ტრამპი ირანზე: სიკვდილით დასჯა შეჩერებულია, თუმცა სამხედრო ესკალაციის რისკი რჩება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მეორე მხარის ძალიან მნიშვნელოვან წყაროზე“ დაყრდნობით, ირანში სიკვდილით დასჯის განხორციელება დროებით შეჩერებულია. როგორც მან 14 იანვარს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან აღნიშნა, იმ დღეს დაგეგმილი სიკვდილით დასჯები არ განხორციელდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს ინფორმაცია დამატებით გადამოწმებას საჭიროებს.
ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედების შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მანამდე ცნობილი იყო, რომ ვაშინგტონი თეირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების საკითხს განიხილავდა.
ირანში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვნად გართულებულია. მასობრივი პროტესტის ფონზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ვალუტის გაუფასურების გამო დაიწყო, ხელისუფლებამ ინტერნეტი პრაქტიკულად სრულად გათიშა. უფლებადამცველი ორგანიზაცია NetBlocks-ის ინფორმაციით, ინტერნეტი ქვეყანაში 150 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გათიშული.
უფლებადამცველი ჯგუფები იუწყებიან მსხვერპლისა და მასობრივი დაკავებების შესახებ. ამავე დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომიტინგეების სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს და ქვეყნის შიგნით ვითარება მშვიდია.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, დემონსტრაციებს ათასობით დაკავებული და მსხვერპლი მოჰყვა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა.