19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 100 ათასი ლარით მცირდება
By

უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 100 ათასი ლარით მცირდება

ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –

რაში დაიხარჯება 23 მილიონი ლარი რატომ გახდა აუცილებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან?
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ იყო ინიცირებული, ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ უმაღლეს საბჭოში. კანონის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
– საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით დაიგეგმა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა, პროექტის თანახმად, 23 370,3 ათასი ლარითაა განსაზღვრული. პრიორიტეტი ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსება, საკარანტინე ზონების, სამედიცინო დაწესებულებების სათანადო საჭიროებებით უზრუნველყოფა, პანდემიისაგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა, სოფლის მეურნეობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერაა, – აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის თქმით, ბიუჯეტში თანხები მუხლიდან მუხლში გადავიდა, იგეგმება, დაახლოებით, 23 მილიონი ლარის ცვლილება, პანდემიის გამო გაუქმდა ღონისძიებები, შემცირდა მიმდინარე და სამივლინებო ხარჯები.

– ბატონო გიორგი, რა მიმართულებით დაიხარჯება 23 მილიონი ლარი?
– ძირითადად, მოხმარდება საკარანტინე ზონებისთვის სასტუმროების დაქირავებას. მართალია, ამ მიზნით თანხები გამოყოფილი იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დაფინანსება. ამიტომ, საჭირო ფინანსური რესურსი  ჩასმულია ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტში. საკარანტინე ზონების დასაქირავებლად 7 მილიონი ლარია განსაზღვრული.  ამასთან, 3 მილიონი ლარით გაიზრდება მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი. ასევე, მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაც, რომლისთვისაც 8 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი 2 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზრდება. მალე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება და მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს უსასყიდლოდ დაუმუშავებენ, რაც ვფიქრობ, შეღავათი იქნება მათთვის.
– რატომ გახდა აუცილებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოგეყოთ, ხელისუფლება ხომ მუდმივად აცხადებდა, რომ საავადმყოფოს აღჭურვა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა?
– ერთ კორპორაციაში უნდა გაერთიანებულიყო სახელმწიფო კლინიკები, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც, რომლის აღჭურვაც ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო, მაგრამ პანდემიამ, არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. ამიტომ დინებას მივყვებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენივე სახსრებით აღვჭურვოთ რესპუბლიკური საავადმყოფო.
– 8 მილიონი ლარი საკმარისია სრულყოფილად აღჭურვისთვის?
– საავადმყოფოს რაღაც ნაწილი ბიზნესის ჩართულობით აღიჭურვა. სრულად აღჭურვისთვის საკმარისი არ იქნება 8 მილიონი ლარი, მაგრამ კრიტიკული სიტუაციის გადასატანად, მხედველობაში მაქვს პანდემია, საკმარისი იქნება. საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვალისწინებული. ჯერჯერობით, ჩვენი ექიმების დამსახურებით, არ არის 170-ივე საწოლის საჭიროება და ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება.
– ოპოზიციას ჰქონდა პრეტენზია, რომ ბიუჯეტი მთავრობის თავმჯდომარეს უნდა წარმოედგინა უმაღლეს საბჭოში.
– სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და პოპულიზმია, მეტი არაფერი. მათი დანიშნულებაა, ატეხონ აჟიოტაჟი.
– პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა რომ ვისაუბროთ, იყო თუ არა აუცილებელი თორნიკე რიჟვაძის მოსვლა საკანონმდებლო ორგანოში?
– ბიუჯეტი მთავრობის თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს, მაგრამ მას ასევე აქვს აღნიშნულის დელეგირების უფლება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის. ეს ერთგვარი ტრადიციაა და ვფიქრობ, სწორიც. ფინანსებთან, ბიუჯეტთან მიმართებაში, არა მგონია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრზე მეტი, იგივე მუხლობრივი ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე, სხვამ იცოდეს. ის, რომ თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოსულიყო და „ნაციონალური მოძრაობის“ დაუსაბუთებელი კრიტიკა ესმინა, არასწორია. საკმაოდ ბევრი საზრუნავი აქვს როგორც საქართველოს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.  თუ დააკვირდებით, ყველა მათ გამოსვლაში ერთი და იგივე მოთხოვნაა  ერთი და იგივე ტექსტით – მოვიდეს პრემიერი პარლამენტში, მთავრობის თავმჯდომარე – უმაღლეს საბჭოში და ა.შ. ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, დამტკიცებული გეგმა-გრაფიკი აქვთ, ვინ როგორ და რანაირად უნდა ილაპარაკოს.
– როგორც ვიცით, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიც მცირდება. . .
– უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტს 100 ათასი ლარით ვამცირებთ, ეს არის საწვავის, სამივლინებო და მიმდინარე ხარჯები.  ვფიქრობ, წლის ბოლომდე საკმაოდ ბევრი ეკონომიის გაკეთება შეიძლება როგორც ჩვენთან, ისე სხვა სამინისტროებში, სამთავრობო სტრუქტურებში და ე.წ. დიდი ცვლილება, რომელიც ზაფხულში უნდა განხორციელდეს, უფრო სრულყოფილ სახეს მისცემს რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტს. ამასთან, მაისში ცვლილებები იგეგმება ცენტრალურ ბიუჯეტშიც, რის შემდეგაც გვეცოდინება, შემოსავლების ნაწილში რა გვაქვს, რამდენი გვაკლდება და, შესაბამისად, ჩვენც დავაკორექტირებთ ხარჯებს.

  • No Comments
  • აპრილი 29, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *