უმაღლესი საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარადგინეს
By

უმაღლესი საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარადგინეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების განხილვის პროცედურები დაიწყო. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ინფორმაციით, საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ბიუროს წევრებს ნოდარ მელაძის, ირაკლი გვარჯალაძის და მარიამ გუგუნავას კანდიდატურები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. დავით გაბაიძის განცხადებით, კონკურსში მონაწილე ხუთი კანდიდატიდან საკონკურსო კომისიამ სამი შეარჩია, სამივე უსკოს მოქმედი წევრია.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა და განისაზღვრა განხილვის ვადა.

ცნობისათვის: აქამდე უსკოს წევრების შესარჩევ კონკურსს აცხადებდა აჭარის მთავრობა და შემდგომ მათ წარუდგენდა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, თუმცა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდგომ, ეს უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანოს მიენიჭა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ აღნიშნული კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია განაპირობა.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *