ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი: ომი უნდა დასრულდეს და ევროპა გაძლიერდეს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა, ვაშინგტონის მთავარი მიზანია უკრაინაში ომის სწრაფად შეწყვეტის მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყება, რათა ევროპაში ეკონომიკური სტაბილურობა აღდგეს, თავიდან აიცილონ ომის გაფართოება და მოხდეს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დაბრუნება. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად არის დაძაბული და ევროპის ნაწილი მოსკოვს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს, რის მართვაც აშშ-ის დიპლომატიურ ჩართულობას საჭიროებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს სურს ევროპა დარჩეს ევროპული და დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა.
„თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ის მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე, რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უთანხმოება აქვს ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომელთაც ომის შედეგებზე, სტრატეგიასა და მის გაგრძელებაზე „არარეალური მოლოდინები“ აქვთ. დოკუმენტი მიუთითებს, რომ კონფლიქტმა ევროპის ეკონომიკური დამოკიდებულება გააღრმავა, განსაკუთრებით გერმანიაში, ხოლო შიდა დემოკრატიული პროცესების შესუსტებამ, მშვიდობის სურვილი პოლიტიკურ ნაბიჯებად ვერ გადააქცია.
აშშ-ისთვის ევროპა კვლავ რჩება სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე სივრცედ. სტრატეგია მოუწოდებს ამერიკელ მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გაძლიერებას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და თავისუფალ გამოხატვას. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, – ევროპას სჭირდება გაძლიერება და სწორი კურსის დაბრუნება, რათა ის აშშ-სთან ერთად გაუმკლავდეს გარე საფრთხეებს და არ დაუშვას რომელიმე მოწინააღმდეგის გაბატონება კონტინენტზე.