
სულხან თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია რეგიონს ოთხივე სეზონზე ჰქონდეს ტურისტული მიმზიდველობა
აჭარის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
– სიახლე გვაქვს სოციალური პროექტების მიმართულებით ქედის მუნიციპალიტეტში. მალე დავიწყებთ მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ას ეკომიგრანტ ოჯახზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სოციალური სახლების მშენებლობა: ქობულეთში 126 ოჯახი მიიღებს ბინას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი – 114 ოჯახი. საერთო ჯამში, სოციალური პროექტების დასრულების შემდეგ, 2 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი უზრუნველყოფილი იქნება კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინებით, სრულიად უსასყიდლოდ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მათ სოციალურ მდგომარეობას.
ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით თუ ხანძრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 2,5 მილიონი ლარი გამოიყო. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტში 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში, 2025 წელს, 7 მილიონ ნახევარი ლარი იქნა გამოყოფილი ჩვენი სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი ოჯახების დასახმარებლად, საცხოვრებელი სახლების აღდგენისა და კეთილმოწყობისთვის. 700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას, რაც რეალურად შეცვლის სოციალურ ფონს რეგიონში და მოსახლეობის ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
გარდა სოციალურისა, მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები. აქაც სიახლე გვაქვს – ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში აშენდება ახალი, თანამედროვე საფარით მოწყობილი სპორტული მოედნები. ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპზე უკვე განხორციელდა ძველი სკოლის დემონტაჟი. ასევე სკოლის მიმდებარედ, სრულიად რეაბილიტირებული იქნება სპორტული მოედანი და მოეწყობა ახალი ხელოვნური საფარი. ასევე, ხულოში, დაბა ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობის წინა სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ დასრულების ეტაპზე იყო შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის ზიპლაინის მოწყობა. იტალიური საერთაშორისო კომპანია იქ უკვე ოპერირებს და მომდევნო კვირას ოფიციალურად გავხსნით მას. ამით მაღალმთიან რეგიონში გაჩნდება ახალი წერტილები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ტურისტული პოტენციალის ათვისებას. მიზანიც ესაა – რეგიონს ოთხივე სეზონზე ჰქონდეს ტურისტული მიმზიდველობა, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.