„უნდა გადაფურცლო ადამიანები, ცა და მიწა“. . .
By

„უნდა გადაფურცლო ადამიანები, ცა და მიწა“. . .

ახლახან, თბილისში, წიგნის ფესტივალზე მკითხველთა ყურადღება მიიპყრო თანამედროვე ახალგაზრდა მწერალ მარიამ ბაიდაშვილის რომანმა ,, ლურჯი სულები”, რომელშიც ავტორი ლეგენდას, რეალურსა და გამონაგონს ერთ მთლიან ისტორიად აქცევს და მისტიკურად წარმოგვისახავს. პერსონაჟებთან ერთად მკითხველიც იწყებს მოგზაურობას მიწაზე, სადაც ცეცხლის გარშემო ბელადები ცეკვავენ, მგლები მთვარის შუქზე მღერიან და ოკეანე უძველესი ტრფობის ამბებს გვიყვება. . . უფრო დეტალურად თავად ავტორი ისაუბრებს ამ არაორდინარულ წიგნზე.

საკუთარ პერსონას როგორ წარმოგვიდგენთ?

– ჩემი პერსონა? ალბათ, ასე გაგეცნობოდით – „პლანეტა დედამიწაზე მოგზაური“. ბევრი სამყარო მაქვს შიგნით, ბევრი პერსონა, ჩემი თავის ბევრი ვერსია. ყველას თავისი როლი აქვს, მაგრამ რაც მათ აერთიანებს, არის სამყაროს სიყვარული და მისი კანონზომიერებით აღფრთოვანება. ეს ჩემი ყოველდღიურობაა. მზე, ცა, მიწა და დაღამება მყოფნის, რომ ისევ თავიდან დავიბადო და ახალი სიცოცხლე აღმოვაჩინო. მიყვარს სიცოცხლის რიტმის მოსმენა, ხელისგულების მიწაზე დადება და მცირე ბიძგების შეგრძნება. ზოგჯერ ვჩერდები და ვფიქრობ: კოსმოსში ვარ, პლანეტა დედამიწაზე – და საოცარი განცდა მეუფლება.

როდის და როგორ გაჩნდა იდეა ,,ლურჯი სულების დაწერის შესახებ, რა ჟანრს მიაკუთვნებთ ?

– „ლურჯი სულები“ მაგიური რეალიზმის ჟანრს მიეკუთვნება.
როგორც უკვე ვთქვი, ჩემს თავში სხვადასხვა სამყარო ცხოვრობს. მოზარდობაში წერილებს ვწერდი ამ სამყაროში მცხოვრები პერსონაჟებისთვის, ვხატავდი მათ სახეებს. მჯეროდა, რომ სადღაც ისინი არსებობდნენ, მაგალითად, ალფა მგელი, რომელიც ადამიანებს ემეგობრება, მთვარის სიმღერა და მისი ჩურჩული ღამით.

ლაშქრობებზე რომ დავდივარ, ქვის ლოდები გაქვავებული ქმნილებები მგონია, ერთ დროს ცოცხალნი. ჩემთვის ზღვის ტალღებიც კი სუნთქავენ, ზღვა ცოცხალია, კლდეებიც ცოცხალია, ალბათ ამიტომაც არ ყოფილა დრო, როცა მათზე არ ვწერდი. მინდოდა ეს სამყარო ერთად შემეკრა და მექცია სივრცედ, სადაც მათ შევხვდებოდი. ეს სივრცე ჩემი წიგნი გახდა, სადაც ყველაფერი გავაცოცხლე, რისიც მჯეროდა.

რა იყო ყველაზე რთული ამ ნაწარმოების შექმნის პროცესში სტილი, სიუჟეტი თუ ემოციური ხაზის შენარჩუნება?

– სტილზე და სიუჟეტზე ბევრი არ მიფიქრია, ვწერდი ისე, თითქოს მელოდიას ვქმნიდი. რიტმებს ვუსმენდი. ყოველი თავის ბოლოს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, რაც მოხდებოდა შემდეგ. მოუთმენლად ველოდებოდი, რა გაგრძელება ექნებოდა. დასასრულიც კი არ ვიცოდი წინასწარ, ჩემთვისაც მოულოდნელად მოდიოდა. სირთულე ერთი იყო, როგორ გაიგებდა ხალხი ამ ღრმა ემოციებსა და განცდებს. ზღვისა და ქვების, ასტეროიდებისა ან მთვარის ცოცხალ ქმნილებად ქცევას. იმ სევდას, რომელიც სიტყვებში ავამღერე.

თქვენ ამბობთ, რომ ეს ლეგენდა საუკუნეების წინ დაიწერარა არის ამ მითოლოგიური შთაგონების წყარო?

შთაგონების წყარო ჩემთვის არის შემოქმედი, ზეცაში მყოფი ღმერთი, რომელსაც ჩემს წიგნში მეუფეს ვეძახი. დაბადება, სიცოცხლის დასაწყისი, სიბნელისა და სინათლის თავდაპირველი ჭიდილი…
ჩემთვის ადამიანთა მოდგმის დაცემამდე სამყარო რაღაც ისეთი იყო, როგორიც ჩემს წიგნში. სადაც ადამიანთან ერთად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქმნილებება, ადამიანები მგლებთან მეგობრობდნენ და ჰქონდათ კოსმოსთან სხვა, უფრო ახლო და ლამაზი კავშირი.

ეს წიგნი როცა დაწერეთ, თავად თუ იყავით შეყვარებული?

– ვგრძნობდი, თანაც ყოველთვის. გონებაში გამუდმებით ერთი სახე იდგა, ისეთი, როგორიც ჩემს წიგნში ბობ ლუთიადემია. ის მიყვარდა და მიყვარს. დიდი ტანის, იდუმალი, ზღვის მსგავსი, მშვიდი და ერთდროულად მღელვარე.

რა დატვირთვა აქვს ლურჯ ფერს თქვენს ნაწარმოებში?

– ჩემთვის ლურჯი სულის ფერია. ემოციების, დაბადების, განწყობის ფერი, სილამაზის, სიღრმის და მაგიური ამბების ფერია.

მიწა, რომელზეც ბელადებთან და მგლებთან ერთად ცეკვავენ სულიერი ადგილების ალუზია თუ მთლიანად გამოგონილი სამყარო?

– მთლიანად გამოგონილი სამყაროა და, ამავე დროს, თავისუფლების აღწერა, ველური თავისუფლების… ყველა შეზღუდვისგან შორს: აზროვნების, გონების, სულის, სხეულის. ეს თავისუფლების ცეკვაა.

უკავშირდება თუ არა ოკეანეში მოსმენილ ,,ტრფობის სიმღერასრომელიმე ფოლკლორული წყარო?

– ოკეანეში მოსმენილ „ტრფობის სიმღერას“ პირდაპირ არ უკავშირდება კონკრეტული ფოლკლორული წყარო, მაგრამ მსგავსი ემოცია აქვს, თითქოს შორეული, ლამაზი სევდა და ტრფობის ხმა.

ჩემთვის ზღვა ბევრ სიმღერას ასრულებს. თანამედროვე მუსიკიდან ამ განწყობას ძალიან უახლოვდება The Antlers – Zelda.

გაიხსენეთ მთავარი გმირები: როგორ ფორმირდებიან ისინი?

– მეშვიდე საკანში, იქ, სადაც დედამიწიდან იძულებით გადასახლებულნი ცხოვრობდნენ, ბნელ და ნესტიან მიწაზე პატიმარი ნათანი ტიროდა, მისმა ცრემლებმა მიწა დანამა და ამ მიწაზე ამოვიდა იასამანი, ამ იასამნიდან იშვა ორი სული, რომლებმაც თანდათან მოიკიდეს ხორცი და ადამიანის ტანსს დაემსგავსნენ. „ლურჯად ელავდა მთვარეზე ნისლი, როცა ჩვენ ვიშვით გალაქტიკის მეშვიდე ცაზე. პატიმარ ნათანს უტირია ათასმეერთედ. იქ მოურწყია მიწა უწყლოო და ამ მიწაზე ამოვიდა იასამანი, სადაც ჩვენ ვიშვით. სატრფოს ფიცით ვართ თურმე ნაშობნი, ფიცით, რომელსაც ცრემლები მოჰყვა. და, ამ ცრემლებმა სიყვარულისამ დანამა ჩვენი უკვდავი ყოფა“.

არის თუ არა რომელიმე პერსონაჟი თქვენი ახლობელი ადამიანებისგან შთაგონებული?

– დიახ, მაგალითად, ჩემი ორი მეგობარი, იზი და მარიამი, ჩემს წიგნში არიან, როგორც იზი და მერნა. იზი უდაბნოს მგზავრია, მერნა კი მზის შვილია. ისინი ჩემს წიგნში ისეთივე მისტიურები და პოეტურები არიან, როგორიც სინამდვილეში. ის სიღრმე, რაც მათშია, ვეცადე მხატვრულად გადმომეცა, თუმცა მათი ცხოვრება ისედაც წიგნს ჰგავს, ლამაზ პოემას და ბევრი არ მიფიქრია, როგორ აღმეწერა მათი პერსონაჟები.

ყველაზე კარგად სად გრძნობთ თავს?

– ჩემს ოთახში, ყვავილებით, კატებით და სანთლებით სავსე ფერად ოთახში, სადაც მთელი ჩემი სამყარო მაქვს გადატანილი.

თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გახასიათებთ?

– ამბობენ, რომ დაბნეულობა, მე კი მგონია, რომ ეს ჩემი ბავშვური ბუნების ნაწილია.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– თუ ზაფხულია, ძირითადად, კარავში ცხოვრებით და მთაში ხეტიალით. თუ ცივი დღეები იწყება, თავისუფალ დროს კითხვას, წერას, შემოქმედთან საუბარს და ყვავილების მოვლას ვუთმობ.

თქვენი საყვარელი მწერლები?

– მეფე სოლომონი, რომელმაც „ქებათა-ქება“ დაწერა. ჩემს სულთან ძალიან ახლოა ჯემალ ქარჩხაძე, მისი შემოქმედება ჩემთვის შეუცვლელია.
სილვია პლათი, ჯალალ ედ-დინ რუმი, იბრაჰიმ ალ-ქუმი და სხვა აღმოსავლელი ავტორები.

დაბოლოს, ფრაზა, რომლითაც დაამთავრებდით ამ საუბარს. . .

– უნდა გადაფურცლო ადამიანები, ცა და მიწა . . . და ისეთ სიმღერებს გაიგონებ, ჯერ რომ არ მოგისმენია. მართლა ლამაზია დედამიწაზე ყოფნა. ხმლის აღებაც, სევდაც და მოლოდინიც ამ ლამაზი კანონზომიერების ნაწილია.

ლაშა ხომერიკი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *