ტრაპიზონში ქართული კულტურის ასოციაცია გაიხსნა
მეზობელი ქვეყნების – საქართველოსა და თურქეთის მეგობრული ურთიერთობები ბოლო 35 წლის განმავლობაში ახალ სიმაღლეზე ავიდა. თურქეთის მთავრობა ყურადღებასა და თანადგომას არ აკლებს ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს. ქართული ენის, იდენტობის შენარჩუნებისთვის რიგი ღონისძიებები ტარდება, რასაც, პირველ რიგში, ქართული კულტურის ცენტრების დაფუძნება და ენის შემსწავლელი ჯგუფების გახსნა ადასტურებს, რამდენიმე წლის წინ კი ამაზე ფიქრიც შეუძლებელი იყო. ახლა ინეგოლში ჩვენებურების ფესტივალიც იმართება. ინეგოლი, ბურსა, სტამბოლი, გირესუნი, ორდუ, ფაცა ის ქალაქებია, სადაც რამდენიმე წელია, ქართული კულტურის ცენტრები მოქმედებს და მათი ხშირი სტუმრები ქართული ანსამბლები, კულტურისა და ხელოვნების მოამაგენი არიან.
– სტამბოლში ქართული კულტურის რამდენიმე ცენტრი მოქმედებს, რაც საქართველოსა და თურქეთის ხელისუფალთა გონივრული ურთიერთობების შედეგია. ცენტრები, ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფები საფუძველს იძლევა, რომ ჩვენებურებმა ქართული ენა არ დაივიწყონ, თაობებს შემოუნახონ, – გვითხრა სტამბოლში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფის წამყვანმა მერი დიასამიძემ.

ემირ ფარუკ დემირ ტაში (მიქელაძე) მარმარისის რაიონში არსებული ქართული ასოციაციის (ცენტრის) უფროსია. მას კარგად ახსოვს ის დრო, როცა ინეგოლს, 1993 წელს, პირველად ესტუმრა შუახევის ფოლკლორული ანსამბლი. გალათასარაის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, შუახეველებმა კონცერტი ინეგოლში, ღია ცის ქვეშ გამართეს და ახლად გახსნილ ქართული კულტურის ცენტრს ეწვივნენ. იმ წლებიდან მოყოლებული, ინეგოლში ჩვენებურების ფესტივალი იმართება, რომელზეც საქართველოდან მიწვეული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და აკადემიური ანსამბლები გამოდიან.
თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენებურები ქართულს, ეროვნულს ეფერებიან, რასაც სათავე ახმედ მელაშვილმა დაუდო და ყველა სასიკეთო წამოწყების ორგანიზატორებს გვერდით უდგანან. მათ რიგებშია გირესუნში დაბადებული, ამჟამად სტამბოლში მცხოვრები ორჰან ბერიძე, რომლის წინაპარი 140 წლის წინ ქედის რაიონის სოფელ წონიარისიდან თურქეთში მუჰაჯირად წავიდა.
ორჰანი, ემირი, ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე), ამჟამად ტრაპიზონში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა ძაგნიძე, თარჯიმანი ლანა ძოწენიძე-ყალამბეგაშვილი, ტრაპიზონის ქართული ასოციაციის თავმჯდომარე მურათ საქა (სააკაშვილი) პირველები შეეგებნენ ტრაპიზონში არსებული დარბაზის ეზოში საქართველოდან მიწვეულ დელეგაციას (ხელმძღვანელი – საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე), იმ დღეს დარბაზში ქართული კულტურის ასოციაცია ფუძნდებოდა.

ეს იყო ორი ქვეყნის მკვიდრთა მეგობრობის, აზრების გაცვლის, კულტურული და ეროვნული ადათ-წესების დაახლოების გულთბილი საღამო. მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს სიტყვით გამოსულებმა: ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე მურათ საქამ, მისმა მოადგილემ ჰაქქი ბოსტანმა, ასოციაციის მდივნმა მუსტაფა ბაშიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს დიასპორის განყოფილების უფროსმა ნოდარ კომახიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძემ, ომერ ფარუქ დემირ ტაშმა (მიქელაძე), შავშეთის, ქალაქ ტრაპიზონის ცენტრის, ქალაქ ტრაპიზონის მერებმა დურმუშ აიდინმა, აჰმეთ ქაიამ, აჰმეთ მეიდინ ფენჩიმ, გირესუნი-ორდუს კავკასიური კულტურის ცენტრის უფროსმა ვოლქან ქარუჩოღლუმ, ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძემ, ბაიარ შაჰინმა, პოეტმა გულიკო გაბაიძემ, მერი დიასამიძემ.
საინტერესო იყო ის მხატვრული პროგრამა, რომელიც ტრაპიზონის ქორეოგრაფიული ანსაბლისა და „მარეთის“ (ხელმძღვანელი – ბადრი დარჩიძე) წევრებმა წარმოადგინეს.
ანზორ ბოლქვაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ ქალაქ ტრაპიზონის მერს აჰმეთ მეიდინ ფენჩის სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. თავის მხრივ, მასპინძლებმა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრები მადლობის ბარათებით დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ რამდენიმე მონაწილეს კომენტარი ვთხოვეთ.

ნოდარ კომახიძე: – მადლობა ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის დამფუძნებლებს, რომლებმაც საქართველოსთვის ეგზომ მნიშვნელოვან ქალაქში საფუძველი ჩაუყარეს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სულიერების კიდევ ერთ კერას. გვჯერა, რომ ჩვენი დედაენის პოპულარიზაცია ასოციაციის უპირველესი მიზანი იქნება. ვუსურვებ მას წინსვლას და განვითარებას.
აჰმეთ მეიდინ ფენჩი: – დიდი საქმეები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ასეთი სიახლეებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველო და თურქეთი მეზობელი და მეგობარი ქვეყნებია. ეს ასოციაცია მეტ შედეგს მოიტანს ამ ურთიერთობებში.
ანზორ ბოლქვაძე: – ტრაპიზონში ასოციაციის დაფუძნება ნიშანია იმისა, რომ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენებურები ეროვნულობას არ დაკარგავენ, დედაენას შეინარჩუნებენ.
ფრიდონ ფუტკარაძე: – ცენტრი თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს ქართული ენის შესწავლაში დაეხმარება. ისინი აქვე ეზიარებიან ქართულ კულტურასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. უახლოეს მომავალში რიგით მეხუთე ცენტრის გახსნა იგეგმება მუჰაჯირებით დასახლებულ სხვა ქალაქებშიც. ღონისძიებების ფარგლებში, ოსმალეთის იმპერიაში მაღალ თანამდებობაზე მოღვაწე და წარჩინებული ეთნიკური ქართველების ფოტოების გამოფენის პარალელურად, ჩვენებური ქალბატონის – მუზეიან თურქ-გოგიტიძის წიგნის წარდგენა გაიმართა, რომელშიც ჩვენებურების ტრადიციული ქართული კერძებია თავმოყრილი. ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ გოგრაჭაძე: – 140 წლის წინ შუახევის რაიონის სოფელ ჯაბნიძეებიდან მუჰაჯირად წასულმა ოჯახმა აკვანიც თან გაიყოლა. ეს აკვანი ახლაც რელიკვიად ინახება ინეგოლელი დავითაძეების ოჯახში. ასე უფრთხილდებიან ეროვნულ და ეთნოგრაფიულ ღირებულებებს თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები. კულტურის ასოციაციის დაფუძნება კეთილი და საშური საქმეა. ჩვენი ვალია, ახალი შენაძენებით გავამდიდროთ ეს ორგანიზაცია. მე სამახსოვროდ ექსპრომტად დაწერილი ლექსი „ჩვენებურის აკვანი“ დავუტოვე.
რამდენი ვართ იმ აკვნისა?
ერთი ასად — დაუთვლელი.
ვინ დაგვყო და ვინ გვაერთა?
აურაცხელ, აუთვლელი.
ჩამორწეული საგოგავი,
გურჯისტანის მაღალ მთიდან,
ცრემლიანი ის აკვანი,
მოტანილი პონტოს ზღვიდან.
იქაც ქართველს ზრდიდა თურმე
ქართულ სულის დიაკვანი,
ქართველების გასამრავლად
მოუჭედავთ ის აკვანი.
საუკუნეს ექოდ გასწვდა,
დედის ნანა ქართული,
აი ია – არტახებზე,
ნენეს ამოქარგული.
გასაყოფნი არ ვიყავით,
მაინც გაგვყვეს გამყოფითო,
ყველა თავის სოროს ავსებს
იმპერიის დამხობითო.
განაყოფი ისევ მრავლობს,
გამყოფები არ ჰყოფნითო,
მეც ვმცირდები, შენც მცირდები
ერთმანეთის არყოფნითო.
შენ თუ ვეღარ ექართველე
თაობების დიაკვანსო,
ჩვენებურის ,,ბოკვერებო“,
რაღა ვუთხრათ იმ აკვანსო.

გულიკო გაბაიძე: – აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი 10-მდე წევრით იყო წარმოდგენილი ასოციაციის დაფუძნებაზე. ხელცარიელნი არ მოვსულვართ – 20-მდე ქართული წიგნი დავუტოვეთ საჩუქრად. ეს ერთჯერადი აქცია არ იქნება. მამულიშვილთა კავშირი, აჭარაში მომუშავე მწერლები ამგვარ ასოციაციებთან (ცენტრებთან) მუშაობას ვაგრძელებთ.
მურად საქა (სააკაშვილი): ჩვენი ასოციაციის კარი ღია იქნება ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანისთვის. გვინდა, მილიონიან ქალაქში აქტიურები, სარგებლის მომტანი სამოქალაქო სტრუქტურის სახელი დავიმკვიდროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ შავი ზღვისპირეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დამეგობრებაში.
ოთარ ცინარიძე, ტრაპიზონი, 2026 წლის 10 იანვარი
გალერეა


