უმნიშვნელოვანესი მოვლენების პოლიტიკური კალეიდოსკოპი
By

უმნიშვნელოვანესი მოვლენების პოლიტიკური კალეიდოსკოპი

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რამაც უმნიშვნელოვანეს კითხვას უნდა გასცეს პასუხი: რა სტადიაში იმყოფებიან პოლიტიკური პარტიები? ანუ ვის რა მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში? რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? გარდა ამისა, ჩვენს სამეზობლოში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა, კვირის ბოლოს კი ალიასკაზე ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს, რამაც არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. განვიხილოთ ზემოაღნიშნული საკითხები თანმიმდევრულად.
თვითმმართველობის არჩევნებიბოიკოტის და მონაწილების მომხრეთა არგუმენტები

ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ეს არჩევნები იმითაც იქნება საყურადღებო, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. მიზეზი, მათი თქმით, ის არის, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და თანაც არ ენდობიან, რადგან ეჭვი ეპარებათ მის სამართლიანობაში. მათივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, რაც აისახა ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც. როგორც გაცხადდა, არჩევნებში დაახლოებით, 17 პარტია მიიღებს მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემო კონკურენტუნარიანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმიტომ არ მონაწილეობს არჩევნებში, რომ მოსახლეობის ნდობა დაკარგა. ამ მხრივ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის ფაქტორი, რომ ,,ლელო საქართველოსთვის “ და გახარიას პარტია მონაწილეობენ არჩევნებში. არადა, რამდენიმე თვის წინ ,,ლელო საქართველოსთვის“ არჩევნების ბოიკოტს ემხრობოდა, მაგრამ როგორც თქმულა: „პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობენ მუდმივი ინტერესები“. როგორც ჩანს, ამჟამად „ლელოსთვის“ უფრო პრიორიტეტულია არჩევნებში მონაწილეობა, რათა, მათი თქმით, პროცესები ქვეყანაში უფრო დინამიკური გახდეს და აქციებიც გამოცოცხლდეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არჩევნებისადმი ბოიკოტი ჩვენს ქვეყანაში ერთხელ განხორციელდა ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, რომელმაც მთელი მოსახლეობა დარაზმა ამ მიმართულებით და საწადელსაც მიაღწია, მაგრამ ამჟამად ოპოზიციის ფლანგზე გამსახურდიას დონის პოლიტიკოსი არ არის! დიახ, ოპოზიცია, გარკვეულწილად, გახლეჩილია, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, თანაც მმართველი პარტია უკვე აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში და მოსახლეობას მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრება, ცხადია, „ქართული ოცნება“ და არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები შეეცდებიან, ამ საარჩევნო პროცესში თანმიმდევრულნი იყვნენ, ამომრჩევლები თავიანთ უპირატესობაში დაარწმუნონ. ამის ნიშნები უკვე ჩანს – მთავრობაში განხორციელდა საკადრო ცვლილებები და ასევე, ოპოზიციურ სპექტრში მიდის შესაბამისი პროცესები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია ამ არჩევნებში მოსახლეობის აბსოლუტურ მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც მათი მოღვაწეობის, პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმის შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, ანუ ოპოზიციას არ ექნება არჩევნების გაყალბების დამამტკიცებელი არგუმენტი და ასევე, თუ ბოიკოტი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, ეს დასავლეთში ხელისუფლების ლეგიტიმურობას განამტკიცებს, ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ ექსპერტები, რომლებიც ხელისუფლებას ურჩევენ, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქციოს, რათა საქართველომ გეოპოლიტიკური დანიშნულება არ დაკარგოს.

ისტორიული შეთანხმება

როგორც აღვნიშნეთ, აშშ-ის დიპლომატიის ძალისხმევით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა – აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში დაძაბულობით და კონფლიქტებით დამძიმებული ურთიერთობების განმუხტვას და ახალი ეტაპის დაწყებას. დოკუმენტი ითვალისწინებს კომუნიკაციების გახსნას და რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, თუმცა პროცესმა ყველა მხარე არ გაახარა, განსაკუთრებით – რუსეთი. მისთვის ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის, როლი სამხრეთ კავკასიაში იზრდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი რეალობა არა მხოლოდ რეგიონალურ პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის, არამედ ეკონომიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაზეც იმოქმედებს. ექსპერტები, ასევე, აფრთხილებენ, რომ ისტორიული ხელშეკრულების მდგრადობა დამოკიდებული იქნება მხარეთა ნდობასა და გარე ძალების ჩარევის ხარისხზე. რა თქმა უნდა, იგულისხმება რუსეთი. მაინც, რა ბერკეტი აქვს ამ მხრივ რუსეთს აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ? ანალიტიკოსთა აზრით, კრემლს, პრაქტიკულად, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია აზერბაიჯანის წინააღმდეგ. იქ რუსეთის ჯარი არ დგას, ეკონომიკურად ბაქო რუსეთზე არაა დამოკიდებული, თანაც აზერბაიჯანს აქტიურად უჭერს მხარს თურქეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება სომხეთს, კრემლი წლების განმავლობაში ცდილობდა ფაშინიანის დამხობას, აქციებიც იმართებოდა ამ მიმართებით. კრემლში არ უყვართ რევოლუციის გზით მოსული ლიდერები, ფაშინიანი კი სწორედ ასეთი ლიდერია, მაგრამ სომხეთში მარტივი არ იქნება პრორუსული ძალის მოსვლა. ფაშინიანმა გაანეიტრალა პრორუსული ძალები, თუმცა სომხეთში რჩება რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც დესტაბილიზაციის წყაროა. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
არანაკლებ საყურადღებოა აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა აზერბაიჯანთან. როგორც გაცხადდა, აშშ-მა აზერბაიჯანისთვის 150 მილიონის ღირებულების იარაღის მიწოდება გადაწყვიტა. ამ მხრივ, საინტერესოა პოლიტოლოგ გელა ირემაძის მოსაზრება: ,,ცხადია, აშშ-ის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა აზერბაიჯანისთვის. 150 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდება მნიშვნელოვნად გააძლიერებს აზერბაიჯანის სამხედრო შესაძლებლობებს – ახალი ტექნიკა, იარაღი და სხვა რეგიონში სამხედრო ბალანსის საშუალებას იძლევა, თუმცა ისედაც არ აკლდა აზერბაიჯანს სამხედრო შეიარაღება თურქეთის და ისრაელის მხრიდან. აშშ-ის ეს ნაბიჯი რეგიონში, ცხადია, მის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში. ისიც ცხადია, რომ რუსეთის პოზიციას ეს მნიშვნელოვნად აზარალებს, რადგან რეგიონში რუსული სამხედრო და პოლიტიკური დომინანტობა ირღვევა“.

მსოფლიო ტრამპის და პუტინის შეხვედრის მოლოდინში
15 აგვისტოს ალიასკაზე აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს. ცხადია, მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომია. ,,მე იქ (ანუ ალიასკაზე) მივდივარ პუტინთან სალაპარაკოდ… ვაპირებ, მას ვუთხრა, – შენ უნდა დაასრულო ომი, უნდა დამთავრდეს ეს“, – განაცხადა ტრამპმა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინა ევროპისა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო შეთანხმების გეგმის ნაწილის ფარგლებში, მზად არის, საბრძოლო მოქმედებები გაიყინოს მხოლოდ დღეს მოცემულ საზღვრებზე და რუსეთს დაუთმოს ის ტერიტორიები, რომელებიც უკვე მის კონტროლქვეშაა“. გარდა ამისა, ზელენსკიმ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, უარყონ ტრამპის ყველა იდეა, რომელიც გულისხმობს რუსეთისთვის ახალი უკრაინული ტერიტორიების გადაცემას. არადა, პუტინის მოთხოვნები არ იცვლება, ითხოვს დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების სრულ შეერთებას, ანუ უკრაინის ჯარმა დაკავებული ტერიტორიები უნდა დათმოს, რასაც კიევი არ თანხმდება, რადგან ამ ტერიტორიების დაკავების შემთხვევაში, რუსეთს ხარკოვის დაუფლება გაუადვილდება. ცნობილია ისიც, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. რაზე შეთანხმდებიან ტრამპი და პუტინი, ჯერჯერობით უცნობია. დასავლელმა ლიდერებმა (საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი. . .) განაცხადეს, რომ უკრაინის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება გამორიცხულია და ისინი კიევს არ მიატოვებენ. ტრამპმა კი შეარიგა პაკისტანის და ინდოეთის ლიდერები, ასევე, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით, მაგრამ რუსეთი სხვა განზომილებაა, ის იმპერიული ამბიციებითაა შეპყრობილი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთადერთი ფაქტორი, რომელიც რუსეთს უკან დაახევინებს – მძლავრი ეკონომიკური სანქციების დაწესება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაა. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომი მეოთხე წელია მიმდინარეობს და უკვე მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება შეიძლება. უკრაინამ შეძლო არა მხოლოდ გამკლავებოდა რუსეთის არმიას, არამედ რამდენიმე ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაც. თანაც უკრაინის არმიამ გამოფიტა რუსული ჯარი, რაშიც მნიშვნელოვანი როლი დასავლეთმა ითამაშა. მაინც, რა არის რუსეთის გამარჯვება და მარცხი უკრაინაში? ამ კითხვას პასუხობს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე: ,,. . .რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომლებიც გაცხადებული აქვს თავის კუთვნილებად – მთელი ხერსონი,ზაპაროჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი. . . რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას რაიმე სახელმწიფოებრივი საერთაშორისო გარანტია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანად გადარჩა) – ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაცია გაგრძელდება და რუსული ოკუპაცია ან დამთავრდება, ან ძალიან მყიფე დარჩება . . . რუსეთი გამარჯვებული ხდება, თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია დამთავრდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნება განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხსნა. . . რუსეთი გამარჯვებულია, თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიევის ვერაღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისთვის“.
იმედია, უკრაინა არა მხოლოდ შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, არამედ დასავლეთის ძალისხმევით შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, რათა საერთაშორისო სამართლმა იზეიმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუსეთს შერჩა აგრესია, ეს მას და სხვა იმპერიულ ქვეყნებს წააქეზებს ახალი აგრესიისკენ, რაც ომების, აგრესიის სათავე იქნება, რისი დაშვებაც არ შეიძლება.

 

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *