ტურისტული ფილმების ფესტივალი – ბათუმში
By

ტურისტული ფილმების ფესტივალი – ბათუმში

ახლახან, ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ტურიზმის ვიდეომარკეტინგის საუკეთესო პლატფორმაა. იგი პოპულარიზაციას უწევს ქვეყნის, ქალაქის და რეგიონის ტურისტულ მიმართულებებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის მატერიალურ და არამატერიალურ ძეგლებს. ფესტივალი 2023 წელს დაარსდა ევროპული პროექტის EU Art Caravane ფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურად აერთიანებს კინოს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, საერთაშორისო ექსპერტებს და ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ თანამედროვე ვიდეომარკეტინგის ინოვაციებს. მიუხედავად ფესტივალის კამერული ფორმატისა, მასში ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ჟიური ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და იზრდება მისი ცნობადობა ტურიზმის ინდუსტრიაშიც. ფესტივალის შესახებ მისი დამფუძნებელი, ასევე ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ესპანეთსა და ბრიტანეთში, პროდიუსერი ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსი გვესაუბრება.

ქალბატონო ნატალი, როგორ გაჩნდა ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის იდეა?
– ჩვენი კულტურის ცენტრის პროექტები ყოველთვის გამორჩეული და უპრეცედენტოა მისი კონცეპტით თუ შინაარსით. პანდემიის დროს დაიბადა ეს იდეა. ტურიზმის ვიდეომარკეტინგის ინდუსტრიის მოკვლევა ჩავატარე. საქართველოში მსგავსი ფესტივალი არ არსებობდა და პროექტიც უმალვე დავწერე. ტურისტული ფილმების ფესტივალი დღესდღეობით, ყველაზე ეფექტური პლატფორმაა ტურისტული მიმართულებებისა თუ პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. თავად იდეის ინსპირაცია გახლდათ ჩემი მეგობარი, ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი ჰოლივუდიდან, რომელიც ზაგრების ტურისტული ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა.
– რა არის ფესტივალის მთავარი მიზანი?
– მისი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით კი რეგიონალური ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ფესტივალს, ასევე, აქვს შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათი, რათა მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. ევროპული პროექტის „არტქარავანის“ ფარგლებში, 2024 წელს შევქმენით ტურისტული ფილმების წარმოების საერთაშორისო ახალგაზრდული არტლაბი, სადაც შევასწავლით პროფესიონალური ტურისტული ფილმების გადაღებას მდგრადი ტურიზმის პრაქტიკების ლაიტმოტივით.

როგორ ეხმარება ვიდეომარკეტინგი ქალაქებსა და რეგიონებს ტურისტების მოზიდვაში?
– ტურიზმის სფერო, ზოგადად, ემყარება ადამიანების სურვილებს და შეგრძნებებს – მიიღონ სიამოვნება სხვადასხვა ადგილში მოგზაურობითა და სხვადასხვა ტურისტული და გასტრონომიული პროდუქტის დაგემოვნებით. შესაბამისად, მოკლე თემატური ტურისტული ვიდეოები და რილსები გვიღვიძებს ამ სურვილებს. ჩვენი რეგიონალური ფესტივალების მეშვეობით ვცდილობთ, სხვადახვა ქალაქში ჩავატაროთ ფესტივალები და გადავიღოთ მოკლე ფილმები ამ კუთხის სეზონური მახასიათებლების მიხედვით, რომელსაც შემდეგ საერთაშორისო აუდიტორიას წარვუდგენთ, ასევე, ჩამოსულ სტუმრებს ყოველ ჯერზე ახალ, მათთვის უცხო რეგიონს გავაცნობთ. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ტურისტული ფილმების წარმოების არტლაბის წევრები ფესტივალის ფარგლებში მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებენ და მასტერკლასებსაც ვატარებთ. აქვე ვიტყვი, რომ არსებობს ყოველწლიური ტურისტული ფილმების ოსკარი, რომელსაც ავსტრიული ორგანიზაცია ატარებს. იგი საუკეთესო ტურისტულ ფილმებს სხვადახვა კატეგორიაში გამოავლენს. ვიმედოვნებთ, საქართველოზე გადაღებული ფილმიც გახდება ოსკარის მფლობელი და საქართველოში, კერძოდ, ბათუმშიც ჩატარდება ტურისტული ფილმების დაჯოლდოების ცერემონია.
როგორ შეირჩა საერთაშორისო ჟიური და რა კრიტერიუმებით აფასებდნენ ფილმებს?
– ფესტივალის ჟიური, ძირითადად, ქართველი და უცხოელი ტურიზმის, მარკეტინგისა და კინოხელოვნების სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. წელს ჟიურის წევრები გახლდათ ზაგრების საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის დირექტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, ქალბატონი სპომენკა სარაგა, რომელიც აღფრთოვანებულია. ჩვენი ქალაქით და ზოგადად, ქვეყნით. გვითხრა, ჩემს თავს ვერ ვპატიობ, როგორ არ ვიცოდი ამ ულამაზესი ქვეყნის შესახებო. ასევე, ტონი დაიერი, ცნობილი მომღერალი და კლიპრეჟისორი მიშელ კრუზი – ბიზნესისა და მარკეტინგის გურუ, ბატონი თემურ ზოიძე – პროფესორი, ტურიზმის ექსპერტი, ბობი გრუბიჩი -ზაგრების ტურისტული ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე, უკრაინის „Music Box“-ის დირექტორი, ბექა სონღულაშვილი – გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი და ინდუსტრიის სხვა ექსპერტები. ფილმები სხვადასხვა კატეგორიაში შეფასდა: საუკეთესო ტურისტული მიმართულება, საუკეთესო ტურისტული პროდუქტი, სერვისები, გასტრონომია და ა.შ.
რომელი ქვეყნები არიან ყველაზე აქტიურად ჩართული ფესტივალში?
– წელს 64 განაცხადი მივიღეთ და 8 საუკეთესო ტურისტულ ვიდეოს გადაეცა პრიზი სხვადასხვა ნომინაციაში. ყველაზე აქტიურად მაინც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები: ესპანეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, სლოვენია იყვნენ ჩართულები. საქართველოდან უფრო მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი, მაგრამ უფრო რილსის სახით. შესამჩნევია, რომ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში მაგავსი ფილმების გადაღების კულტურა და „გაიდლაინები“. ფესტივალის და არტლაბის მიზანია, დავნერგოთ და განვავითაროთ ტურიზმის ვიდეომარკეტინგის ინდუსტრია საქართველოში.

მიუხედავად კამერული ფორმატისა, ყოველ წელს იზრდება ფესტივალის ცნობადობა. რას მიაწერთ ამ წარმატებას?

– მსგავსი ფესტივალების კონცეპტიდან გამომდინარე, იგი შეიძლება გაიმართოს კამერულ ფორმატშიც და ასევე, პომპეზურადაც. მაგალითად, ლატვიაში არსებობს მსგავსი ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში ერთ ლოკაციაზე ტარდება, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია. ადამიანები წინასწარ ეწერებიან და გეგმავენ იქ მოხვედრას. ჩვენს ფესტივალს, რადგან ჯერ კიდევ ახალია საქართველოში, მხარდამჭერი ორგანიზაციები და ინდუსტრიები ნაკლებად იცნობდნენ. ცოტა ძნელი იყო მათი დარწმუნება, თუ რამდენად აქტუალური შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პროექტი. ვფიქრობთ, 3-წლიანი ძალისხმევით, ჩვენი სიტყვა ვთქვით. ფესტივალის ხარისხი ყოველწლიურად მაღლდება, უფრო მეტი საინტერესო და ცნობილი ადამიანები, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი პროფესიონალები და ინდუსტრიის ექსპერტები ერთვებიან მასში. ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის ცნობადობა უცხოეთში. მის შესახებ, ესპანეთსა და ხორვატიაში ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებში 5-გვერდიანი სტატიები დაიწერა, არაერთი სიუჟეტი გადაიცა სატელევიზიო სივრცეში ჩვენი გუნდის უცხოელი პარტნიორების, ფესტივალის მონაწილეებისა და ჟიურის წევრების დახმარებით.

როგორ გეგმავთ ფესტივალის განვითარებას მომავალ წლებში და რა სიახლეებს უნდა ელოდოს საზოგადოება?
– სასიხარულოა, რომ ფესტივალი და ტურისტული ფილმების წარმოების არტლაბი უკვე წარმატებით დაფუძნდა ჩვენს ულამაზეს ბათუმში. სამომავლოდ ვგეგმავთ, ფესტივალი ჩატარდეს ან გაგრძელდეს სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, წყალტუბოში, სადაც დაიბადა ეს ინოვაციური იდეა და დაიწერა ისტორია. ასევე, ვგეგმავთ კახეთში, სამეგრელოს და ყველა რეგიონში, სადაც კი გვექნება მხარდაჭერა. დიდი სიამოვნებით შევქმნით შესაბამის სეზონურ თუ რეგიონალურ თემატიკას, რომ საინტერესო იყოს ჩამოსული სტუმრებისთვის. ექსკლუზიურად ვაანონსებ – ნოემბერში ესპანეთის ანდალუზიის რეგიონის დედაქალაქ მალაგასა და მარბეაში გავმართავთ დამეგობრებული ქალაქების – ბათუმისა და მარბეას საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალს. ეს მოხდა ევროპული პროექტის „არტქარავანის“ ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Les Roches-ის გლობალური სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის კოლეჯის მხარდაჭერით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორის დეპარტამენტს, ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, მასმედიის წარმომადგენლებს, ჩვენი გუნდის წევრებს, არაჩვეულებრივ ადამიანებს: მიშელ კრუზს, მალხაზ ქვრივიშვილს, ბატონ თემურ ზოიძეს, თათა ქათამაძეს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობებს ბექა სონღულაშვილს და კახა კუპატაძეს, თამარ გუდავას, ჩვენი არტლაბის ახალგაზრდებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *