უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა
By

უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა. მათი განცხადებით, უნივერსიტეტის დასრულება არამხოლოდ წარსული მიღწევების შეჯამება, არამედ ახალი გზების დასაწყისია, რომელიც არაერთ გამოწვევას და გამარჯვებას გულისხმობს.

– ეს იყო არაჩვეულებრივი, ძალიან ემოციური, ულამაზესი ღონისძიება. ნიჭიერი, გონიერი, ძალიან ლაღი თაობა შეემატა პროფესიონალების სახით ჩვენს ქვეყანას. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ნამდვილად საიმედო ხელშია, – განაცხადა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

– უნივერსიტეტმა თავისი არსებობის 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში აღზარდა ისეთი ადამიანები, რომლებმაც თავისი ცხოვრების წესით დაამტკიცეს, რომ შეიძლება ეპოქის შექმნა ცოდნით, გამოცდილებით, ღირებულებებით. დღეს ახალ თაობას ვაცილებთ, იმათ, ვინც 2025 წელს დაასრულა სტუდენტური ცხოვრება. მათ წინ ელოდებათ უამრავი წარმატება და არაერთი გამარჯვება,-აღნიშნა ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ.

ღონისძიებაზე 100-მდე წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ტორტის საზეიმო გაჭრითა და ფოიერვერკით დასრულდა.

წელს უნივერსიტეტი ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1057-მა სტუდენტმა დაასრულა. საზეიმო გაცილება მუსიკალურად გააფორმეს: ბსუ-ის კურსდამთავრებულმა, მომღერალმა მარიამ მოსეშვილმა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ, კულტურის ცენტრის Jazz Big Band-მა და DJ-მ.

კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს, ლექტორ-მასწავლებლებს. თქვეს, რომ აქ მიღებული ცოდნა მომავალში არაერთი წარმატების საწინდარი გახდება.

ნანა აბულაძე

 

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *