალიერეთ როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე საგანმანათლებლო, სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო ბათუმის მერიამ – 2026 წლის ბოლოს, ბათუმში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი უწყებისა და პროცესში ჩართული რგოლის კოორდინირებული მუშაობით, ციტრუსის სეზონი მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა. სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისა და დიდთოვლობის პერიოდში გზის გაწმენდით სამუშაოებზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სამსახურების მიერ ეფექტურად და კოორდინირებულად იყო უზრუნველყოფილი როგორც ადმინისტრაციული, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია და ვიზიტიორთა რაოდენობის მხრივ, დადებითი დინამიკა ფიქსირდება.
,,დადებითი დინამიკა გვაქვს როგორც ვიზიტიორების, ასევე, სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმროების მიმართულებით, რაც, დამერწმუნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, გააჟღერა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარე შეეხო ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, რაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობასთან მიმდინარე აქციებს უკავშირდება.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მას კომერციული დანიშნულება არ ექნება. შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განცხადებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ აჰყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ თემის ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება. სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში დღეის მდგომარეობით 2 000-მდე ეკომიგრანტია, რომელთა ნაწილს სახელმწიფო ქირით უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნით, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება.  „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ეს თანხა სხვა, ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებებში გამოვიყენოთ – იქნება ეს სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

  • No Comments
  • იანვარი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *