ფოთის ნავსადგურის სიღრმე სატრანზიტო, ლოჯისტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული კოორდინაციისა და პორტების საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, ფოთის ნავსადგურმა კომპანია Gulf-ის 30 000-ტონიანი ნავთობტანკერის უსაფრთხო და წარმატებული მიღება უზრუნველყო. აღნიშნული ფაქტი ნათლად ადასტურებს ფოთის პორტის მზადყოფნას, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიიღოს მსგავსი კლასისა და ტონაჟის გემები.
„მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „SEA NIMBUS“ ანტვერპენის პორტში, ExxonMobil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა და ფოთის ნავსადგურში წარმატებით შემოვიდა მიმდინარე წლის 7 თებერვალს.
გემის უსაფრთხო მიღება შესაძლებელი გახდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ და ნავმისადგომის ოპერატორის – შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის“ მიერ გაწეული ერთობლივი სამუშაოებისა და ეფექტიანი კოორდინაციის შედეგად.
განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, ნავსადგურში მიღწეულმა სიღრმემ 10.4 მეტრი შეადგინა, რამაც უზრუნველყო 10 მეტრი წყალშიგის მქონე გემის ფოთის პორტში უსაფრთხო შემოსვლა.
მსგავსი კლასის ტანკერების მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ პოტენციალს, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში და ამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო საზღვაო ლოჯისტიკურ ჯაჭვში.
აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურმა აღნიშნულ სიღრმეებს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პოლიტიკის შესაბამისად, სამომავლოდ დაგეგმილია სიღრმეების შემდგომი გაზრდა, რაც პორტს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს უფრო დიდი წყალწვის მქონე ტანკერები და გააუმჯობესოს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების ეფექტიანობა.
აღნიშნული პრაქტიკა ადასტურებს პორტის ტექნიკურ და ოპერაციულ მზადყოფნას მაღალი ტონაჟის გემების უსაფრთხოდ მისაღებად და ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.