უმაღლესმა საბჭომ ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
ორივე საკითხი შეეხებოდა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობას. კერძოდ, განიხილეს: ვახტანგ ბერიძის ადგილმონაცვლის – ნადიმ ვარშანიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი და მამუკა თურმანიძის ადგილმონაცვლის – ილია ვერძაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი.
განხილვის შემდეგ დეპუტატებმა ორივე კანდიდატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს, რითაც ნადიმ ვარშანიძე და ილია ვერძაძე უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ.
– როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნაღლესი საბჭოს ორ წევრს – მამუკა თურმანიძესა და ვახტანგ ბერიძეს შეუწყდათ უფლებამოსილება გამომდინარე იქიდან, რომ დაიკავეს უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა. აქედან გამომდინარე, დაიწყო პროცედურები ადგილმონაცვლეების შესახებ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ადგილმონაცვლეები არიან ბატონი ილია ვერძაძე და ნადიმ ვარშანიძე. მათ უსკოში წარადგინეს ყველა ის დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს კანონი. შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ გაიმართა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული პიროვნებების უფლებამოსილების ცნობის საკითხი. შესაბამისად, დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გატანილი იქნა ეს საკითხი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ცნო ორი ახალი წევრის უფლებამოსილება. მინდა ჩემს ორივე კოლეგას წარმატებები ვუსურვო სადეპუტატო საქმიანობაში. უმაღლესი საბჭო, რიგგარეშე სხდომით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან მალე ისევ შეიკრიბება, – განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.

ორივე დეპუტატმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს და განაცხადა, რომ ძალღონეს არ დაიშურებენ, გაამართლონ უმაღლესი საბჭოს მხრიდან კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობა.
– მეტად საპასუხისმგებლოა საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა, ეს ნიშნავს, რომ ბევრი საკითხი არის დამოკიდებული შენზე და გუნდშიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების თანამონაწილე ხარ. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, კიდევ უფრო მეტი ძალით, შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთო საქმე, რაც ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის სასარგებლო იქნება, – განაცხადა ილია ვერძაძემ, რომელიც მესამედ გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ნანა აბულაძე.