სუს-მა საბოტაჟისა და კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და არაერთი მანიპულაცია.
უწყების განმარტებით, აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის, შესაძლო ნეგატიური პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გამოწვევას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან განხორციელდა მყისიერი რეაგირება და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებსა და ცალკეულ პირებს რეკომენდაცია მიეცათ, თავი შეეკავებინათ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საბოტაჟი) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) მუხლებით მიმდინარეობს.