
სწავლება-ტრენინგი საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისთვის
ქალაქ ბათუმის ა(ა)იპ „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თანამშრომლებს ჩაუტარდა სწავლება-ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა; მოქმედება საგანგებო სიტუაციებში“. ტრენინგის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ხანძრის შემთხვევისას გასატარებელი ღონისძიებები. სწავლების მიზანი იყო როგორც პერსონალის, ისე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
ტრენინგი ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მუშაობის სპეციფიკას და ემსახურებოდა იმ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების დროს. ისაუბრეს ხანძრის და სხვა საფრთხის შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღებაზე, საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების წესებისა და პროცედურების ცოდნის აუცილებლობაზე.
პერსონალმა სწავლების პირველ ეტაპზე გაიარა თეორიული კურსი. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც მოიცავს როგორც ცეცხლმაქრების გამოყენების პრაქტიკულ სწავლებას, ისე, ობიექტიდან პერსონალისა და აღსაზრდელთა ევაკუაციის უზრუნველყოფის სიმულაციას.
ტრენინგს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები გიორგი ჯანჯღავა და ჯემალ შაინიძე. სწავლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უსაფრთხო და დაცული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის გზაზე, რაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.
გალერეა


