ფინანსური წიგნიერება სტუდენტებისთვის – ახალი პროგრამა საქართველოს ბანკისგან  
By

ფინანსური წიგნიერება სტუდენტებისთვის – ახალი პროგრამა საქართველოს ბანკისგან  

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამ მიმართულებით მან  დაიწყო თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რათა ნებისმიერი პროფესიული მიმართულების სტუდენტისთვის ფინანსური წიგნიერება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

პირველი პარტნიორობა უკვე გაფორმდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (სეუ), სადაც 2025 წლის სემესტრიდან ფინანსური განათლების ახალი კურსი დაემატა არჩევით საგნად. პროგრამაზე უკვე 20-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა სხვადასხვა ფაკულტეტიდან – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, სამართალი და ფსიქოლოგია.

„ჩვენთვის ფინანსური განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, – აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების უფროსი ბრენდ მენეჯერი ანა ხონელიძე.
მისი თქმით, ბანკი მზად არის უნივერსიტეტებს დაეხმაროს ისეთი სასწავლო კურსების შემუშავებაში, რომლებიც სტუდენტების ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.
„ფინანსური ცოდნა აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფაკულტეტზე სწავლობს სტუდენტი“, – ამბობს იგი.

სეუს პროფესორი ვალერი მოსიაშვილი ამბობს, რომ სტუდენტების დაინტერესება მაღალია და პროგრამა მომავალ სემესტრებში კიდევ უფრო გაფართოვდება.
„სასიამოვნოა, რომ ახალმა კურსმა ასეთი აქტიური გამოხმაურება გამოიწვია. ფინანსების მართვა და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება ყველას სჭირდება, ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია“, – აღნიშნა პროფესორმა.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტებს ენიჭება თავისუფლება, განსაზღვრონ კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი. სწავლების პროცესი მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს, ქეისების ანალიზს, საპროექტო მუშაობასა და ელექტრონულ სწავლებას. კურსი ორიენტირებულია თანამშრომლურ გარემოზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაზე.

პროექტის მიზნებია: სტუდენტებისთვის საბაზისო ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის გადაცემა,  იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ვისაც სკოლაში მსგავსი მიმართულება არ უსწავლიათ, პირადი ფინანსების მართვის, საბანკო სისტემის საქმიანობისა და ინფორმირებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების სწავლება.

ინიციატივის პირველი პარტნიორი სეუა, თუმცა ბანკი მზად არის ახალი უნივერსიტეტების ჩართვისთვისაც.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *