ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს არ მიიწვევს თეთრ სახლში, სანამ შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი
Politico-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ვაშინგტონს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მანამდე სურს, სანამ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. გამოცემა ინფორმაციას ევროპელ დიპლომატზე და კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს უკრაინულ მხარესთან განიხილავს. „უკრაინის ლიდერები უსაფრთხოების დასავლურ გარანტიებს რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების ქვაკუთხედად მიიჩნევენ, თუმცა ნატოს წევრები ამ დრომდე მსჯელობდნენ ომით დატანჯული ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის მეთოდებზე. ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს არ მიიწვევს თეთრ სახლში, სანამ შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი.
სიტუაცია სწრაფად იცვლება და ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ გაერკვნენ აშშ-ის ადმინისტრაციის ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებში. რუბიომ მათ ასევე განუცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია და ამასთან, სამშვიდობო გეგმის უკვე შეთანხმებულ პუნქტებთან არ არის დაკავშირებული. მეორე ევროპელი დიპლომატის ცნობით, აშშ-ს სწრაფად უნდა შეთანხმებაზე მუშაობის დასრულება.
მესამე ევროპელი დიპლომატის ცნობით, რუბიომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გასულ უქმეებზე, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზეც ახსენა, თუმცა ბრიტანელ და ფრანგ წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარში დეტალებზე არ უსაუბრია“, – წერს Politico.
სახელმწიფო დეპარტამენტში რუბიოს კომენტარების ასეთი ინტერპრეტაცია უარყვეს. „მდივანი რუბიო, ისევე, როგორც ტრამპის მთლიანი ადმინისტრაცია, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა გახდეს, რაც მან არაერთხელ განაცხადა, როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში“, – განაცხადა სახდეპის პრესმდივანმა ტომი პიგოტმა.
ის, რომ სამშვიდობო გეგმის საბოლოო ვერსიაში უსაფრთხოების გარანტიები აუცილებლად იქნება, თეთრ სახლშიც დაადასტურეს.