
ფილმი ნიკ ჯელილაის მონაწილეობით ოსკარზეა წარდგენილი
ნიკ ჯელილაი ალბანელი მსახიობია, რომელსაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. ის ბათუმელ მსახიობთან და დიზაინერ ნანუკა სტამბოლიშვილთან ერთად თურქულ ტელესერიალში „სხვისი შვილი“ მონაწილეობდა, რომლის ჩვენება ტელეკომპანია „იმედის“ არხზე რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. ნანა სტამბოლიშვილმა ამ სერიალის ორ სეზონში (მესამე-მეოთხე) ითამაშა. პირველ წელს – სერიალის მესამე სეზონში, მას პარტნიორობას თურქი მსახიობი და მოდელი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი უწევდა, მეოთხეში კი პროფესიონალი მსახიობი და მოდელი ალბანეთის „პიერ კარდენის“ სახე ნიკ ჯელილაი. ქართულ-ალბანური ეკრანული წყვილი სერიალში მთავარ როლს ასრულებდა. „სხვისი შვილი“ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასში მთავარ როლს ნანა სტამბოლიშვილი ასრულებდა. „სხვისი შვილი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა და დღესაც გადის.
რაც შეეხება ნიკ ჯელილაის, ის ქართველებმა წელს „იმედის“ მეგა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-13 სეზონის მონაწილედაც იხილეს მოცეკვავე ირა კვიტინსკაიასთან ერთად. ამ პროექტში ნანუკა სტამბოლიშვილი შესანიშნავ მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძესთან ერთად დაწყვილდა და პროექტი მოიგო კიდეც. თბილისში ყოფნის თითქმის ერთი თვის განმავლობაში ნიკ ჯელილაის ძალიან შეუყვარდა საქართველო და ქართველები, მან ეს სხვადასხვა ინტერვიუს დროს არაერთხელ აღნიშნა. აქვე მინდა ვთქვა, რომ მას მეც ორჯერ შევხვდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის დროს და მართალაც განსაკუთრებული კვალი დატოვა არა მარტო ჩემს, არამედ იქ მოსული თითოეული გულშემატკივრის მეხსიერებაში თავისი გულკეთილობით, სითბოთი და უბრალოებით, სიხალისითა და კეთილშობილებით. . .
ნიკი 1983 წლის 5 მარტს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიბადა. დღეს იგი კინოსა და ტელევიზიის ცნობილი მსახიობია. დამთავრებული აქვს ტირანას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების აკადემია. ალბანელი მსახიობი ოც წელზე მეტია, რაც კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს. მან 30-ზე მეტი გამორჩეული როლი შეასრულა, არა მხოლოდ ალბანეთში.
ტირანის აკადემიაში სწავლის პირველივე წელს ნიკს ცნობილმა რეჟისორმა პირო მილკანმა შესთავაზა როლი ალბანურ-ჩეხურ ფილმში „ქალბატონ შნეიდერის მწუხარება“. მას მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოთხჯერ აქვს მოპოვებული ჯილდო, მათ შორის მოსკოვის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე – პრიშტინას საერთაშორისო ფესტივალზე (აქ ორჯერ მიიღო პრიზი ფილმებში „ალბანელი“ და „გზაჯვარედინი“ თამაშისთვის) და „ოქროს ფორთოხლის“ 47-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში „ალბანელი“ მთავარი გმირის – ალბანელის შესრულებისთვის.
ნიკ ჯელილაი ხუთ ენას ფლობს. ალბანურის გარდა იცის ინგლისური, თურქული, იტალიური და გერმანული, პერიოდულად როგორც სამშობლოში – ტირანაში, ისე ანკარასა და ბერლინში ცხოვრობს.
მისი სრული სახელია კრეშნიკ ჯელილაი. ის თურქეთში 14 წლის ასაკში ჩავიდა და დაიწყო კიდეც ყულელის სამხედრო საშუალო სკოლაში სწავლა, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ სკოლა მიატოვა და მშობლიურ ქალაქ ტირანაში დაბრუნდა. ის თურქეთში ძალიან პოპულარული გახდა თურქულ ტელესერიალში „დაკარგული ქალაქი“ შესრულებული როლის შემდეგ. ითამაშა ფილმებში: „ცოცხალი“, „დაკარგული ქალაქი“, „შვიდი იღბლიანი ღმერთი“, „რეალური სათამაშო თამაში“, „გზაჯვარედინზე“, „თითოეული სიყვარული დამშვიდობებაა“, „ზერ“, „უკანასკნელი იმპერატორი“, „ნეფეს ნეფესე“, „აღდგომა კარატაი“, „დიდი სელჩუკების: სამართლიანობის მცველები“, . . . ასევე, ითამაშა არაერთ სპექტაკლში, მათ შორისაა „სურვილების ტრამვაი“, „ტანგო“… მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. საქართველოშიც იყო მიწვეული გადაცემაში „ნოესთან“ და „იმედის დილა“.
ამ რამდენიმე დღის წინ, ალბანეთის დედაქალაქმა ტირანამ საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა, სადაც ნაჩვენები იყო ნიკ ჯელილაის მონაწილეობით ფილმი „ლუნა პარკი“, რომელიც 2026 წლის ოსკარზე წარსადგენ ფილმად დაამტკიცეს. მისი სცენარის ავტორი და რეჟისორია ფლორანცო პაპა. ეს ფილმი 2024 წელს გადაღებული დრამაა, რომლის სიუჟეტი 1997 წლის ალბანეთის სამოქალაქო არეულობის პერიოდში ვითარდება და მოგვითხრობს დედა-შვილის განსაცდელზე. პრემიერა შარშან, 4 ნოემბერს თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. სამოქალაქო არეულობის ფონზე „ლუნა პარკი“ – ელბასანელი მარტოხელა დედის მირასა და მისი პატარა შვილს, ტომის მტკივნეულ მოგზაურობაზე გვიყვება. ფილმი ბერძნული კინოაკადემიის „ბერძნული უმცირესობების კოპროდუქციის ფილმის ჯილდოზე“ იყო ნომინირებული.
„ლუნა პარკი“ ალბანეთის წარმომადგენლად „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე „საუკეთესო უცხოური ფილმის“ კატეგორიაში შეირჩა და მომავალ წელს 25 საერთაშორისო ფილმთან ერთად ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. წარმატებას ვუსურვებთ ქართველების მეგობარ ნიკ ჯელილაის და ფილმ „ლუნა პარკის“ მთლიან შემოქმედებით ჯგუფს.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა



