ფესტივალი „კერამიკის ალქიმია 2025“ – კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური მისიით
By

ფესტივალი „კერამიკის ალქიმია 2025“ – კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური მისიით

ფესტივალი „კერამიკის ალქიმია 2025“, რომელიც სოციალური საწარმო „ანდამატის“ ორგანიზებით გაიმართა, საზეიმოდ დაიხურა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანი ქართული კერამიკის ისტორიის წარმოჩენა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა იყო.

დასკვნით ღონისძიებაზე, რომელსაც ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა, წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების, სტუდენტებისა და პროფესიონალი კერამიკოსების მიერ ერთობლივად შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო-ვიდეო პრეზენტაციები დაეთვალიერებინათ. გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „თანამედროვე ქართული კერამიკის გენეზისი“, მოეწყო თიხის ძერწვის ვორქშოპები. პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე სოციალური საწარმო „ანდამატის“ ხელმძღვანელმა, „სიპ აჭარის მუზეუმის“ მეცნიერ-თანამშრომელმა და პროექტ „კერამიკის ალქიმია“ ავტორმა ლია კასპელაშვილმა ისაუბრა:

– „კერამიკის ალქიმია“ 2017 წლიდან თითქმის ყოველ წელს იმართება და მან უკვე მიიღო ფესტივალის სახე. მადლობა კულტურის სამინისტროს, რომლის გვერდში დგომითაც განვახორციელეთ პროგრამა. ამ წლების განმავლობაში პროექტმა, რომელიც იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი, დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მისიაც შეიძინა. კვლევითი მიმართულების ფარგლებში, სოფელ ბრილში, აღმოვაჩინეთ თიხის კარიერი და ისე აეწყო შემდგომ ყველაფერი, რომ 2020 წელს ბრილში ავაშენეთ სახელოსნო, ჩამოვაყალიბეთ სოციალური საწარმო „ბრილი-არტი“, სადაც წელს პირველად ძალიან წარმატებული სიმპოზიუმი ჩავატარეთ. რეალურად, ეს ყველაფერი არის ჩვენი პროექტის „კერამიკის ალქიმია“ შედეგი. წინ კიდევ ბევრი გვაქვს წინ სამუშაო, საკვლევი და მოსაძიებელი. პროექტი „კერამამიკის ალქიმია“ სხვა მისიით დაიწყო და ბრილამდე გაიკვალა გზა. ეს იყო თიხის სამეცნიერო კვლევა-ძიება, მაგრამ სოფელ ბრილში აღმოჩენილმა თიხის კარიერმა კიდევ უფრო სხვა კუთხით დაგვანახა სოფელ ბრილის შესაძლებლობა, რომელიც მიწაში იმალებოდა თიხის სახით. ფაქტობრივად, ის, რაც მე 2018 წელს გავაჟღერე, რომ ბრილში აშენდებოდა სახელოსნო, რომელსაც არაერთი ტურისტი თუ საქართველოში მცხოვრები ადამიანი ესტუმრებოდა და ხელს შეუწყობდა სოფლის ეკონომიკურ განვითარებას, დღეს უკვე გაცხადდა. ამ ზაფხულს, 2 თვეში, თითქმის 15 000 ლარი დავტოვეთ სოფელში. ვფიქრობ, არ არის პატარა შედეგი და მეამაყება, რომ ეს შევძელით. ამასთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ სოფელ ბრილის ახალგაზრდების დაინტერესება საკუთარი სოფლის რესურსით. მჯერა, ისინი შეეცდებიან, თავიანთი ძალისხმევა ჩადონ და ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი გახადონ სოფელი.

ამ ბავშვებს დავანახეთ, რომ ადგილობრივ ბუნებრივ რესურსს შემოსავლის მოტანა შეუძლია მათი ოჯახებისთვის. თუ ვინმე შემოქმედებითი კუთხითაც გამოიკვეთება, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გავაგრძელებთ ადგილობრივი თიხის კვლევა-ძიებას, რაშიც მოგვიანებით, არქეოლოგებიც ჩაერთვებიან. დეტალებს ჯერ არ გავაჟღერებ, მაგრამ მიმართვა დაწერილია მუზეუმის სახელით, რომ თიხის კერამიკული ქვევრებიც აღმოვაჩინეთ და მომავალში ამ ქვევრების კვლევა მიგვიყვანს სწორედ იმ ქვევრების დასამზადებელი თიხის მოძიებამდე. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, კერამიკის მიმართულებით არქეოლოგიური და ტექნოლოგიური კვლევები გაგრძელდეს, რაც მჯერა, არაერთ აღმოჩენამდე მიგვიყვანს, – გვითხრა ლია კასპელაშვილმა.

როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, ფესტივალმა „კერამიკის ალქიმია 2025“-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კერამიკის წარმოება აჭარის რეგიონში არა მხოლოდ უძველესი ტრადიციის გაგრძელება, არამედ თანამედროვე, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

– „კერამიკის ალქიმიას“ ჩვენი მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ლია კასპელაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც თავად აქვს არაჩვეულებრივი ნამუშევრები. შუახევის რაიონის სოფელ ბრილში აღმოჩენილმა თიხამ გაამდიდრა დღევანდელი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საუკეთესო ნამუშევრები. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია კერამიკაზე მუშაობით, ზოგადად, პროექტ „კერამიკის ალქიმიას“, რომელიც დაარსების დღიდან თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს, – აღნიშნა აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ.

დასასრულს ფესტივალის მონაწილეებს, ღონისძიებაში საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ჩართულობისთვის, დიპლომები გადაეცათ.

– პროექტ „კერამიკის ალქიმია“ ფარგლებში, არაერთ წარმატებულ კერამიკოსთან, მხატვართან ვიმუშავე, მივიღე უდიდესი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც დამწყები კერამიკოსისთვის. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ კერამიკით, დავდიოდი სტუდია „ანდამატში“, ქალბატონი ლია კასპელაშვილი იყო ჩემი პედაგოგი. სწორედ მან შემაყვარა ხელოვნება, კერამიკა და მთლიანად ეს მიმართულება. მგონია, კერამიკა ყველაფერს გაძლევს იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოხატო. სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან თავისუფლად და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ სფეროში, – გვითხრა არტსტუდია და სოციალური საწარმო „ანდამატის“ თანამშრომელმა, თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ მჟავიამ.

დასკვნით ღონისძიებას პროექტის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები, ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წარმატებები უსურვეს პროექტს.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *