ტრამპი-პუტინის შეხვედრა და ანალიტიკოსთა მოსაზრებები…
By

 ტრამპი-პუტინის შეხვედრა და ანალიტიკოსთა მოსაზრებები…

საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან მოვლენად რჩება 15 აგვისტოს ალასკაში გამართული სამიტი, სადაც ერთმანეთს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ორივე მხარემ სამიტი შეაფასა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი მშვიდობისკენ.
პუტინი დაბრუნდა მოსკოვში, დამატებითი სანქციების გარეშე, ტრამპის თქმით კი, სავარაუდოდ, გაიმართება სამი (პუტინი, ზელენსკი, ტრამპი) ლიდერის შეხვედრა, სადაც შეთანხმება ან გაფორმდება, ან – არა! აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები: რა ცხადყო ამ სამიტმა? რამდენად რეალურია ახალი სანქციების დაწესება და რატომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი უკრაინა? ექსპერტები აცხადებენ, რომ ალასკის შეხვედრა, გარკვეულწილად, პუტინისთვის იყო მომგებიანი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: როგორც ცნობილია, დასავლეთში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ პუტინს არავინ ხვდებოდა, თუ არ ჩავთვლით ჩინეთს, ინდოეთს, ირანს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებს. პუტინი ჰააგის სასამართლოს ვერდიქტით, ომის დამნაშავედაა ცნობილი. თითქმის სამი წელი რუსეთის პრეზიდენტი იზოლაციაში იმყოფებოდა, დასავლელი ლიდერები მასთან თაკილობდნენ შეხვედრას, მაგრამ მან მოახერხა დიპლომატიური გამარჯვების მიღწევა და ამერიკის ტერიტორიაზე ჩასვლა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა მისთვის წითელი ხალიჩა გაშალა. პუტინმა კვლავ წამოაყენა პრეტენზიები უკრაინის მიმართ, ითხოვს ოთხი ოლქის დაბრუნებას (რომელსაც უკრაინა აკონტროლებს) და ამბობს, რომ ომის შეწყვეტას მისი დაწყების ძირეული მიზეზების აღმოფხვრა სჭირდება. რა იგულისხმება ამ განცხადებაში? მას სურს უკრაინის სრული კაპიტულაცია, რასაც არც კიევი დათანხმდება და არც ევროკავშირი, ვინაიდან უკრაინის კაპიტულაცია მთელი ევროპის კაპიტულაციაა, ყოველ შემთხვევაში, ასეთ აზრს ავითარებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ტიერი ბურკარი: ,,უკრაინაში წყდება ევროპის ქვეყნების ადგილი ხვალინდელ სამყაროში, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ჩვენ გავხდებით ბალახისმჭამელები მტაცებელთა სამყაროში“. სხვათა შორის, ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მაგრამ საწინააღმდეგო მოსაზრებას ავითარებს ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი: ,,ამ სამიტიდან არაფერი გამოვიდა… მუცელი ამიტრიალდა, როცა გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინი თავის ზღაპრულ, კარგ მეგობრად მოიხსენია… პუტინი ომის დამნაშავეა“. ამ მხრივ საინტერესოა ,,ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტრამპა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მშვიდობა სწრაფად შეიძლება დადგეს, თუ ზელენსკი დონბასს სრულად დაუთმობს რუსეთს, მათ შორის, იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის კონტროლქვეშ არ არის. სანაცვლოდ პუტინმა მას შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ამჟამინდელი ხაზების მიხედვით და წერილობითი ვალდებულება, რომ თავს აღარ დაესხმება უკრაინას და ევროპას. არადა, რუსეთის ნდობა რომ არ შეიძლება, ცნობილი ფაქტია და ჩვენი ქვეყანა ამის ნათელი მაგალითია – დღემდე არ სრულდება რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულებები. თანაც თუ ამ მოთხოვნას დათანხმდება ზელენსკი, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას, არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ პროტესტი დაიწყოს…

რეალურად, კრემლს სურს უკრაინაში შიდა დაპირისპირების გამოწვევა და ქვეყნის სათავეში პრორუსული ლიდერის მოსვლა. თუ მსგავსი სცენარი განხორციელდა, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის სინდისზე იქნება უკრაინის ოკუპაცია. გარდა ამისა, ცხადია, რუსეთი დროის მოგებას ცდილობს, შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი სწორედ ისაა, რომ რუსეთი დროს წელავს და ომს აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შეხედულებას ავითარებენ ანალიტიკოსები, რომელთა მოსაზრებებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გიორგი კობერიძე, ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი: ,,კრემლს მშვიდობა არ უნდა და მხოლოდ კაპიტულაციაზეა თანახმა – პუტინის მიერ დათქმა, რომ მშვიდობას გარკვეული პირობები სჭირდება, კაპიტულაციის მოთხოვნაა. ტრამპის მხრიდან ამ მოლაპარაკებების შედეგებს რამდენიმე დღეში ვიხილავთ, როდესაც მის გარემოცვაში სრულად შეფასდება ვითარება და მედიის ზეწოლის შედეგად უკეთ წარმოჩნდება მის მიერ გაკეთებული დასკვნები. ზოგადად, ამ შეხვედრამ ტრამპისადმი მოკავშირეებში განწყობები არ გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის შიგნით და მედიაში ოპოზიციური განწყობების მობილიზაციას შეუწყო ხელი. ამან ტრამპს უფრო მეტად უნდა უბიძგოს ანტირუსული ხაზის გატარებისკენ, რათა სუსტ ლიდერად არ წარმოჩნდეს, თუმცა პუტინის ძირითადი მიზანი ტრამპის უკრაინის თემიდან დისტანცირება, ანდა მოკავშირეებთან დაპირისპირების ხელშეწყობაა. ჯერჯერობით იქ ვართ, სადაც აქამდე ვიყავით – არათანმიმდევრულ პოლიტიკაში“.

გიორგი ლაბაძე, ამერიკის მცოდნე: ,,ამერიკა დაინტერესებულია,
რომ შეთანხმება შედგეს ისეთი, როგორიც აშშ-ის და უკრაინისთვის ხელსაყრელი იქნება იმიტომ, რომ ამერიკას არ შეუძლია უკრაინის ინტერესები დააზარალოს. ტრამპს ძალიანაც რომ უნდოდეს, ამას ვერ იზამს იმიტომ, რომ მანდ ბევრი ინტერესია… პუტინი დროის გაწელვას ცდილობს და, ასევე, იღვწის, გახლიჩოს ევროპის და უკრაინის საკითხი ერთმანეთისგან, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეებში ეს პირიქით მოხდა, უკრაინასთან ეს საკითხები შეჯერებულია. თუ რამეზე დავობენ ევროპელები და აშშ, ისაა – რამდენი უნდა გადაიხადოს ევროპამ სამხედრო შეიარაღებისთვის, რაც უფრო პოზიტიური მომენტია, ვიდრე – ნეგატიური. ასე რომ, პუტინის გეგმა, როგორმე დაქსაქსვა გამოეწვია, ჩაშლილია, თუმცა არის ერთი საკითხი – აშშ ინდოეთს დაუპირისპირდა ბოლო პერიოდში ნავთობის შეძენიდან გამომდინარე, რაც არ არის კომფორტული მდგომარეობა ამერიკისთვის, რადგან ინდოეთი მნიშვნელოვანი აქტორია ჩინეთის დასაბალანსებლად.
ჩემი აზრით, პუტინს არ შეუძლია ომი დაასრულოს იმიტომ, რომ ეს გამარჯვებად არ აღიქმება, პირიქით, სურს კონფლიქტის გაწელვა, რაც მისთვის გრძელვადიანად არ იქნება ხელსაყრელი“.
გელა ირემაძე, პოლიტოლოგი:
,,უკრაინა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია და ამას განაპირობებს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა. თავის დროზე ამერიკელმა პოლიტოლოგმა ბჟეზინსკიმ თქვა, რომ უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერია ვერ აღდგება. პუტინს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ცდილობს საბჭოთა კავშირის მსგავსი გაერთიანების შექმნას… რუსეთი ცდილობს, შეზღუდოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ამის მკაფიო მაგალითებია. იმედია, აშშ-ის ჩართულობით რუსეთსა და უკრაინას შორის ისეთი შეთანხმება შედგება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, უკრაინის ნაციონალური ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ახალი სამიზნე სხვა ქვეყანა აღმოჩნდება, რასაც, იმედია, დასავლეთი აცნობიერებს“.

დღეს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იგეგმება უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც ომის დასრულებაზე უნდა იმსჯელონ (სხვათა შორის, აშშ-ში ზელენსკისთან ერთად ევროპის ყველა ლიდერი ჩადის).
„უკრაინა კვლავ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალური პროდუქტიულობით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა გამაცნო რუსეთის ლიდერთან თავისი შეხვედრის ძირითადი პუნქტები. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა გავლენას ახდენს სიტუაციის განვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას სამმხრივი შეხვედრის შესახებ – უკრაინა, ამერიკა და რუსეთი… ყველა დეტალს, რომელიც შეეხება მკვლელობების შეწყვეტასა და ომის დასრულებას, დავაყენებ დღის წესრიგში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, ორშაბათს… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულნი, რათა ამერიკასთან ერთად სამუდამოდ უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, დონბასის რეგიონიდან უკრაინა სამხედროებს არ გაიყვანს და რუსეთის პრეზიდენტის ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.
სამომავლოდ რაზე შეთანხმდებიან ლიდერები, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთი, როგორც ვთქვით, უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს. ისმის კითხვა: ხომ არ არის მოსალოდნელი, ტრამპმა ზეწოლა მოახდინოს ზელენსკიზე რუსეთთან დათმობის თაობაზე? ამას, ცხადია, უახლოეს მომავალში გავიგებთ… საერთოდ, ზესახელმწიფოების მხრიდან გარიგებები პატარა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის უცხო ხილი. არადა, წესით და რიგით, თუ აშშ რეალურად დაუწესებს სანქციებს რუსეთს და უკრაინას მძლავრ შეტევით იარაღს გადასცემს, ეს რუსეთის დამარცხების წინაპირობა იქნება, მით უფრო, რომ ახლა უკრაინაში პოზიციური ომი მიმდინარეობს, რუსეთს კოლოსალური დანაკარგები აქვს, ხოლო მისი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ უკრაინისადმი აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერა გაგრძელდება, რუსეთი გამოიფიტება და იძულებული იქნება, ომი შეჩეროს, არადა, განვლილმა სამმა წელიწადმა გამოავლინა, რომ: რუსეთის არმიის ბრძოლის ველზე დამარცხება შესაძლებელია;
დასავლეთის გადაღლა და გამოფიტვა ვერ მოხერხდა, პირიქით, მივიღეთ გამოღვიძებული დასავლეთი და ავტორიტარული რეჟიმები ერთ, მყარ ბანაკად ჩამოყალიბდნენ – რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა… ამ მხრივ ირანი, გარკვეულწილად, ჩამოშორდა პროცესებს, ისრაელმა და აშშ-მა ის გაანეიტრალეს… მთავარი მაინც ჩინეთია, რომელიც რუსეთს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. მისი დახმარება რომ არა, რუსეთი უკვე გამოფიტული იქნებოდა.

ანალიტიკოსთა თქმით, დიდი ომის შემდეგ, გარკვეულწილად, ყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი და სწორედ ამ ომის შედეგების მიხედვით იქნება განსაზღვრული უკრაინის და, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი ამ ახალ მსოფლიო წესრიგში.

 

 ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *