
ფესტივალიდან ყველამ თავისი წილი ბედნიერება წაიღო
„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ მეორე დღე ხულოს დრამატულ თეატრში მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდა. ჩატარდა ვორქშოფი „ბალანსი სინათლესა და სიბნელეს შორის“, რომელსაც მსახიობი, მხატვარი და რეჟისორი ვალერია ბარჩალ ჩორთი (გერმანია) უძღვებოდა. პროცესმა ხალისიანად ჩაიარა და მონაწილეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს.
– ვორქშოფი ეხებოდა ფიზიკურ თეატრს, „ბუტოს“ (იაპონური თანამედროვე ცეკვის და მოძრაობის სტილი) და ჯამბაზის როლს სცენაზე. ერთად შესანიშნავი დრო გავატარეთ. ამ პროცესში ყველა მონაწილე ჩართული იყო, რამაც ძალიან გამახარა. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მათში იმ მარცვლის ჩადება, რომელსაც დროთა განმავლობაში გაზრდიან. დიდ მადლიერებას ვგრძნობ, რომ აქ ვარ, მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს და ყველას, ვინც ამ ვორქშოპში ჩაერთო, – გვითხრა ვალერია ბარჩალ ჩორთმა.
დღე გაგრძელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრის სპექტაკლით ,,ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც ქართველებისა და აფხაზი ხალხის კონფლიქტზე გვესაუბრება. იყო ემოციური ფონი, დიდი ტკივილი და გულმხურვალე აპლოდისმენტები.
– ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ფესტივალზე წარმოადგინა სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. სპექტაკლი ფინალში ასახავს ქართველი და აფხაზი დედის შეხვედრას და, მიუხედავად მძიმე წარსულისა, მათ დამეგობრებას. სპექტაკლში ასახული მოქმედებები წინასწარმეტყველებს, რომ ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით. ყველამ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ აფხაზ და ქართველ ხალხთა გაერთიანებაში. ძალიან დახვეწილი ფესტივალია, იშვიათად მახსენდება მსგავსი. ვფიქრობ, იგი შედგა და ძალიან კმაყოფილები ვართ. მადლობა მოწვევისთვის! – გვითხრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა, თეატრის ხელმძღვანელმა თამაზ დაუშვილმა.
შემდეგ მაყურებელმა მონაწილეობა მიიღო ვორქშოფში თემაზე: ,,მსახიობი და მისი შინაგანი ენერგია“, რომელსაც მომხსენებელი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასისტენტ-პედაგოგი, მსახიობი მანანა ხელაია წარმართავდა.
– დღევანდელი ვორქშოფი ეხებოდა მსახიობის ენერგიას, მის აკუმულირებას და შემდგომ გადმოტანას სივრცეში. ეს აუცილებელია სამსახიობო ოსტატობისათვის, მსახიობისათვის, რათა მან კარგად შეიგრძნოს საკუთარი ფიზიკური, ემოციური, თუ მენტალური ენერგია, შემდგომ კი ამ ყველა ენერგიის სახეობათა შეერთებით წარმოთქვას ფრაზა სწორად, დალაგებულად, დრამატურგიულად გამართლებულად, იყოს ენერგეტიკულად სრულად დაცული და სრულად განაწილებული მთელი სპექტაკლის განმავლობაში და ქმედითი ჰქონდეს როგორც პაუზა, ისე მოქმედება, რადგან მსახიობს ძალიან ბევრი მოქმედება უწევს სცენაზე, ასევე – ძალიან ბევრი ურთიერთობა, როგორც საკუთარ პარტნიორებთან, ისე მაყურებელთანაც. ამიტომ მისთვის შინაგანი ენერგიის ფლობა, ვფიქრობ, აუცილებელია. მსგავსი ფესტივალები გვაკლია მაღალმთიან აჭარაში და არამარტო. როდესაც ერთმანეთს ხვდებიან, თუნდაც რეგიონალურ დონეზე, მსახიობები და მიდის ურთიერთგაცვლა ენერგიის, დადებითი ემოციების, პოზიტიური შეფასებების და ერთმანეთთან ნახვის სიხარულის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი დადებითი ენერგია ყველას, არა მარტო ჩვენს რეგიონს გასწვდება, იმიტომ, რომ ყველა თავის წილ ბედნიერებას წაიღებს აქედან, – გვითხრა მანანა ხელაიამ.
დღის პროგრამა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის წარმოდგენით ,,დოდოს მოლოდინში“ დასრულდა, რომელიც ქართველი მწერლისა და დრამატურგის დათო ტურაშვილის პიესაა. იგი ემიგრაციას ეხებოდა. ამ სპექტაკლმა მაყურებელი განსაკუთრებულად მოხიბლა. სპექტაკლის დასრულებისას დარბაზიდან წამოსული ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა.
– ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ „ალპური ზონის თეატრების ფესტივალში“, რომელიც პირველად იმართება. წარმოვადგენთ ხარაგაულის თეატრს, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აქ ჩამოსვლა. პირველად ვიმყოფებით ხულოში, აჭარის ამ ულამაზეს მხარეში. ძალიან კარგი ფესტივალია, საინტერესო თეატრალური დასებია მოწვეული. შესანიშნავადაა ორგანიზებული ყველაფერი. ჩვენ ვითამაშეთ დათო ტურაშვილის ძალიან საინტერესო პიესა „დოდოს მოლოდინში“, რომელიც მტკივნეულ თემას – ემიგრაციას და ემიგრანტ ქალებს ეხება. ეს სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზეც ვაჩვენეთ, საკმაოდ წარმატებული სპექტაკლია. გახარებულნი ვართ, უზომოდ შთამბეჭდავი დღეები გვქონდა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ დღესასწაულისთვის. იმედი გვაქვს, შემდგომშიც გაგრძელდება ეს ფესტივალი და ასეთივე საინტერესო და კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება, – გვითხრა ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა ირინე ჩხეიძემ.
„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ დღეს, საღამოს საზეიმოდ დაიხურა.
მარიამ ხითარიშვილი