სულხან თამაზაშვილი: ტურისტული საზღვაო სეზონი წარმატებით ჩავატარეთ
By

სულხან თამაზაშვილი: ტურისტული საზღვაო სეზონი წარმატებით ჩავატარეთ

სექტემბრის თვის შეჯამებით დაიწყო დღეს აჭარის მთავრობის სხდომა, რომელსაც მთავრობის თავმდომარე სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე, ძირითადი აქცენტი მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებზე გაკეთდა, შეაჯამეს ტურისტული სეზონი და განიხილეს ჯანდაცვის საკითხები.

– სექტემბერში გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ხულოს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 5 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. ბათუმს შეემატა ორი ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე, ქობულეთში გავხსენით სამი ახალი, სრულად რეაბილიტირებული სკვერი.

პარალელურად, მიმდინარეობს სოციალური პროექტები და პროგრამები. „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში, სამ ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ორზე დასრულდება 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში, მესამე ლოკაციაზე კი 2027 წლის ბოლომდე. დასრულების შემდეგ, 570 ოჯახი მიიღებს სრულიად რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ სახლებს. ამ პროგრამებს და მშენებლობებს ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. უკვე დასრულდა ხელვაჩაურის სოციალური სახლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ჩვენი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცედურებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული საზღვაო სეზონი ძალიან წარმატებით ჩავატარეთ. გასულ წელთან შედარებით შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 200 000-მდეა. დარწმუნებული ვარ, შემოდგომის და ზამთრის ტურისტულ სეზონსაც ასევე წარმატებით ჩავატარებთ.

აუცილებლად უნდა შევეხო სტიქიურ მოვლენებს. მოგეხსენებათ, სექტემბერში ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეგვექმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული საკითხების შესწავლა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჯანდაცვას რაც შეეხება, სიამაყით შგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსებულია 57 მილიონი ლარის სამედიცინო მომსახურება. ბენეფიციარებმა მიიღეს 50 მილიონამდე ლარის ოდენობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ეს რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მობილიზებულია 17 მილიონი ლარი როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის, ისე სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ როგორც ერთი გუნდი ვმუშაობთ რეგიონის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მინდა ყველამ გავითავისოთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართულია არა სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ, რეალურად და ობიექტურად საქმის კეთებაზე, რეგიონის განვითარებაზე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის არჩევანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, იქნება ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა. ერთობლივი ძალისხმევითა და ერთად დგომით ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის წინსვლას და წარმატებას, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე  აჭარის მთავრობის წევრებმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიში განიხილეს.

 

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *