 
                                უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, ვახტანგ ბერიძისა და მამუკა თურმანიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
დადგენილების შესაბამისი პროექტები, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ვახტანგ ბერიძე და მამუკა თურმანიძე, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, არჩეულები არიან ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებად. ამასთან, ორივე მათგანი მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 2025 წლის 29 ოქტომბრიდან.
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობები შეუთავსებელია უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის. კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ლაშა სირაბიძის მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტებს და ყოფილ კოლეგებს წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.
რიგგარეშე პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები – ნინო ჩხეტია და არჩილ სამნიძე.

