
ფორუმი – „სპორტული წარმატების სტრატეგია“
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარაში მეორედ ჩატარდა დიდი ფორუმი. მასზე მოწვეულები იყვნენ სპორტული სფეროს წარმომადგენლები, 300-ზე მეტი დელეგატი.
შეკრებილებმა წარმატებული სპორტსმენების – ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების, მწვრთნელების, მსაჯების, სპორტული მენეჯერების, ფსიქოლოგებისა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლების, სპორტული ჟურნალისტების გამოსვლები მოისმინეს. მათ სპორტის სფეროში არსებულ სიახლეებზე, გამოწვევებზე ისაუბრეს, ერთმანეთს ცოდნა-გამოცდილება გაუზიარეს.
ფორუმი წარმართა მოდერატორმა – ამ შემთხვევაში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.
ფორუმის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, სხვები დაესწრნენ. როგორც აღინიშნა, ამ ტიპის გაფართოებული შეხვედრა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებსა და სპორტში დასაქმებულ პირთა შორის, რეგიონში უპრეცედენტოა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სპორტის მხარდაჭერა ნიშნავს ძლიერი და ჯანმრთელი თაობის აღზრდას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება და პოპულარიზაცია.
– თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ბევრჯერ ასახელეთ ჩვენი ქვეყანა, ხართ მაგალითი და მოტივაცია მომავალი თაობისთვის. თქვენი წარმატებული შედეგებით ყველას დაუმტკიცეთ, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შეუძლებელი არაფერია. სპორტის მხარდაჭერა ნიშნავს ძლიერი და ჯანმრთელი თაობის აღზრდას. ეს ფორუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება დარგის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ამაყი ვარ, რომ აჭარიდან ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ რეგიონსა და ქვეყანას ასახელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაში, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური შეხვედრები და დისკუსიები სპორტის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე. ისაუბრეს ბოლოდროინდელ წარმატებებზე, რომელსაც ჩვენი კალათბურთელებისა და ფუტძალის ნაკრებმა მიაღწია.
– პირველად ასეთი ფორუმი ბათუმში შარშან ჩატარდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ გადავწყვიტეთ წელსაც ჩაგვეტარებინა. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა, რათა პროფესიონალმა სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, – გვითხრა აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ნიჟარაძემ.
დღის წესრიგში, ასევე, იყო შეხვედრები წარმატებულ სპორტსმენებთან, ჩატარდა რამდენიმე პლენერი სპორტის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იყო საუბარი სპორტული მედიცინაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე, რომელიც დავით ნანობაშვილს მიჰყავდა, სპორტული მარკენტინგი/მენეჯმენტის შესახებ – ვასილ ლიპარტელიანმა, ხოლო სპორტული ჟურნალისტიკის ირგვლივ ზურა თალაკვაძემ ისაუბრეს.
სპორტულ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის ძალიან საინტერესო იყო პირდაპირი ჩართვა იტალიიდან, რომელშიც ფორუმის განსაკუთრებული სტუმარი, გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯანი მერლო მონაწილეობდა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ რევაზ ჩელებაძე, ვახტანგ ბლაგიძე, ასლან ბალაძე, ელგუჯა ბერიშვილი…
– სპორტის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ამ საკითხებზე საუბარი არასოდესაა ზედმეტი, მით უმეტეს, როცა დღეს ჩვენი სპორტსმენების ასეთი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი. მათ სულ ვგულშემატკივრობთ, ყველა მოგება ძალიან გვიხარია და მარცხსაც ისევე განვიცდით, როგორც ისინი. კარგია, რომ გახსნას აჭარის პირველი პირები ესწრებოდნენ, ისინი აცნობიერებენ სპორტის მნიშვნელობას სახელმწიფოს ცხოვრებაში. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ქვეყნისთვის უდიდესი წარმატების მოტანა შეუძლია. მადლობა ორგანიზატორებს, არ არის ადვილი ამდენი ხალხის ერთად შეკრება. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა, – გვითხრა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.
პირველ ბლოკში ტიტულოვანი სპორტსმენები ირმა ხეცურიანი (მოფარიკავე), დავით ქირია (კონტაქტური კარატე), დავით მსხალაძე (კონტაქტური კარატე), გელა ბოლქვაძე (მოჭიდავე), რომან დოლიძე (შერეული ორთაბრძოლების მონაწილე), სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი მონაწილეობდნენ, მეორე პანელზე ანანო ჯინჭარაძეს (მოფარიკავე), ნიკა ღოღობერიძეს (ტაეკვონდო), ლევან ცინცაძეს (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონტაქტურ კარატეში), გიორგი ოჩხიკიძეს (კალათბურთი), ლერი აბულაძეს (ჭიდაობა) და დავით ფუტკარაძეს (კონტაქტური კარატე) მოუსმინეს. მათ როგორც სირთულეებზე, ისე წარმატებებზე ისაუბრეს.
– მსგავს ფორუმში პირველად ვმონაწილეობ. დიდი პატივია, რომ ასეთ სახელოვან ადამიანებთან ერთად ვიყავი, ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე, სპორტსმენებმა ერთმანეთი გავიცანით, გამოცდილებაც გავუზიარეთ. ვფიქრობ, რომ რაც გავეცი, ორი იმდენი მივიღე – სახლში დიდი გამოცდილება მიმაქვს, – გვითხრა ირმა ხეცურიანმა.
– ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი გავიცანი. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ურთიერთობებით ძალიან კარგი საქმეები გაკეთდება. მიხარია, რომ ამ დიდი ღონისძიების მონაწილე გავხდი, – აღნიშნა „აჭარასთან“ შერეული ორთაბრძოლების მონაწილე რომან დოლიძემ, რომელიც სამი წელია ზედიზედ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის. ის 8 წელი უკრაინაში ცხოვრობდა, ექვსი წელია, რაც აშშ-ში ჩადის და კონტრაქტით ბრძოლებში მონაწილეობს.
P.S.სპორტულ ფორუმზე ბევრი საჭირო და საინტერესო ამბავი მოვისმინეთ. ირმა ხეცურიანი ძალიან ამაღელვებლად მოგვიყვა მის მიერ განვლილ გზაზე. ასევე, საინტერესო იყო მწვრთნელ ლევან ცინცაძის მიერ თავისი შეგირდის დათა ფუტკარაძის შესახებ მონათხრობი, რომელმაც (მოზარდობაში) 40 შეხვედრის წაგების შემდეგ, მაინც არ დაანება თავი სპორტის ამ სახეობას და საბოლოოდ, გვყავს მაღალი ტიტულების მქონე სპორტსმენი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას მნიშვნელოვან ტურნირებზე იცავს.
მანანა ძიძიშვილი