უწყვეტი განათლების 90-წლიანი გზა – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იუბილარია
By

უწყვეტი განათლების 90-წლიანი გზა – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იუბილარია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საიუბილეო ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ გახსნა, რომელმაც პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 90-წლიან ისტორიაზე, მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. რექტორის განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტმა არაერთი გამოწვევა დასძლია, შექმნა ძლიერი აკადემიური გარემო, აღზარდა თაობები, რომელთა ინტელექტი და პროფესიული მიღწევები, დღეს უკვე ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საყრდენია. მისივე თქმით, აჭარის რეგიონის პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმატებით აგრძელებს განახლებას, განვითარებისკენ სწრაფვას, ღირსეულად ასრულებს ისტორიულ მისიას.
– 90 წლის წინ გადაწყდა, რომ აჭარაში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში, დაარსებულიყო უმაღლესი განათლების კერა, რომელსაც მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გახსნა იყო არამხოლოდ იდეა და სურვილი, ეს იყო მომავლის ხედვა, თუ რა ადგილი უნდა დაეკავებინა ბათუმს ქვეყნის დასავლეთის კარიბჭეში, ზღვისა და მზის ქალაქში, სადაც განათლებას შეუძლია ახალი ჰორიზონტები გაუხსნას ქვეყანას. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, პეტრე მელიქიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ივანე ჯავახიშვილი, გულო კაიკაციშვილი, კომახიძეების საგვარეულო, დიმიტრი ბენაშვილი, პეტრე მეგრელიძე, მუსა კაპანაძე – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სასიქადულო ერისკაცებისა, ვინც განათლების იდეის მატარებლები იყვნენ, ბათუმში უნივერსიტეტის დაარსებით კი ამ იდეას ხორცი შეესხა. ამ ისტორიულ საღამოს ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს, ვზეიმობთ ქვეყნის აკადემიური სულის 90-წლიან ისტორიას, იმ გზას, რომელმაც თაობები ჩამოაყალიბა ქვეყნის სხვადასხვა დარგის მესაჭეებად. უნივერსიტეტი, მასთან არსებული სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებით, აკადემიური პერსონალის ავტორიტეტით, მისი კურსდამთავრებულების მიღწევებით, დღეს უკვე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტია საერთაშორისო არენაზე. თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით, უნივერსიტეტის სამომავლო ხედვა უკავშირდება იმ პრინციპებს, რომლის დაცვა ყოველი ჩვენგანის ვალია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, დავიცვათ აკადემიური თავისუფლება, გავაძლიეროთ კვლევა და მეცნიერება, შევქმნათ გარემო, სადაც სტუდენტს შეუძლია ოცნებაც და მისი რეალიზებაც, გავაგრძელოთ ის საქმე, რომელიც 1935 წელს დაიწყო, – აღნიშნა თავის გამოსვლაში უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას, ვისაც თუნდაც ერთი დღით მაინც უფიქრია უნივერსიტეტზე, მის წინსვლასა და განვითარებაზე.


უნივერსიტეტის საიუბილეო საღამოს ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რომელმაც პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღი მიულოცა და მომავალშიც არაერთი წარმატება უსურვა.
– დიდმა მამულიშვილებმა, აჭარის მაშინდელმა სამეცნიერო საზოგადოებამ – უმაღლესი საგანმანათლებლო კერის დამაარსებლებმა და მათმა თანამოაზრეებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარაში უმაღლესი განათლების მთავარი ცენტრი, ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებისა და კულტურის კერა გამხდარიყო. 90 წელი – ეს არის უწყვეტი ისტორია იმ ადამიანებისა, ვისი ძალისხმევითაც შეიქმნა და დღემდე მოვიდა ჩვენი სახელოვანი უნივერსიტეტი, ვისაც კარგად ჰქონდა გააზრებული საქართველოს ამ ულამაზეს და განუყოფელ ნაწილში – აჭარაში უმაღლესი სასწავლებლის არსებობის მნიშვნელობა.საამაყოა, რომ დღეს ქვეყანაში არის ასეთი მდიდარი ტრადიციების უნივერსიტეტი, რომელმაც ბევრი ცნობილი მეცნიერი, ღვაწლმოსილი პედაგოგი და სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა ქვეყანას. ეს ტრადიციები ღირსეულად გრძელდება და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, 90 წლის შემდეგაც, აკადემიურ ცოდნას ათასობით სტუდენტი იღებს. მათ განათლებაზე ზრუნავენ პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერი თანამშრომლები. ბათუმის უნივერსიტეტის სახით დღეს ქვეყანას აქვს არა მარტო უმაღლესი სკოლა, რომელიც მხოლოდ ცოდნასა და განათლებას უზიარებს ჩვენს ახალგაზრდებს, არამედ ამ კედლებში იქმნება საქართველოს მომავალი, ამ კედლებში იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ყალიბდებიან თავისუფალ, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე, ევროპული ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად. აჭარა ყოველთვის პროგრესზე, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რადგან აქ ეროვნულ ცნობიერებას ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომ სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება და სიყვარული, მის აწმყოსა და მომავალზე ფიქრი თანმდევია მისთვის, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დააჯილდოვეს, ასევე, უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო – შოთა რუსთაველის მედალი გადასცეს აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს. საზეიმო ვითარებაში აირჩიეს 17 საპატიო დოქტორი. ეს წოდება საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორს, ასევე, ბათუმის უნივერსიტეტის პარტნიორ, უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიენიჭათ.
უნივერსიტეტს 90 წლის იუბილე მიულოცეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ. მათ მადლობა გადაუხადეს მშობლიურ უნივერსიტეტს, რომელიც თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს და ერთი დღითაც არ უღალატია იდეისთვის, რომელიც უნივერსიტეტის სათავეში მდგომმა ადამიანებმა ჩაიფიქრეს.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი ღირსეული ადგილი უკავია საგანმანათლებლო აკადემიურ სივრცეში“,- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა და დასძინა, რომ იმედი აქვს, უნივერსიტეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს და უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს თავის ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემიურ სივრცეში.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილი, რომლითაც მან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 90 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უმაღლესი სასწავლებელი ტოლს არ უდებს ჩვენი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს, არის მრავალპროფილური და საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებული, რომელსაც თავისი უდიდესი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მინდა დავლოცო რექტორი, ბატონი ტიტე აროშიძე, სასწავლებლის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი, აქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კედლებში ისწავლა და ასწავლიდა; გარდაცვლილთა სულნი კი უფალს შევავედრო და ღვთის საუფლოში მათი დამკვიდრება შევთხოვო. ასევე, მინდა დღეს, ამ საიუბილეო შეხვედრაზე, მივმართო ახალგაზრდებს და ვუთხრა, რომ თქვენ საქართველოს იმ კუთხის შვილნი ხართ, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის მოქცევა, სადაც პირველად იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და ჩვენთან პირველად გამოავლინა თავისი ცხოველსმყოფელი ძალა მოციქულ ანდრიას მიერ ჩამობრძანებულმა აწყურის ღვთისმშობლად წოდებულმა სასწაულმოქმედმა ხატმა. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ, რომ პირველად ქართველები სწორედ ამ მიწაზე გაქრისტიანდნენ, პირველად აქ ამოხეთქა ხატის დაბრძანების ადგილას წმინდა წყალმა, აქ აშენდა ღვთისმშობლის სახელობის პირველი ეკლესია, პირველად აქ ისწავლეს ქართველთა ,,ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაედგინათ ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი“. ამასთან, მხოლოდ აქ დარჩა აწყურის ღვთისმშობლის საოცარი ხატის სასწაულმოქმედი ასლი, რომელიც დედანზე სუფთა ფიცრის დადებით და წმ. მოციქულ ანდრიას ლოცვით გამოისახა.

ამიტომაც თქვენ განსაკუთრებულად გმართებთ, იყოთ ქრისტიანები, ქრისტეს ერთგული მეციხოვნენი და ღვთისმშობლის მფარველობის მოიმედენი. აუცილებელია, რომ ცოდნის შეძენასთნ ერთად, იზრუნოთ სწორად ცხოვრებისათვის; ამას კი ვერ მიაღწევთ წმინდა წერილის შესწავლისა და ღვთის მცნებათა დაცვის გარეშე.

გიყვარდეთ მოყვასი, იყავით სულით ძლიერნი და ამავე დროს მიმტევებელნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება და უანგაროდ თესეთ სიკეთე, რათა მოიმუშაკოთ წყალობა ღვთისა და ღვთისმშობლისა, ზეციურ ძალთა და ყოველთა წმინდანთა. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი“ – ვკითხულობთ წერილში.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი:

„ვულოცავ ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ამ მნიშვნელოვან იუბილეს. დაარსების დღიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო განათლების მთავარი კერა რეგიონში. უნივერსიტეტის 90-წლიანი ისტორია წარმოადგენს რეგიონის ინტელექტუალური განვითარების, პროგრესისა და სამეცნიერო წინსვლის საფუძველს. ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო წლებში, უნივერსიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. უნივერსიტეტის სივრცეში მოეწყო თანამედროვე ლაბორატორიები, ტექნოლოგიური სივრცეები და კვლევითი ცენტრები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სასწავლებლის პოზიციას რეგიონში.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უნივერსიტეტის მუდმივი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი გარემო.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის დაარსების 90-ე იუბილეს“.

ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ უნივერსიტეტის საიუბილეო საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლები – ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. დღის განმავლობაში უნივერსიტეტის კედლებში იუბილესადმი მიძღვნილი არაერთი აქტივობა გაიმართა. გაიხსნა აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის ბიუსტი და პროფესორების – ამირან კახიძისა და გურამ ჩაგანავას სახელობის აუდიტორიები, მოეწყო გამოფენა და გაფორმდა მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.

ღონისძიებაზე აჩვენეს უნივერსიტეტის 90-წლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც მის განვითარებასა და მიღწევებს ასახავდა.

ნანა აბულაძე

 

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *