
„ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში“
ბათუმი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას მასპინძლობდა თემაზე – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში“. წამყვანმა ექიმებმა – უროლოგებმა, ონკო-უროლოგებმა და რობოტულმა ქირურგებმა წარმოადგინეს მოხსენებები. კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.
– მადლობა ორგანიზატორებს საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის. მოგეხსენებათ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად არის ორიენტირებული, რომ რეგიონის მოსახლეობას ჰქონდეს როგორც გადაუდებელ სამედიცინო, ასევე, თანამედროვე, ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. პაციენტების საჭიროებების გათვალისწინებით, ონკოპროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და ემატება დასაფინანსებელი სერვისების ჩამონათვალი. ერთ-ერთი ასეთი კი გახლავთ რობოტული ქირურგია და მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის ონკო-უროლოგს, რობოტულ ქირურგს, ბატონ გურამ ქარაზანაშვილს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და სწრაფი რეაბილიტაციით, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფორმატში განიხილეს პროსტატის კიბოს სკრინინგის ახალი მიდგომები და მიკრო-ულტრაბგერითი მეთოდების გამოყენება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე დიაგნოსტიკისა და ბიოფსიის განხორციელების შესაძლებლობები, რობოტული ქირურგიის ეფექტურობა პროსტატის და თირკმლის სიმსივნეების მკურნალობაში და სხვა.
გალერეა

