
უბრალო რიცხვები თუ რეალობა? „გორბის“ სოციოლოგიური კვლევა – ოპოზიციის უნდობლობის ფონზე
მიმდინარე კვირაში პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემად იქცა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევა თბილისსა და რეგიონებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა და მასში საქართველოს 2300-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მოიცავდა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხს.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, ცდომილების ზღვარი კი +/-3% იყო. „გორბის“ კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის უმეტესობა კვლავ მმართველ პარტიას უჭერს მხარს. კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 56,2%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო მეორე ადგილი 10,7% -კოალიცია „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ერგო, მესამე ადგილზე 10%-ით „გახარია საქართველოსთვის“ გავიდა, დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: „კოალიცია ცვლილებისთვის“- 9,5%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7,5%; „გირჩი“ – 3,2%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,8%; სხვა პარტიები – 1,1 %. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ხოლო 24% ოპოზიციას მიიჩნევს საუკეთესო გამოსავლად მშვიდობისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. გამოკითხულთა უმრავლესობა, 63% მიიჩნევს, რომ არჩევნები -სამართლიანი და დემოკრატიული, ხოლო 29%-ის განცხადებით, – არასამართლიანი და არადემოკრატიული იქნება, 8%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე.
აღნიშნული კვლევა შეეხო ადგილობრივი ინსტიტუტების მიმართ ნდობას, ირაკლი კობახიძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაოს შეფასებას, მერის ხელახალ არჩევნებსა და
ხალხის მოლოდინს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
კვლევის შედეგებით, ,„ოცნება“ გამარჯვებას უკვე ზეიმობს, ოპოზიცია კი მოლოდინის რეჟიმშია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი რეიტინგი წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მომატებულია და საზოგადოების ნდობაც უფრო მაღალია.
– „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა. ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს – ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს. ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს – გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.
კვლევას არ ენდობიან ოპოზიციაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც 12 წლის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებს შორის ლიდერი იყო, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ლიდერის პოზიცია დაკარგა, აღნიშნულ გამოკითხვაში კი ნომერი „5“ მე-5 ადგილს იკავებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ეს კვლევა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა.
„აქ შეუძლებელია, ვისაუბროთ სოციოლოგიაზე, პროცენტულობაზე, მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მისი სურვილია სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ. მან, ასევე, გააკრიტიკა კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშში არიან ჩართულები.
„ქართველი ხალხი გაგიჟდა, რა მაგარია თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისსო? ამის სჯერა ვინმეს დედამიწის ზურგზე? დარწმუნებული ვარ, მათ ოფისებშიც არ სჯერათ, უბრალოდ, უფრო მკაფიოდ უნდა თქვან, ივანიშვილის თამაშში, ნებსით თუ უნებლიეთ, როცა მონაწილეობ, ისე გათამაშებს, რომ შენ საერთოდ აღარაფერს გკითხავს“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
თუ გადავხედავთ ახლო წარსულში გაკეთებულ განცხადებებს, ვნახავთ, რომ „ლელოს“ ყოველთვის ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველობაზე პრეტენზია და ახლა, როდესაც „გორბიმ“ იგი მართლაც ოპოზიციურ ლიდერად დაასახელა, აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა ტყუილს ეფუძნება და მონაცემებს აყალბებს.
– „გორბის“ ყველა კვლევა იყო და არის ყალბი! ყოველთვის ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც. „გორბი“, პირველ რიგში, აყალბებს „ქართული ოცნების“ რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში „ოცნებას“ 24% აქვს, რეგიონებში კი, საშუალოდ, 31%. „ოცნება“ წაგებული პარტიაა. ვინც „გორბიზე“ სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის მსხვერპლად, რასაც „გორბი“ და ივანიშვილი ისახავს მიზნად. არცერთი ვერსია არ არის მომხიბვლელი. იმედია, ამას სწორად გაიაზრებს ოპოზიციური საზოგადოება, რომ „გორბის“ სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია, – წერს სოციალურ ქსელში „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
შეიძლება ითქვას, რომ „ლელო“ ერთგვარ გაურკვევლობაშია. არც კვლევებს ენდობიან, არც არჩევნების ჩატარების ტექნიკას, მაგრამ მაინც მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში.
ამ ყველაფრის ფონზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“, ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან, საერთო კანდიდატებზე მსჯელობას განაგრძობენ და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლელო“ და გახარიას გუნდი თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს განიხილავს.
ფაქტი ერთია, საარჩევნო ციებ-ცხელება ქართულ პოლიტიკაში უკვე დაწყებულია და ერთმანეთის მიმართ კონკურენციაც იმატებს. რა იქნება საბოლოოდ, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები გვიჩვენებს.
თამარ ლამპარაძე