ტურისტული სეზონის მიმდინარეობის გაცნობა და სამუშაო შეხვედრა
10 წელზე მეტი გავიდა, რაც სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საზეიმოდ გაიხსნა. უცხოელმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა თავიდანვე დადებითი შეფასება მისცეს თოვლის ხარისხს. კურორტის ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვნად განვითარდა. შარშან 25 ათასზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი სტუმრობდა, რაც დიდად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. კურორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ თვეში ყველა სასტუმრო დატვირთული იყო. ტურისტების მოზღვავებაა სოფელ დანისპარაულის საოჯახო სასტუმროებშიც.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ გოდერძიზე ტურისტული ნაკადებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, სტაბილური და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.
„მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი აქტიურად ვითარდება. 2025 წელს რეგიონში ვიზიტიორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. ამაში დიდი წვლილი ეკისრება სწორედ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის ტრასებით არის გამორჩეული. კურორტი სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტიორებისთვის. დადებითი დინამიკა გვაქვს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესიც. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ოთხივე სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი“, – თქვა სულხან თამაზაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე ესწრებოდნენ.
კურორტ გოდერძიზე ტურისტული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ფართოვდება. ზამთრის მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა ახლად გახსნილი ობიექტები და აღნიშნა, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კურორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მატებასა და მთიანი აჭარის ეკონომიკურ გაძლიერებას.