
„ფარას“ გასაჯაროებული დოკუმენტი და ბრიუსელის კატეგორიული მოთხოვნები
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის, იგივე „ფარას“, გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი აწერს ხელს.
11 ივლისს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარტიამ აღნიშნულ კომპანიას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რაც 6 თვის საქმიანობის ღირებულებაა.
„ლობისტური კომპანია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური წარმომადგენელი აშშ-ის სამთავრობო უწყებებთან და, ასევე, დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. ფირმა მოგაწვდით რჩევებს და გაგიწევთ დახმარებას აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური აქტივობების მხარდასაჭერად, მათ შორის, პარტიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით ძალისხმევაში, რომ უზრუნველყოთ საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინა არჩევნები დაკავშირებული იყო არაერთგვაროვნებასა და კონტრვერსიებთან, ამიტომ ჩვენი ფირმა განახორციელებს მთავრობასთან ურთიერთობის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას მომავალ არჩევნებში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ენმ აშშ-ს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დახმარებისთვის თითქმის 1 მილიონ ლარს უხდის, თუმცა თავად მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ბოიკოტს უცხადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფარას დოკუმენტების მიხედვითვე, ამ კომპანიიდან შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა, რომელიც ქართული ოპოზიციური პარტიების აქტიური მხარდამჭერია და მმართველ პარტიას გამუდმებით აკრიტიკებს.
აღნიშნული საკითხი განხილვის თემად იქცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ლობისტური კომპანია, რომელიც თავად ფინანსდება კერძო პირებისგან, ვერ იქნება რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი.
„თითქოს ლობისტური კომპანია, რომელიც თვითონ იღებს რესურსებს პიროვნებებისგან, პარტიებისგან, კომერციული ორგანიზაციებისგან სხვადასხვა საკითხის ლობირებაში, თვითონ შეიძლება იყოს რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი. ისეა ჩიხში შესული, კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ამგვარ ბოდვასაც არ ერიდებიან“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში გიორგი ბარამიძემ.
ამერიკულ და დასავლურ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებზე მმართველი პარტია ხშირად საუბრობდა და ამ განცხადებებს ლობისტურ საქმიანობასთან აკავშირებდა.
„ნაცმოძრაობის“ მხრიდან არჩევნებში დახმარების მიზეზით ლობისტების დაქირავება მაშინ, როდესაც პარტია თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, აბსურდულია. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ათასობით დოლარი, რეალურად, ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის გადახდილი თანხაა.
„ფარამ“ გამოავლინა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაფინანსებული ჯო უილსონი და მისი აქტივობა სოციალურ ქსელებსა თუ მედიასივრცეში. იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს“, – აღნიშნა მედიასთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. ბრიუსელიდან წერილი გამოიგზავნა 8-პუნქტიანი მოთხოვნით, რომელთა შესრულებაც ავტორებს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების წინაპირობად მიაჩნიათ. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორისაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის“ შესახებ, კანონების გაუქმება, ასევე, ცვლილებების შეტანა ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ + პირთა უფლებების სრული დაცვა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის ეს ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური შანტაჟის იარაღია. ასევე, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან და მიზნად ისახავს ოპოზიციის გაძლიერებას.
,,ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე – ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას. ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ყველა კანონი ევროპული სტანდარტის უნდა იყოს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ევროპელი პარტნიორები ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვენ, არასწორია და ბრიუსელის გზავნილი სულ სხვაა. ოპოზიციისთვის აღნიშნული მოთხოვნები ხელისუფლების შეცვლის პირდაპირი მინიშნებაა.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისთვის, ქართველი მეზღვაურებისთვის. უვიზო რეჟიმის პირობებში მათ საქართველოს პასპორტი უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს. იმ ეკონომიკურ ზიანსა და რეალურ საფრთხეზე, რაც უდგას საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც საქართველოს მართლაც უდიდესი მონაპოვარია, 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
თამარ ლამპარაძე