ტრამპი საწვავის გაძვირებაზე არ სწუხს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის შეშფოთებული აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია ირანთან გაფართოებული კონფლიქტით.
Reuters-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული აშშ-ის სამხედრო ოპერაციაა. „მე ეს საერთოდ არ მაწუხებს“, – განაცხადა მან საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ფასები ძალიან სწრაფად დაიწევს; ხოლო თუ მოიმატებს, დაე, მოიმატოს – ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბენზინზე ფასების მცირედით გაზრდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
„ეს კომენტარი პრეზიდენტის ტონის ცვლილებაზე მიუთითებს, რომელიც გასულ თვეში, კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვისას და ტეხასში ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ აქციაზე – აშშ-ის მიერ შაბათს საჰაერო დარტყმების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე – ბენზინზე ფასების კლებით იწონებდა თავს“, – წერს Reuters-ი.