ტიტე აროშიძე: რეფორმა აუცილებელია უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რაც დააინიცირა კიდეც პრემიერმა
By

ტიტე აროშიძე: რეფორმა აუცილებელია უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რაც დააინიცირა კიდეც პრემიერმა

უმაღლესი განათლების სისტემაში ხელისუფლებამ რეფორმები დააანონსა. ამ თემაზე საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში, საკმაოდ ბევრი მოსაზრება გამოითქვა.

შემფასებელთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი უმაღლესი განათლების რეფორმა ფუნდამენტურია და ეხება განათლებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომელსაც 30 წელია არც ერთი ხელისუფლება არ შეხებია. მეორე ნაწილი გაცილებით კრიტიკულია და ამბობს, რომ დაგეგმილი რეფორმა გამოიწვევს უმაღლესი განათლების მეტ კონტროლსა და ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა კანონმდებლობით აღიარებულია.

ამ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესთან.

– გასულ კვირას პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უმაღლესი განათლების რეფორმას იწყებს. რეფორმის რამდენიმე ასპექტზე საჯაროდ გაკეთდა განცხადებები. რა კომენტარს გააკეთებთ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით?

– ეს არ არის მყისიერად დაწერილი რეფორმა, ამაზე მუშაობა უკვე კარგა ხანია დაწყებულია, რასაც წინ უძღოდა სხვადასხვა ტიპის, მათ შორის უნივერსიტეტების, რამდენიმეწლიანი კვლევები, საჭირო ინფორმაციების მოძიება, გაანალიზება და შეჯერება. აქედან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ ეს რეფორმა აუცილებელია უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რაც დააინიცირა კიდეც პრემიერმა.

– ანუ უკვე საბოლოო სახით წარმოადგინა პრემიერმა რეფორმის ძირითადი ასპექტები?

– არა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მხოლოდ ძირითადი მონახაზი გაკეთდა არსებულ წყაროებსა და კვლევებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი კონცეფცია არ არის საბოლოო, პირველადია და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კონკრეტიზაცია, დეტალიზაცია და მსჯელობა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ვგულისხმობ, იგივე ფაკულტეტებს, მიმართულებებს, სწავლების ხანგრძლივობას, პროფესორ-მასწავლებლებთან მიდგომებს, მათ ანაზღაურებას და სხვ. ანუ უამრავი საკითხია შესასწავლი და დასარეგულირებელი. იმ პირველად ჩარჩო-მონახაზში ძირითადი ღერძი აწყობილია და შემდგომში, სამუშაო ჯგუფთან ერთად მოხდება მისი დახვეწა. ცხადია, რექტორებსაც გვექნება შეხვედრა და დავკონკრეტდებით, რომელი მიმართულებით და რომელ ფაკულტეტებზე მოხდება ცვლილებები. გარწმუნებთ, რომ მთელი ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული. აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ ამ რეფორმის შემდეგ სტუდენტს საშუალება ეძლევა, ეფექტურ დროში მიიღოს ხარისხიანი განათლება.

– ძირითადად რას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები?

– პირველად კონცეფციაში მოცემულია სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, 3+1, რაც ნიშნავს სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას. დღევანდელი კრედიტების რაოდენობით, სტუდენტს შეუძლია სამი წლის განმავლობაში დაფაროს ბაკალავრიატის სასწავლო დონე ანუ ამ ცვლილებების შემდეგ სტუდენტს საშუალება ეძლევა, ნაკლებ დროში დაეუფლოს პროფესიას, ნაკლებ დროში დაკავდეს კარიერით და სურვილის შემთხვევაში, არა – ორ, არამედ ერთ წელიწადში გაიაროს მაგისტრატურა. ეს ერთი წელიწადი იძლევა სტუდენტის აკადემიური დონის ამაღლების შესაძლებლობას. ცხადია, ეს არ ეხება ყველა პროფესიას. მოგეხსენებათ, არის ისეთი სპეციალობები, რომლებსაც დიდხნიანი სწავლება სჭირდება, რაც დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტებით. აუცილებელია სწავლების მეტი დრო და პრაქტიკა მედიცინის სრულყოფილი სპეციალიტების მოსამზადებლად.

აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე განხორციელებული გვაქვს მსაგვსი ცვლილებები ბსუ-ში. აქ ფინანსების, ბიზნესადმინისტრირებისა და საჯარო მმართველობის სპეციალობებზე, 2024 წლის ბოლოდან, სამწლიანი სწავლება შემოვიღეთ ანუ ეს ტენდენცია ახალი არ არის. თუ ჩვენს სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სამწლიან პროგრამებზე არის ოთხწლიანზე მეტი მოთხოვნა. აქედანაც ჩანს, რომ სტუდენტებს სურთ ისწავლონ, დაიწყონ მუშაობა და თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში უფრო ადრე, ვიდრე ამის შესაძლებლობას იძლევა სწავლების უკვე არსებული ციკლი.

– ამ კუთხით რა ცვლილებებს გეგმავთ ბსუ-ში?

– პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რა მოთხოვნები გააჩნია ამ კუთხით აჭარის რეგიონს. დღესდღეობით აუცილებლად მიმაჩნია პედაგოგიური ფაკულტეტების გაძლიერება. უნდა დაზუსტდეს, მათ შორის რომელი სპეციალისტი რა რაოდენობით გვესაჭიროება, იქნება ეს ფილოლოგი, უცხო ენების მასწავლებელი თუ სხვ. თუკი ცვლილებებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რეფორმა ყველაფერს უნდა შეეხოს, რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა. უნივერსიტეტდამთავრებული პედაგოგი უნდა იყოს სრულად მომზადებული და პასუხობდეს ყველა იმ მოთხოვნას და გამოწვევას, რაც დღევანდელ სკოლებშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიკვრება ის ძირითადი წრე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სკოლის მოსწავლის, ასევე უმაღლესი სასწავლების სტუდენტის ხარისხიან განათლებას.

– როგორ ფიქრობთ, აჭარაში შრომის ბაზრის კვლევა, ძირითადად, რა სპეციალობების საჭიროებას გამოავლენს?

– მოგეხენებათ, აჭარა ტურისტული რეგიონია. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ძირითადად ტურიზმის, ბიზნესის, ფინანსების თუ აგროსექტორის სპეციალისტებზეა მოთხოვნა. ყველაფერი დამოკიდებულია ამ სფეროში ჩართული სამუშაო ჯგუფის შემდგომ პრიორიტეტულ ხედვაზე. რეფორმა სწორედ ამას ითვალისწინებს: რეგიონები უნდა გაძლიერდეს სწავლების და მეცნიერების ხარისხის ამაღლებით, რადგან მაღალი რანგის, მცოდნე კადრები შეძლებენ ეკონომიკის, ბიზნესის უკეთ მართვას და ამ მიმართულებით ქვეყანაში საერთო ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას.

– თქვენ საუბრობთ სწავლების ხარისხის გაზრდაზე, მაშინ როდესაც, ოპონენტთა აზრით, სწავლების ვადის შემცირება თავისთავად გამოიწვევს ხარისხის კლებას.

– ეს კომპლექსური საკითხია. აქ არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ ვადის შემცირებაზე, აქცენტი თავად სტუდენტებზე უნდა გავაკეთოთ, რა არის მათთვის უკეთესი? ხუთწლიანი სწავლებაც გვქონდა, მაგრამ მოგვიტანა შედეგი? კარგად იცით, რომ რიგ სპეციალობებს არ სჭირდება მეტი ვადა, სჭირდება დახვეწილი მიდგომა. ახლა კი საუბარია სწავლის კომპონენტთან ერთად მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესებაზე ანუ პროფესორ-მასწავლებლების დატვირთვაზე, მათთვის ხელფასების გაზრდასა და სწავლების დონის ამაღლებაზე, რაც უზრუნველყოფს სამწლიან ციკლში პროფესურის, მეცნიერების და სწავლების გარანტირებულ ხარისხს. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა გამართავს განათლების სისტემას. აქ სწავლების ცალკე აღებული პერიოდი არ უნდა ვიგულისხმოთ. მოდით, პარალელი გავავლოთ. არსებობს მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამები. როდესაც, პირობითად, ელექტრომექანიკოსს სერტიფიკატი ეძლევა, რადგან მან მოკლე დროში დაასრულა სწავლება, ნიშნავს, რომ ვერ დაეუფლა სპეციალობას? ამას არავინ ამბობს, რადგან ყველამ იცის, რომ კონკრეტული კურსი ერთი პროფესიის მომზადებაზეა ორიენტირებული ანუ ვიწრო სპეციალობის შესწავლა შესაძლებელია მოკლე ვადაში, თუკი მაღალი ხარსხის სწავლება და ზუსტად გათვლილი სასწავლო პროგრამაა. მოგეხსენებათ, უმაღლესი სასწავლებელი ზოგადი განათლების სპექტრს აძლევს სტუდენტს, მაშინ როდესაც პროფესიული სწავლების მოკლევადიან პროგრამაში ყველა საათი მიზნობრივად არის გათვლილი კონკრეტული სპეციალობის დაუფლებაზე. ამ საწვლების შედეგად მზადდება კონკრეტული საქმის პროფესიონალი. ამას გეუბნებით, ვადებზე კი არადა სწავლების ხარისხზე, მეცნიერებაზე პროგრამის დახვეწაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

სკოლაშიც მცირდება სწავლის პერიოდი 11-წლამდე. . .

– იცით რა, ეს არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ შემიძლია ზოგადი კომენტარის გაკეთება. როგორც უკვე ვთქვი, აღნიშნული რეფორმის თითოეული პუნქტი ბრმად არ არის გაწერილი, ყველა საკითხი ღრმად შესწავლილია. კვლევები ჩატარდა სკოლებსა და რესურსცენტრებში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სკოლებში გატარებული რეფორმებიც ხელს შეუწყობს ხარსხიანი განათლების მიღებას, რაც პირდაპირ კავშირშია უმაღლეს სასწავლებლებთან. ქვეყნის გაძლიერება და ეკონომიკის ციფრული მაჩვენებლების ზრდა დამოკიდებულია მაღალპროფესიულ კადრებზე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი სწავლების შედეგად მივიღებთ, რასაც გულისხმობს კიდეც ეს რეფორმა. ისიც აღსანიშნავია, რომ იგივე რეფორმა ითვალისწინებს სტუდენტების მობილობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზეც.

– ექსპერტების შეფასებით, 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე დაბრუნება აბოტურიენტებს ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას გაურთულებს, რადგან ევროპის უნივერსიტეტებში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობა 12-წლიანი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის დოკუმენტია.

– როგორც გითხარით, ჯერჯერობით რეფორმის პირველად კონცეფციასთან გვაქვს საქმე, ამიტომ გიპასუხებთ პრემიერის სიტყვებით. მე-12 კლასის გაუქმებაზე ირაკლი კობახიძის არგუმენტები ასეთია: სწავლის დასრულება 11 წელიწადში საკმარისია და მიზნად ისახავს ახალგაზრდების შენარჩუნებას საქართველოში და მიგრაციის შემცირებას. თუმცა პრემიერმა არ გამორიცხა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასის დამთავრების შესაძლებლობაც დატოვონ. მისი თქმით: „ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით, თავისუფლად შეიძლება გამოსავლის მოძიება. თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა, ეს განხილვას ექვემდებარება. . . თუ არადა, ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე“.

– საუბარი შეეხო კომერციულ უმაღლეს სასწავლებლებსაც. . .

– როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ რეფორმაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქედან გამომდინარე, ვართ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი, ისევე, როგორც ის კომერციული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დღეს მოქმედებენ ბაზარზე. რეფორმის ფარგლებში, საუბარი იყო კომერციულ უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალობების გამიჯვნაზე. კომერციულებს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ უმაღლესებზე მეტი შესაძლებლობები აქვთ. მათ შეუძლიათ ფინანსების მოზიდვა, დამატებითი სპეციალობების გახსნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო მიმართულებებით განახორციელონ სწავლება. სახელმწიფო უნივერსიტეტები მხოლოდ სახელმწიფო განათლების პოლიტიკის გამტარებლები არიან, ამ გამიჯვნით კი უფრო მეტი ასპარეზი და შანსი ეძლევათ კომერციულებს. თავად ბაზარი განსაზღვრავს, ვის უღირს დარჩენა და ვის – არ უღირს. დღეს, თავკომბალასავით, რამდენიმე კომერციულ სასწავლებელშია თავმოყრილი ის სპეციალობები, რომელთა გადანაწილება შესაძლებელი იყო ქვეყნის მასშტაბით. ამიერიდან, მონოპოლისტური პრინციპი აღარ იქნება, დაიწყება თანაბარი გადანაწილება და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, დაიმკვიდროს თავი განათლების და შრომის ბაზარზე.

– ოპონენტების მოსაზრებით, დაგეგმილი რეფორმა გამოიწვევს უმაღლესი განათლების მეტ კონტროლს და ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან.

– ეს განცხადება უბრალოდ სასაცილოა, რას ნიშნავს კონტროლი? სწავლების ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და, რა თქმა უნდა, მონიტორინგსაც ის ატარებს. აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოები განსაზღვრავენ უნივერსიტეტებში არსებული ფაკულტეტების ცვლილებას, მის არსებობა-არარსებობას. ცხადია, კონტროლი არის. სწავლის ხარისხთან დაკავშირებით, დაახლოებით, თითო ფაკულტეტზე, როგორც აკრედიტაციის, ისე რეაკრედიტაციის პერიოდები არსებობს, რასაც წლის განმავლობაში ამოწმებს ხარისხის სამსახური, ავტორიზაციის კომისია და აკრედიტაციის კომისია. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც სახელმწიფო განათლების პოლიტიკა ჰქვია. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსგან მაქსიმალური კონტროლი უნდა არსებობდეს ამ მიმართულებით და არსებობს კიდეც. ჩემთვის გაუგებარია ზემოხსენებული თვალსაზრისი.

– სტუდენტების საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე რას გვეტყვით? 4 ოქტომბერს ვგულისხმობ. . .

– შემიძლია ჩემს უნივერსიტეტზე მოგახსენოთ. 4 ოქტომბერი იქნება თუ ათი იანვარი, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მუდმივად ვართ ორიენტირებული, რომ სტუდენტებს და მეცნიერ-თანამშრომლებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო პირობები. აქედან გამომდინარე, არ გვცალია სხვა თემებისთვის და ვერ გეტყვით, სად რა ხდება, სხვებს რა მიზნები აქვთ. თამამად და დარწმუნებით გეტყვით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, უნივერსიტეტებში სტუდენტებს ჰქონდეთ ის პირობები, რომელიც იძლევა რეფორმების ჩატარების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გავითვალისწინოთ, თუ რა სჭირდებათ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მისაღებად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი კურსდამთავრებული იყოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ გაგვიმართლა, აჭარაში გვაქვს ისეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია და სხვებზე წინ ვართ, რადგან დაფინანსება გვეძლევა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგანაც, კონკრეტულად, განათლების და სპორტის სამინისტროსგან. ანუ ჩვენ არ გვცალია სხვა რაღაცებისთვის, ვახორციელებთ იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ისე მეცნიერ-თანამშრომლებისთვის.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *