ფესტივალი „ზე-კართან“, რომელიც ემოციებს, სიყვარულს, მეგობრებს აგროვებს, დასრულდა
By

ფესტივალი „ზე-კართან“, რომელიც ემოციებს, სიყვარულს, მეგობრებს აგროვებს, დასრულდა

სამი დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დასრულდა. ყოველი დღე საინტერესო ღონისძიებებით იყო დატვირთული.

წლებია შუბნის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სკოლის საბიბლიოთეკო სივრცე და ტარიელ ფუტკარაძის მშობლიური საფუტკრეთი ფესტივალს მასპინძლობს.

მწერლების, პოეტების, მთარგმნელების მოწონება დაიმსახურა ბიბლიოთეკამ. სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და ფესტივალის მონაწილეებს ორგანიზატორმა ვახტანგ ბერიძემ ერთხელ კიდევ შეახსენა აწ განსვენებული პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე და დამსწრეთ მისი ავტორობით გამოცემული წიგნი „ბევრი რამ ერთად“ (სტატიები, წერილები, ესეები) წარუდგინა. წიგნის შესახებ ისაუბრეს ტარიელ ფუტკარაძის მეუღლე იამზე ვაშაკიძემ, პუბლიცისტმა ოთარ ცინარიძემ, შუბნის სკოლის დირექტორმა ტარიელ ფუტკარაძემ, პროფესორმა ნინო ვახანიამ, ამავე სკოლის პედაგოგმა ემზარ ჯუმუშაძემ. იამზე ვაშაკიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: „თურქეთელ ქართველთა იდენტობის საკითხი, როგორც საქართველო- თურქეთის კულტურული ურთიერთობის საფუძველი“.

მთარგმნელი, ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმქე ეროვნებით თურქია, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. აღსანიშნავია, რომ მან ქართულიდან თურქულად თარგმნა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“. საინტერესო იყო მისი ლექცია „ქართულ-თურქული თარგმანები“.

ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ლექტორი ივანე ჭედელაძე პირველად იყო ფესტივალზე. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „კულტურული ურთიერთობების ძიება თარგმანში“.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე თითქმის ყველა ფესტივალის მონაწილეა. ვახტანგ ბერიძესთან უკვე ნათელმირონობაც აახლოებს – მისი ვაჟის დემეტრეს ნათლიაა. გიორგიმ შუბანშიც წაიკითხა ლექცია თემაზე: „პერსონაჟის ქმედებებში გამოხატული იდუმალი ზრახვები – ერთი მხატვრული ტექსტის მაგალითზე“.

ლექციების შემდეგ პოეზიის დროც დადგა. ლექსები წაიკითხეს ზურაბ ფირცხალაიშვილმა, ელგუჯა მარღიამ, შორენა თალაკვაძემ, დათო ლომიამ, ლინა ბადაშვილმა, უჩა ღონღაძემ, ნატო (ნატალია) ბეიტრიშვილმა, კანეი მარგოშვილმა, გიორგი ბალახაშვილმა და ყველა ფესტივალის მონაწილე ბელა ქებურიამ. მანვე სკოლის ბიბლიოთეკას რამდენიმე ენაზე გამოცემული მისი ლექსების კრებული უსახსოვრა (მოდერატორი – გიორგი ხორბალაძე).

საფუტკრეთში ფესტივალის მონაწილეებს ტარიელის ძმამ ავთანდილმა, მეუღლე იამზე ვაშაკიძემ და რძლებმა – გუგული თურმანიძემ და ნესტან ფუტკარაძემ უმასპინძლეს. ტარიელის თანამედროვეებმა ერთხელ კიდევ გაიხსენეს მასთან ურთიერთობები.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები ხულოში ჩატარდა. ონლაინრეჟიმში მოისმინეს ფილოლოგიის დოქტორის, იაპონიის ცუკუბას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის ჰაიატე სოტომეს საჯარო ლექცია – „იაპონელთა თვალით დანახული ქართული ლიტერატურა“ (მოდერატორი – ივანე ჭედელაძე).

ხულოს დრამატულ თეატრში ლიტერატურათმცოდნემ, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკიძემ წაიკითხა ლექცია – „ილია, როგორც კულტურათშორისი დიალოგის სტიმულატორი“. მოეწყო პოეტების ერთობლივი საღამო. გამოვლინდნენ წლევანდელი ფესტივალის ყაბალახოსნები. ეს პატივი ნინო ვახანიასა და ანდრო ბედუკიძეს ერგოთ.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.

კომენტარი ვთხოვეთ ფესტივალის ორგანიზატორ ვახტანგ ბერიძეს:

– „ჩვენი ცხოვრება გაუთავებელი მოძრაობაა საკუთარი თავის ირგვლივ. . . მრავალი წელია დავდივარ ამ გზაზე, ვუვლი საკუთარ თავს წრეს და დამწყვდეულ იდეებს ვუხსნი კარებს. ერთ-ერთი იყო ფესტივალი „ზე-კართან“. ცამეტი წელია ვაგროვებთ ემოციებს, სიყვარულს, სინათლეს, სიმართლეს, მეგობრებს, თანამოაზრეებს. . . ფესტივალი ქმნის და ინახავს ადამიანურ ისტორიებს, ემოციებს, აზრებს, რომელიც დღეს შესაძლებელია არ ჩანდეს იმდენად მნიშვნელოვანი, ვიდრე წლების შემდგომ გამოჩნდება. ამდენი მწერლის მოგზაურობა აჭარის მთიან სოფლებში, ის უშუალობა მკითხველსა და მწერლებს შორის, მოულოდნელი შეხვედრები, ზოგჯერ ორღობეში, მოტანილი და წაღებული ამბები, რომლებიც ნოველად, მოთხრობად, ლექსად უბრუნდება მხარეს, დიდ ემოციებს იწვევს. ფესტივალს გააჩნია ინდივიდუალიზმი, თავისი სამეტყველო ენა და ფორმები, რომლის მეშვეობითაც იქმნება განსაკუთრებული ატმოსფერო.

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ ორიენტირებულია საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი შინაარსის ღონისძიებების შექმნაზე.

ლიტერატურა, კინო, მუსიკა, თეატრი, მხატვრობა – ეს ის სფეროებია, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანებში ესთეტიკური და მხატვრული გემოვნების ამაღლებას. ჩვენი საფესტივალო ღონისძიებები უკვე მე-13 წელია გაჯერებულია გემოვნებიანი, ნამდვილი, მართალი მხატვრული ლიტერატურითა და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აქტივობით. წლევანდელი საფესტივალო დღეებიც ტრადიციულად, იუმორით, მზრუნველობით, სიყვარულით, გაცნობით, შემეცნებით, ახალი საფიქრალის დაბადებით, გამომშვიდობების სევდანარევი ღიმილით იყო გაჯერებული. არაფორმალურ სივრცეში შევძელით, რომ ფესტივალი ყოფილიყო აკადემიური და მაღალხარისხიანი.

ყველაფერი ერთმანეთზე კარგი და აღმატებული იყო, მაგრამ მინდა ცალკე გამოვყო ჩვენი მომავალი თაობის ნიჭიერება – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდმა დარბაზში მყოფებს არაერთხელ ათქმევინა – „რა მდიდარი ქალაქი ყოფილა ბათუმი“.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *